მეუღლის ცნობით, ბაქოში ჟურნალისტი სადიგოვი დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს

„თუმცა, რადგან ამჟამად მასთან პირდაპირი კონტაქტი არ შემიძლია, მისი დაკავების მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს სევინჯ სადიგოვა.

საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა, გამოუშვეს, - ამბობს ჟურნალისტის მეუღლე, სევინჯ სადიგოვა.

თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ჟურნალისტი ორმა პოლიციელმა წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, - თუმცა კონკრეტულად სად, არ იცოდა.

„დაზუსტებით ვიცი, რომ ნამდვილად პოლიციელებმა დააკავეს და პოლიციის ფორმაში იყვნენ“, - თქვა მან თავდაპირველად.

მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ბოლოს მიღებული ინფორმაციით, ჟურნალისტი განყოფილებიდან გამოუშვეს.

„თუმცა, რადგან ამჟამად მასთან პირდაპირი კონტაქტი არ შემიძლია, მისი დაკავების მიზეზის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, - წერს ის.

სევინჯ სადიგოვა ორ მოზარდ შვილთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.

მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „საკმაოდ სერიოზული საფუძველი არსებობს იმისთვის“, რომ შეშფოთებული იყოს ქმრის გარშემო შექმნილი გარემოებების გამო.

„ყველაფერი, რაც დღემდე განვიცადეთ, ასევე ადასტურებს, რომ ჩვენი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დადგა და განადგურდა“, - წერს ის.

ასევე ნახეთ

მეუღლის ცნობით, ბაქოში დააკავეს საქართველოდან გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

ადვოკატის განმარტება

მოგვიანებით აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განმარტა, რომ:

  • „ჟურნალისტის თანახმად, იგი ქუჩაში იყო, როდესაც მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ;
  • შემდეგ მასთან მივიდა მილიცია და განუცხადა, რომ ის იძებნებოდა და მილიციის განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა.
  • ადგილზე მას არ აუხსნეს გადაყვანის მიზეზი და მასაც და მის ნათესავსაც დაკავების შთაბეჭდილება შეექმნათ“.

მიქელაძის თქმით, სადიგოვის მონათხრობის თანახმად, განყოფილებაში გაირკვა, რომ ის ძებნილთა სიაში ძველი საქმის გამო კვლავ იყო ასახული, რის გამოც მის მიმართ ამ სიიდან ამოშლისა და შესაბამისი შემოწმების პროცედურები გაატარეს.

„დაახლოებით 40 წუთში ის მილიციის განყოფილებიდან გამოუშვეს“, - წერს მიქელაძე.

სადიგოვის გაძევება

წინა დღეს, 2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.

  • ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
  • ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ;
  • სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
  • გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.

სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.

ასევე ნახეთ

„მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს“ - ალიევი ყაველაშვილსა და კობახიძეს შეხვდა, შეხვდება ივანიშვილსაც

შეფასებები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

„სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის ავლისთვის“, - აცხადებს საია.

საიას შეფასებითვე, აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს მოქმედებათა თანხვედრა „მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენს როგორც რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს“.

ასევე ნახეთ

ევროპული კონვენციის და კანონმდებლობის დარღვევაა - საია ჟურნალისტ სადიგოვის გაძევებაზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ სადიგოვის გაძევებას ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილიც და ოპოზიციური პარტიებიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, დააკვირდნენ სადიგოვის გაძევების საქმეს.


ასევე ნახეთ

ოპოზიციური ალიანსი და ზურაბიშვილი სადიგოვის საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების როლზე საუბრობენ
  • აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
  • სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს.
  • წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.