ჰეგსეთი "ეპიკურ მრისხანებას" აცხადებს ისტორიულ სამხედრო გამარჯვებად: იქ ვრჩებით, არსად მივდივართ

პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. პენტაგონი. 8 აპრილი, 2026 წელი.

აშშ-ის თავდაცვის (ომის) მინისტრი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ "ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ იყო ისტორიული და ყოვლისმომცველი გამარჯვება ბრძოლის ველზე. დიდი ასო V-თი - სამხედრო გამარჯვება!" და ამ ოპერაციამ ბრძოლისთვის არაეფექტიანად აქცია ირანის სამხედრო ძალა მომდევნო წლების პერსპექტივაში:

"ორმოც დღეზე ნაკლებ დროში, ჩვენმა ერთმა ცენტრალურმა საბრძოლო სარდლობამ, ამერიკის მთლიანი საბრძოლო სიმძლავრის 10%-ზე ნაკლების გამოყენებით, გაანადგურა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ძალა. მსოფლიოში ტერორიზმის სპონსორი მთავარი სახელმწიფო აღმოჩნდა უკიდურესად უუნარო დაეცვა საკუთარი თავი, თავისი ხალხი დაა ტერიტორია.

ჩვენ გამოვიყენეთ მხოლოდ ნაწილი ჩვენი ძალის და ირანმა განიცადა გამანადგურებელი სამხედრო მარცხი".

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა 8 აპრილს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგაც, აშშ-ის ძალები რჩება ადგილზე, რომ უზრუნველყოს თეირანთან გარიგების დაცვა:

"ჩვენ იქ ვრჩებით. არსად მივდივართ. ვაპირებთ იმის უზრუნველყოფას, რომ ირანმა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა, საბოლოოდ კი დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დადოს შეთანხმება. ასე რომ, ვრჩებით მზადყოფნაში, ფხიზლად. ჩვენი ჯარები მზად არიან თავდაცვისთვის, მზად არიან თავდასხმისთვის, რესტარტისთვის - შეტყობინებისთანავე".

ჰეგსეთის სიტყვებით, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია და აშშ აკვირდება სრუტეში ტანკერების მოძრაობის უწყვეტობას. ამასთან, აცხადებს, რომ "დადგა დრო, დანარჩენმა მსოფლიომ უზრუნველყოს, რომ სრუტე ღია დარჩეს".

ასევე ნახეთ

ტრამპი დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა“ ორი კვირით შეაჩეროს

ვიდრე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებდა, აშშ-ის თავდაცვის (ომის) მინისტრმა განაცხადა, რომ სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ირანს "ვადებს დაუთქვამდნენ და გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებდნენ", დონალდ ტრამპმა იმოქმედა და "შექმნა ისტორია":

"პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი: ირანი იხვეწებოდა ამ ცეცხლის შეწყვეტას და ჩვენ ყველამ ვიცით ეს".

ჰეგსეთის თანახმად, აშშ-მა ისრაელელ პარტნიორებთან ერთად "მიაღწია თავის ყველა მიზანს - გეგმის, განრიგის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრული იყო პირველივე დღიდან:

ირანის საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა - იქნება ეს "სოლეიმანის" კლასი, ფრეგატის კლასი, მათი ნაქები ავიამზიდები, წყალქვეშა გემები, ნაღმების დამდებები ჩაიძირა.

ირანის საჰაერო ძალები განადგურდა. ირანს აღარ გააჩნია არანაირი სახის მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენ ვფლობთ მათ ცას.

მათი სარაკეტო პროგრამა ფუნქციურად განადგურებულია. გამშვებები, წარმოების საშუალებები და მათი არსებული მარაგები გამოლეული და ცარიელია".

ჰეგსეთმა დააზუსტა, რომ გასულ ღამით 800-ზე მეტი დარტყმით აშშ-მა დაასრულა "ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის ბაზის განადგურება. ეს იყო ჩვენი მისიის მიზნის მთავარი სვეტი".

პენტაგონის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ ირანს "ჯერაც შეუძლიათ სროლა, ჩვენ ეს ვიცით. მათი სარდლობა და კონტროლი იმდენად განადგურებულია, მათ საუბარი და კოორდინაციაც კი არ შეუძლიათ. ასე რომ, მათ შეუძლიათ ისროლონ აქა-იქ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან არაგონივრული იქნება".

