ისრაელის არმიის ავიაციამ 8 აპრილს ლიბანში ისევ დაბომბა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას პოზიციები. თავის მხრივ, ჰეზბოლამ ისრაელზე მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა.
- მას შემდეგ, რაც 7 აპრილს აშშ და ირანი დასთანხმდნენ პაკისტანის წინადადებას ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავს.
- ისრაელმა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო და ამ ოპერაციის ფარგლებში ლიბანშიც ბომბავს ჰეზბოლას ობიექტებს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება.
ისრაელის არმიამ 8 აპრილს გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივებით ირანზე დარტყმები შეწყვიტა, მაგრამ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს „ტერორისტული ორგანიზაცია" ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 აპრილს დილით, ქვეყნის სამხრეთში, სიდონის რაიონში ისრაელის ავიადარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.
CNN-ის ცნობით, 8 აპრილს ჰეზბოლამ განაცხადა, რომ დილით ისრაელზე შეტევა ორჯერ მიიტანა.
8 აპრილს ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით არაბულ ენაზე მიმართა ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტირის მცხოვრებთ და გააფრთხილა, რომ ჰეზბოლას პოზიციებზე მოსალოდნელი მორიგი დარტყმის გამო ტერიტორია უნდა დატოვონ და ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლონ.
- ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელის გარდა, ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.
ფორუმი