როსელინიმ სიცოცხლე აირჩია

რობერტო როსელინის 1950 წლის ფილმი „ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი“

„ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი“ (1950, იტალია, რეჟისორი რობერტო როსელინი)

ამას წინათ REDDIT- ზე რაღაც გამოკითხვას გადავეყარე. მარტივი კითხვა იყო - „რომელმა წიგნმა დაგარწმუნა ღმერთის არსებობაში?“... ხომ წარმოგიდგენიათ, ამას როგორი პასუხები მოჰყვებოდა? მგონი, მწერალი არ დარჩა, რომელიც არ გაიხსენეს. მათ შორის, გაქანებული ათეისტებიც კი. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა პასუხმა, რომელიც ძალიან მართალი მგონია - „ნიკოს კაზანძაკისის „ღვთის გლახა“ - ასიზელის მოგონილი ბიოგრაფია. ეს წიგნი, უბრალოდ, დაგანახებთ ღმერთს“, - წერდა ახალგაზრდა ქალი ესტონეთიდან.

„ბუმბულის ბალიშში ჩაეფლო. კანკალებდა. მიბნედილი თვალები გადაატრიალა. შეშინებული ჩაჰყურებდა თავის შიგანს და ნიკაპი უცახცახებდა.

მაშინვე მივხვდი.

- ღმერთი დაინახე, - შევყვირე, - ის დაინახე!

მკლავში მტაცა ხელი:

- საიდან იცი? - მკითხა გულამოვარდნილმა, - ვინ გითხრა ეს?

- არავინ, მაგრამ ვხედავ, როგორ კანკალებ. ასე მხოლოდ ის კანკალებს, ვინც მოულოდნელად ლომს ან ღმერთს გადააწყდება.

თავი ბალიშიდან წამოსწია:

- არა, არ მინახავს, - ჩაიბურდღუნა, - მისი ხმა გავიგონე.

დამფრთხალმა ირგვლივ მიმოიხედა.

მაია კაკაშვილის მიერ თარგმნილი წიგნის ამ პატარა ფრაგმენტშიც ჩანს, რომ კაზანძაკისის ენა უაღრესად კინემატოგრაფიულია, თუმცა ბერძენი გენიოსის ვიზუალური სახეები კლასიკურ კინოს მაინც ნაკლებად მიეკუთვნება. „ღვთის გლახა“ მაგონებს რობერტო როსელინის ნაკლებად ცნობილ შედევრს „ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი“, ასევე თითქმის გამოგონილ ბიოგრაფიას კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის, ფრანცისკე ასიზელისა.

ასევე ნახეთ

ქანცგაწყვეტილი ირანი

ცხოველთა მფარველი წმინდანის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, თუმცა როსელინისთვის, როგორც ნეორეალიზმის დამფუძნებლისთვის, ასიზელის ბიოგრაფიაში ორი თემა აღმოჩნდა ყველაზე ახლობელი - სიღარიბე და ხილვის (თუ დანახვის) უნარი. შესაბამისად, ასიზელის ბიოგრაფიიდან ამოვარდა ყველაფერი, რაც როსელინის ნაკლებად აინტერესებს. ფილმი არაფერს გვიყვება ასიზელის ბავშვობაზე, იმაზე, თუ რა უძღოდა წინ მის ბერად აღკვეცას. „ნეტფლიქსის“ ბაიოპიკებზე გაზრდილ თაობას რეალური ადამიანის ცხოვრების ასეთი ფორმით გამოხატვა მეტისმეტად უჩვეულო მოეჩვენება. ამიტომ ფილმის ყურების დროს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ „ფრანჩესკოს“ ფონია ომისშემდგომი იტალია, შიმშილი, უმუშევრობა... ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კათოლიკე წმინდანის ცხოვრება აღბეჭდა „რომი ღია ქალაქის“, „პაიზას“, „სტრომბოლის“ ავტორმა, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა „დადგმულ კინოს“, კოსტიუმირებულ, „დეკორატიულ“ სანახაობას.

„ფრანჩესკო“ თითქოს ნეორეალიზმის ლოგიკური გაგრძელებაა - არაპროფესიონალი მსახიობებით (როლებს თავად ფრანცისკანელი ბერები ასრულებენ), ამბის ეპიზოდებად დაყოფით, ყოველდღიურობის შეულამაზებელი ასახვით… მაგრამ სინამდვილეში — ნეორეალიზმისგან გადახვევაცაა. აქ აღარ არის ომისშემდგომი სოციალური ტრავმის პირდაპირი აღბეჭდვა, რაც ძალიან უყვართ ნეორეალისტებს, აღარ არის გაძლიერებული დრამატული ინტონაციები. ფაქტობრივად, “ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი” ბურლესკია, რომლის პერსონაჟები, ფრანცისკანელი ძმები საერთოდ არ ჰგვანან ამაღლებულ, “განსულიერებულ” ასკეტებს.

