რუსეთის ხელისუფლება „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას“ უწოდებს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკის ოლქს, სადაც ჯერ ადგილობრივ სეპარატისტებს უწევდა სამხედრო დახმარებას, შემდეგ მათ მიერ 2014 წელს გამოცხადებული ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან შვიდ თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს კი ლუგანსკი რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ მოკლე განცხადებაში, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გაათავისუფლეს“ საჯარისო დაჯგუფების, „დასავლეთის“ ქვედანაყოფებმა.
უკრაინას, რომელიც რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლუგანსკის ოლქის დაახლოებით 1%-ს აკონტროლებს, რეგიონის სრულად დაკარგვის შესახებ არ განუცხადებია.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთმა ახალი მოთხოვნები გამოთქვა დონბასთან მიმართებით- ლუგანსკის „გათავისუფლების ოპერაციის წარმატებით ჩატარების“ შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოახსენა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
- რუსეთის ხელისუფლების მიერ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მეთაურად დანიშნულმა ლეონიდ პასეჩნიკმა 2025 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ ლუგანსკი „სრულად, 100%-ით გათავისუფლებულია“.
- 2025 წლის აგვისტოში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკის დაახლოებით 99,7%-ს აკონტროლებენ.