ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ დაწყებული „გზის გადაკეტვის“ საქმეზე გადაწყვეტილება ერთ თვეში გამოცხადდება

ნინია კაკაბაძე

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ დაწყებული („გზის ხელოვნურად გადაკეტვა“) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილებას 21 აპრილს გამოაცხადებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 მარტს განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა 2025 წლის 3 ნოემბრის ღამეს, როცა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციას აშუქებდა, შეკრებისა და მანიფესტაციების წესი დაარღვია.

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის ბოლო ცვლილებებით, „დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. ამისთვის 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.
  • ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
ასევე ნახეთ „როგორც ცნობილი კრიმინალი, ისე დამაკავეს“ - ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ ნინია კაკაბაძე, 2025 წლის 3 ნოემბერს გზას კეტავდა. მას მოსამართლემ ჰკითხა, შენიშნა თუ არა, რომ ის იღებდა კადრებს, ან იდენტიფიცირდებოდა თუ არა, რომ ის ჟურნალისტი იყო.

პოლიციელმა თქვა, მან გზაზე გადასვლის დროს დაინახა, რომ ნინია კაკაბაძეს ხელში ეჭირა ტელეფონი და იღებდა და ასევე იყო მომენტი, როცა ამას არ აკეთებდა.

მანვე ნინია კაკაბაძეს უთხრა, რომ “აქციის სხვა მონაწილეებს მიგამსგავსეთო”.

“ვთქვათ, რომ ჰქონდა ბეიჯი (პრესბარათი) მოქალაქეები გადაწყვეტენ გზის გადაკეტვას და 50 ადამიანს უკეთია ბეიჯი... ისმის პოლიციის მოწოდება, რომ დატოვონ გზა, რადგან მოძრაობა არ შეჩერებულა, ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი? არ უნდა გამოავლინოს მოქალაქეები? უბრალოდ ბეიჯის კეთება პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”, - თქვა შსს-ს იურისტმა სალომე ჯინჯოლავამ.

მან დაამატა, რომ "ჩვენი შეფასებით, არ იყო ეს ჟურნალისტური საქმიანობა, ეს იყო აქციაში მონაწილეობა”.

მოსამართლის შეკითხვაზე "რას ითხოვთ?"

შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა: "პატიმრობის გამოყენებას, მაგრამ რადგან ჰყავს 12 წლამდე შვილი, გადაწყვიტოს სასამართლომ".

ნინია კაკაბაძემ, სხდომაზე თქვა, რომ აქციაზე ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, "10-წამიანი კადრიც კი არ არსებობს, სადაც მობილური არ მიჭირავს ხელში და არ ვიღებ", მისი სიტყვებით, ყოველ დღე დადიოდა პარლამენტთან იმისთვის, რომ გადაეღო, ხომ არ ილახებოდა სხვა ჟურნალისტების უფლებები "იმ დღეს აღმოჩნდა, რომ მე შემემთხვა ის, რის გადასაღებადაც დავდიოდი", - თქვა ნინია კაკაბაძემ.

საქმეზე გადაწყვეტილება 21 აპრილს 11:45 საათზე გამოცხადდება.

ნინია კაკაბაძის რეპლიკაზე, რომ მაგ დღეს საქართველოში არ იქნება, მოსამართლემ უპასუხა - "არა უშავს" გადაწყვეტილებას გაიგებს.

ასევე ნახეთ მოსამართლემ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის „ტროტუარზე დგომის“ საქმე​

მანამდე მოსამართლე დავით მაკარიძემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება.

ასევე ნახეთ მოსამართლემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე

ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვა საქმეები

  • შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“ მუშაობის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო ნეტგაზეთის ჟურნალისტის ადმინისტრაციული დევნის გამო. საქმეს იგივე მოსამართლე დღეს, 27 მარტს განიხილავს.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია „ტაბულის“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ. მას 7 თებერვლის „შაბათის მარშის“ გაშუქების დროს კანონის დარღვევას ედავებიან.

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

მაგალითად, გუშინ, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მარიამ მაძღარაშვილს.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.

კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).