ევროპარლამენტში მოითხოვენ პრორუსი დეპუტატებისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას

ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში

ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართა, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა და ოფიციალური საქმიანობა შეუზღუდონ პრორუსულად განწყობილ დეპუტატებს და მათი ოფისები შემოწმდეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილი წერილი 9 აპრილს გამოაქვეყნა ლიეტუველმა დეპუტატმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

მიმართვის საფუძველია ევროპარლამენტარების შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ცნობებს უნგრეთის მთავრობიდან რუსეთში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის შესახებ.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მსგავსი რისკი ევროპარლამენტშიც არსებობს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი: უნგრეთმა სასწრაფოდ უნდა ახსნას ცნობები რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემაზე

ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფი აცხადებს, რომ რისკების აღკვეთის საკითხი არაერთხელ დაისვა, მაგრამ არანაირი არსებითი ცვლილება არ მომხდარა და პრორუსულად განწყობილ დეპუტატებს ისევ აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ სხდომებს და თანამშრომლები დაიქირაონ შესაბამისი შემოწმების გარეშე.

დეპუტატები, რომლებმაც ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართეს, მიიჩნევენ, რომ მსგავსი ვითარება ქმნის შესაძლებლობას, რუსეთს გადაეცეს კონფიდენციალური ინფორმაცია, კერძოდ, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დეტალები.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერს ათი დეპუტატი, რომელთა შორის არიან ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტების ჯგუფის, ლიბერალების, მემარცხენეების და „მწვანეების“ წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ

მარინ ლე პენისა და ორბანის მხარდამჭერები ევროპარლამენტში გაერთიანდნენ