Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს“ - ალიევი ყაველაშვილსა და კობახიძეს შეხვდა, შეხვდება ივანიშვილსაც

ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდა, მას დღეს უმასპინძლებს ბიძინა ივანიშვილიც.
ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შეხვდა, მას დღეს უმასპინძლებს ბიძინა ივანიშვილიც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, - რომელიც დღეს მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ეწვია საქართველოს, - შეხვედრები გამართა მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.

ის დღეს ასევე შეხვდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს“, - განაცხადა ალიევმა 6 აპრილს თბილისში ვიზიტისას ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენციისას.

ილჰამ ალიევის ვიზიტამდე დღე-ნახევრით ადრე საქართველომ, ნაშუაღამევს გამართული სასამართლო სხდომის შედეგად, ქვეყნიდან გააძევა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან სადიგოვი.

შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს და უწოდა მას „საქართველოს ძვირფასი მეგობარი“, რომლის მიღებაც „განსაკუთრებული პატივია“.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

თავდაპირველად, ტრადიციულად, ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მის „დინამიურ განვითარებაზე“ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ის კიდევ ერთხელ მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს, „ახალ ინიციატივებს“ და მზადყოფნა გამოხატა დიალოგის ხელშეწყობაში.

„ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის“.

მისივე თქმით, რეგიონული ცვლილებები ზრდის „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას.

„ახალი რეალობა“ და „სტაბილურობა“

ილჰამ ალიევმაც მადლიერების გამოხატვით დაიწყო სიტყვა და თქვა: „ყოველთვის დიდ პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა“.

მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი „ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან განმსჭვალულნი“.

პრეზიდენტმა ალიევმა შეაქო „ქართული ოცნების“ მთავრობა და პრემიერ კობახიძეს მიმართა:

„თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

მან დადებითად ისაუბრა ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ინვესტიციებსა და ენერგეტიკაზე.

„დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ პროექტებზე როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა განვიხილოთ მესამე ქვეყნებში საერთო ინვესტიციები“, - თქვა მან, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

მისი განცხადებითვე, ისაუბრეს „სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ რეალობაზე“.

„ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ აქცენტირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები. ჩვენთან ეს არ უნდა დაირღვეს… მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს“, - განაცხადა მან.

„ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მათ მხოლოდ ზოგადად თქვეს, რომ „რეგიონში მიმდინარე“ საკითხებზე ისაუბრეს. კონკრეტულად არ დაუსახელებიათ, ისაუბრეს თუ არა ირან-ისრაელის ომზე.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში

ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა.

ალიევს თან ახლდა:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი,
  • პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი,
  • ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი,
  • ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი
  • ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი.

ირაკლი კობახიძეს კი თან ახლდა:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
  • ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
  • ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
  • ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

მანამდე ილჰამ ალიევი შეხვდა თავის კოლეგას, მიხეილ ყაველაშვილს. მისი ადმინისტრაციის გავრცელებული ცნობის თანახმად:

ყაველაშვილმა თქვა, ორ ქვეყანას შორის „მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია“.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა მან.

მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

ასევე მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო ბაქოში, საქართველოს საელჩოში მისვლისა და „გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG