ტრამპმა კიდევ 10 დღით გადადო ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიარაღებული ძალები არ დაარტყამენ ირანის ელექტროსადგურებს.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის ოფიციალურ გვერდზე 26 მარტს დაწერა, რომ „ირანის მთავრობის თხოვნით“ ელექტროსადგურების „დანგრევის პერიოდს“ აჩერებს აღმოსავლეთის დროით 6 აპრილის საღამოს რვა საათამდე.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მოლაპარაკებები გრძელდება და „ფეიკ მედიის“ და სხვა წყაროების მცდარი განცხადებების მიუხედავად, „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

„ირანის მთავრობის თხოვნით“ ელექტროსადგურებზე დარტყმის კიდევ ათი დღით გადადების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა მოლაპარაკებების შუამავლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანს ენერგოობიექტებზე დარტყმების ათი დღით გადავადება არ უთხოვია. გამოცემის წყაროთა თანახმად, თეირანს ჯერჯერობით არ გაუცია საბოლოო პასუხი ომის შეწყვეტის 15-პუნქტიან გეგმაზე, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად წარმატების შანსი დაბალია, რადგან მხარეებს ერთმანეთისთვის მიუღებელი პირობები აქვთ.

  • ამ კვირაში მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გადასცა 15 პირობა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა.
ასევე ნახეთ ირანმა უარყო ომის დასრულების ამერიკული გეგმა - მედია
  • 22 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში თეირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნიდა. ირანი საპასუხო ქმედებებით დაიმუქრა.
  • 23 მარტს ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს დაავალა ხუთი დღის ვადით გადადოს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რადგან ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
  • ირანის ხელისუფლებამ მოლაპარაკება უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ განიხილავდნენ პაკისტანის შუამავლობით მიღებულ წინადადებებს.
  • 25 მარტს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ირანელები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევა სურთ, მაგრამ ეშინიათ, რომ ეს თქვან.
ასევე ნახეთ რა წერია ირანის სამშვიდობო გეგმაში? - ვაშინგტონის და თეირანის ვერსიები
  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ასევე ნახეთ "ვაშინგტონ პოსტი": პენტაგონი ირანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციების გეგმებზე მუშაობს- ლაივბლოგი