"ჩემი გვირგვინი! ჩემი გვირგვინი!" - ბირგიტა ტროტციგის დამზაფვრელი "დედოფალი"

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

"ჩემი გვირგვინი! ჩემი გვირგვინი!": ბირგიტა ტროტციგის დამზაფვრელი "დედოფალი"

„ამ მიწაზე მას დედოფალი დაარქვეს. და იგი იყო ძონძების დედოფალი, ჩამოწოლილი, ობმოკიდებული სახურავების დედოფალი, არაფრის დედოფალი“.

ასე აღწერს შვედი მწერალი, ბირგიტა ტროტციგი, თავისი ნაწარმოების გმირს, გამეხებულ, პირქუშ და ჯიუტ ქალს, იუდიტს - რომელიც ბალტიის ზღვასთან, ნაცრისფერ სოფელში ცხოვრობს და რკინის ხელით მართავს გაჩანაგების პირას მისულ მეურნეობას. იუდიტის სოფელში ცა მოთეთროა - „ისეთი მდუმარე, როგორც ჩამქრალი თვალის გარსის ბრმა რძისფერი”. აქ „ბავშვებმაც იციან, რომ დუმილი ოქროა ... ზამთრობით აქ ზღვა ლაპარაკობს - და ადამიანს რაღა დარჩენია სათქმელი“. იუდიტი ცხრა წლის გოგო იყო, როცა დედის, მამის და ორი უმცროსი ძმის მომვლელი და საყრდენი გახდა - იმიტომ რომ სოფლის ყოფის სიმძიმესა და სინაცრისფრეს მის გარდა, სხვამ ვერავინ გაუძლო. და ამიტომ ის ბავშვობიდანვე გახდა ძლიერი და ჯიუტი - ამაყი და გაუტეხელი დედოფალი.

ბირგიტა ტროტციგი

ბირგიტა ტროტციგის ეს შედევრი, სათაურით „დედოფალი“, შვედურ ენაზე 1964 წელს დაიბეჭდა, თუმცა ინგლისურად ის მხოლოდ ახლა, ამ წლის თებერვალში გამოსცეს. რაც, თავისთავად, უცნაური ამბავია, რადგან ტროტციგი, თავისი ინტენსიური, პოეტური პროზით, მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მის მგრძნობელობას უკავშირებენ დოსტოევსკის, კირკეგორს, ბეკეტს, ინგმარ ბერგმანს, პაულ ცელანს, ნელი ზაქსს, კიდევ უფრო ხშირად - ფრანც კაფკას, ასევე ქრისტიან მისტიკოსებს - იოანე ჯვრისას, სიმონ ვეის. აღფრთოვანებული კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტროტციგის ტექსტები ერთდროულადაა არქაულიც და მოდერნისტულიც, ლირიკულიც და რიტმულიც, რეალისტურიც და ზმანებისეულიც, ლოკალურიც და უნივერსალურიც, მისტიკურიც და ანარქიულიც. ბირგიტა ტროტციგი წერდა ბუნებაზე, ხრწნაზე, ტანჯვაზე, სიღატაკეზე, გადარჩენაზე, რწმენაზე, გამოიხმობდა მითების და თქმულებების სიმბოლოებს, თავისი მუქი, მისტიკური, მფეთქავი ენით ცდილობდა მოეცვა ადამიანის გამოცდილებების ართქმული, გამოუთქმელი, მიუღწეველი შრეები. და წერდა ქალებზე - მათ მღელვარებაზე, მწუხარებაზე, შემოქმედების ვნებაზე, თაობებს შორის გადაცემულ ტრავმებზე, ორსულობაზე, მშობიარობაზე, დედობაზე და უდედობაზე.

„დედოფალი“ თხელი, მინიატიურული წიგნია, რომელიც მითური ეპოსის მასშტაბს იტევს. ამ წიგნს „მარტოობის ას წელსაც“ ადარებენ ხოლმე - ოღონდ სიცხისა და მაგიური რეალიზმის გამოკლებით, რადგან გარსია მარკესის რომანის მსგავსად, აქაც ერთი ოჯახის, ლინდგრენების აღმასვლისა და უბედურების ამბავს ვკითხულობთ. ტროტციგი თითქოს საკრალურ სინათლეს ჰფენს შვედეთის პირქუშ მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა სულებს, თითქოს მიღმური პერსპექტივიდან გვიყვება უტყვი და გულჩათხრობილი ხალხის წამლეკავ და დამანგრეველ ემოციებზე. ამ თხელ წიგნში, რომელიც იწყება ლიტერატურის ისტორიისთვის საბაზისო ფაბულით - სოფელში იდუმალი უცხოს ჩამოსვლით - ერთმანეთს სულ მუქი კალეიდოსკოპივით ენაცვლება სველი მიწა, ნაცრისფერი ზღვა, ქვები, ცეცხლი, ვნებები, დატირება, ჰიმნი, სიყვარული, მარტოობა და ბედისწერა.

ძალიან მინდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საოცარი მწერლის წიგნებს საქართველოშიც მოჰკიდებენ ხელს შვედური ენის მცოდნენი - ტროტციგის პოეტური პროზის თარგმნა რთული, მაგრამ თან უდიდესი სიამოვნების მომგვრელი გამოცდილება იქნება. და საჭირო გამოცდილება - რადგან მისი „დედოფალი“ მაინც აუცილებლად და მალე უნდა წავიკითხოთ ქართულ ენაზე.

მანამდე კი „დედოფალზე“ აქ ვილაპარაკებთ - პოდკასტში „ასათიანის კუთხის წიგნები“. შევეცადე სწორი ციტატები მეთარგმნა საიმისოდ, რომ ტროტციგის უნიკალური ენა ოდნავ მაინც მომეხელთებინა, და მონტაჟითაც ვეცადე ამ წიგნის დამზაფვრელი ატმოსფეროს გამოხმობას.