ასევე ნახეთ

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანზე შეტევა შეწყვიტა, მაგრამ ჰეზბოლაზე დარტყმებს განაგრძობს

მან თქვა, რომ ირანს აღარ შეუძლია რაკეტების, მათი გამშვები დანადგარებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა:

"მათი ქარხნები მიწასთან არის გასწორებული. ისტორიული უკუსვლა განიცადეს. ირანს ჩვენს პირობებზე უარი რომ ეთქვა, შემდეგი სამიზნეები იქნებოდა მათი ელექტროსადგურები, ხიდები და ნავთობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლების დაცვასაც ისინი ვერ შეძლებდნენ. და რეალისტურად, ვერ აღადგენდნენ. ამისთვის ათწლეულები დასჭირდებოდათ. ჩვენ ამ თავდასხმებისთვის მზადყოფნაში ვიყავით და ისინი ამას წინ ვერ აღუდგებოდნენ.

პრეზიდენტ ტრამპს შეეძლო ირანის მთელი ეკონომიკა წუთებში გაენადგურებინა, მაგრამ მან არჩია ყოფილიყო მოწყალე. მან დაზოგა ეს სამიზნეები, რადგან ირანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას საყოველთაო ზეწოლის შედეგად.

ირანის ახალი რეჟიმი მიხვდა, რომ შეთანხმება ბევრად სჯობდა იმას, რაც მათ ელოდა".

ჰეგსეთმა 8 აპრილის ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა ირანის "ახალი რეჟიმი", რომელიც აშშ-ის მიერ წინამორბედი მაღალჩინოსნების განადგურების გამოცდილებამ აიძულა ცეცხლის შეწყვეტაზე წასულიყო:

"ამ ახალმა რეჟიმმა უბრალოდ ნახა, რაც დაემართათ მათ წინამორბედებს. მათი უმაღლესი ხელისუფლება სისტემატურად ნადგურდებოდა. ირანის წინა უმაღლესი ლიდერი მკვდარია. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მკვდარია. უმაღლესი ლიდერის მრჩეველი მკვდარია. უმაღლესი ლიდერის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი მკვდარია. თავდაცვის მინისტრი აღარ არის. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სარდალი მკვდარია. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მკვდარია. დაზვერვის მინისტრი მკვდარია. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების სარდალი აღარ არის, IRGC-ს დაზვერვის უფროსი მკვდარია. უამრავი გამოვტოვე და შემიძლია გავაგრძელო, ახალი ე.წ. უმაღლესი ლიდერის დაჭრითა და დასახიჩრების ჩათვლით".

ჰეგსეთის სიტყვებით, ირანის "ახალ რეჟიმს არ ჰქონდა არც არჩევანი და არც დრო. ამიტომაც, დათანხმდნენ გარიგებას. მათ იციან, რომ ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობებით, რაც კი ბირთვული მასალა აქვთ, იქნება გატანილი. ნებისმიერი მასალა, რაც არ უნდა გქონდეთ, იქნება მოცილებული".

პენტაგონის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ 24/7-ზე რეჟიმში მიმდინარეობს მეთვალყურეობა ბირთვულ მასალაზე - მტვერზე, რომელიც "ღრმად არის დამარხული".

ასევე ნახეთ

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ჰეგსეთმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ოპერაცია "ეპიკური მრისხანებით" მოხერხდა ირანის დამარცხება:

"ირანელები არიან შეურაცხყოფილები და დემორალიზებულები. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ ბედს და არა პირიქით. ამიტომაც მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ირანის დამარცხება არის ამერიკის შურისძიება თითოეული ამერიკელისთვის, რომელიც ირანის ტერორს ემსხვერპლა".

მას შემდეგ, რაც, 7 აპრილს, ირანის ენერგო და საწარმოო ინფრასტრუქტურის, ხიდების განადგურების მუქარის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, მან კვლავ დაპოსტა Truth Social-ზე:

"დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, საკმარისად იგემეს! დანარჩენებმაც! აშშ ხელს შეუწყობს ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენას. უამრავი დადებითი მოქმედება იქნება! დიდი ფული გაკეთდება. ირანს შეუძლია დაიწყოს აღდგენის პროცესი. ყველანაირად მოვამარაგებთ და "აქვე ვტრიალებთ" იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერი კარგად არის. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა და გამოთქვა რწმენა, რომ შესაძლოა დაიწყოს "ახლაო აღმოსავლეთის ოქროს ხანა".