ისინი უფრო მეტად კლოუნები არიან, “ღმერთის მენესტრელები” პირდაპირი მნიშვნელობით: უმწეონი, გულუბრყვილონი. როსელინი თითქოს ცდილობს წმინდანებს პათოსი და ამაღლებულობა ჩამოაშოროს, დაუბრუნოს ადამიანობა. ამიტომაც სიწმინდე, უმანკოება, ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა წარმოდგენილია არა როგორც რაღაც მორალური ეტალონი, არამედ როგორც სისუსტე და თავმდაბლობა. ნეტარი ძმები მეტისმეტად გულუბრყვილოდ აღიქვამენ ფრანჩესკოს სასწაულებს. ბავშვებივით! და რას აკეთებს როსელინი? აღფრთოვანებულია ამ ხალხით და თანაც, ცოტათი დასცინის... უფრო სწორად, იცინის. ეცინება ამ მოხტუნავე, ნეტარ ბერებზე, სულ მცირედიც კი რომ აბედნიერებთ და ახარებთ. ეცინება ადამიანის სურვილზე, გახდეს წმინდა და ადამიანების სურვილზე, ჰყავდეთ წმინდანი. ყველაფერი სიგიჟის ზღვარზეა და ხანდახან შეიძლება გაიფიქროთ, რომ როსელინი კათოლიკური ეკლესიის ფრთხილ კარიკატურას ქმნის. ფრანჩესკო მისთვის „სიცოცხლის წმინდანია“. არ დაგვავიწყდეს, რომ თავისი საუკეთესო სტატია, რომელიც რობერტო როსელინის მიუძღვნა, ფრანსუა ტრიუფომ ასე დაასათაურა - „როსელინი უპირატესობას ანიჭებს სიცოცხლეს“.

ასევე ნახეთ

პიტერ ბრეიგელის ცირკი

“ფრანჩესკოში” როსელინი კინემატოგრაფიულ ენასაც უკიდურესად ამარტივებს: კამერა თითქმის უხილავია, მონტაჟი — ფუნქციური, კადრი - ასკეტური. რეჟისორი თითქოს ცდილობს სრულიად გაუჩინარდეს, ენდოს სინამდვილეს, რათა დარჩეს მხოლოდ ჟესტები, ხმები, ქარი, მიწა. ამ მინიმალიზმშია ფილმის “ეთიკური გზავნილი” — არანაირი მანიპულაცია, არანაირი დრამატურგიული ძალდატანება, არანაირი პედალი. ყველაფერი თითქოს თავისით ხდება.

ნეორეალიზმი, როგორც წესი, განიხილება ხოლმე როგორც სოციალური პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა კინოს ენა. ამ მხრივ “ფრანჩესკო” უფრო მეტად გვაჩვენებს ნეორეალიზმის მეტაფიზიკურ შესაძლებლობას: როგორ შეიძლება დაკმაყოფილდე რეალობის ყველაზე კონკრეტული ფორმებით და შეეხო ტრანსცენდენტურს ისე, რომ არ გახდე დეკლარაციული. როსელინიმ დაიწყო ასეთი კინოს გადაღება “სტრომბოლიში” და დაასრულა 50-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა თავის მეუღლეს და მუზას, ინგრიდ ბერგმანს, დაშორდა. მისმა ფილმებმა ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით ოდნავ გადაფარეს “ფრანჩესკო, ღმერთის მენესტრელი”, რომელიც უამრავი კინომოყვარულისთვის დღესაც უცნობია. არადა, ეს მცირებიუჯეტიანი შედევრი ფორმის და შინაარსის ჰარმონიის იდეალური ნიმუშია.

როსელინის გზავნილი მკაფიო და სწორხაზოვანია: „უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“... აქტუალურია, არა? როგორ შეიძლება ეს კინო არ დავაფასოთ?!


ფილმის ორიგინალური ვარიანტი ინგლისური სუბტიტრებით:


ფილმის ორიგინალური ვარიანტი, დუბლირებული რუსულ ენაზე: