„ყველაფერი კარგად იქნება“ - კატერინა დემეტრაშვილი

კატერინა დემეტრაშვილი პოდკასტში “შინ უცხოეთში“

კატერინა დემეტრაშვილი ამერიკაში - ტეხასში დაიბადა, მამით ქართველია, დედა თბილისელი რუსი ჰყავს, თვითონ პრაღაში ცხოვრობს, ჩეხეთში, ამ ქვეყნის პარლამენტის წევრია შარშან შემოდგომის მერე. მის პარტიას „მეკობრეები“ ჰქვია.

პოდკასტში „შინ უცხოეთში“ - ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ კატერინა დემეტრაშვილზე, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის წევრზე.

კატია ჩეხი პოლიტიკოსი, მაგრამ ქართველი ქალია, ასე შეიძლება ითქვას, თუ არა? განმიმარტავს:

„ეს ჩემი საყვარელი კითხვაა, როცა ვინმე მეკითხება, საიდან ხარო? ისე, კი ვიბნევი. რას გულისხმობენ, სად დავიბადე? სად მგონია ჩემი სამშობლო? საიდან მოდის ჩემი გენები? სად ვცხოვრობ ახლა, თუ სად ვიცხოვრე ადრე. სად გავიზარდე? იმიტომ, რომ ეს სხვადასხვა ადგილებია. და ყოველთვის ადამითა და ევათი უნდა დავიწყო, იმ ფაქტით, რომ დედაჩემი, რუსი, რომელიც საქართველოში გაიზარდა, და მამაჩემი, რომელიც ქართველია და საქართველოში გაიზარდა, შეერთებულ შტატებში შეხვდნენ ერთმანეთს. დამთხვევაა, რომ მღვდელმა გააცნო ისინი ერთმანეთს, რადგან ერთადერთი ქართველები იყვნენ, ვისაც იცნობდა. ამიტომ მან იფიქრა, რომ იდეალური წყვილი იქნებოდა და გააცნო ერთმანეთს. ასე რომ, მე ტეხასში, სან-ანტონიოში დავიბადე. არაფერი მახსოვს, რადგან ერთი წლის ასაკში დედაჩემთან ერთად ჩეხეთში გადმოვედი საცხოვრებლად და მამაჩემი იქ დარჩა და შემდეგ, მგონი, საქართველოში დაბრუნდა. ასე რომ, მე აქ ვიყავი დედაჩემთან ერთად, მისი ოჯახის ნაწილიც უკვე აქ იყო. მე, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება აქ გავატარე, აქ გავიზარდე. თავს ძალიან ინტეგრირებულ მიგრანტად ვგრძნობ. დაახლოებით ცხრა წელია, რაც პრაღაში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“.

კატიას ოჯახი პრაღაში გადმოვიდა პოდებრადიდან, მინერალური წყლებით ცნობილი პატარა საკურორტო ქალაქიდან.

სკოლაში ყველა რუსად მიიჩნევდა, რადგან დედა მართალია, საქართველოდან იყო, მაგრამ ეთნიკურად რუსი, რუსულად ესაუბრებოდა შვილს. პრაღაში ის მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. სამწუხაროდ, ქართულ მუსიკასთან შეხება არ ჰქონია, დედის ოჯახის მუსიკალურმა ტრადიციამ განსაზღვრა სკოლის არჩევა, თუმცა ქართველს ქართული მუსიკა უყვარს მიყვება, სულ ახლახან „სუხიშვილებზე“ ვიყავი, კარლოვი-ვარიში იყვნენ სტუმრად, საოცარი სანახაობა იყოო.

„ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დედამ წამიყვანა, რადგან მათი ოჯახის ტრადიციის თანახმად, ყველა ვალდებული იყო, დაეკრა ინსტრუმენტზე - ძირითადად ფორტეპიანოზე. მაგალითად, ჩემი ბებია გიტარაზე უკრავდა. ამიტომ, უბრალოდ საჭირო იყო, რომ რამეზე დამეკრა. დაახლოებით 8 წლის ასაკში რაღაც კონკურსში გავიმარჯვე. ამიტომ მირჩიეს საშუალო სკოლა, რომელიც მუსიკალურად ნიჭიერი ბავშვებისთვის იყო. მშვენიერი იყო, მაგრამ ძალიან შრომატევადი, რადგან ყველა რეგულარულ გაკვეთილზე დასწრება იყო საჭირო და ასევე მუსიკის კლასებზე ყოფნა. ამიტომ რეალურად დილის 9 საათზე მივდიოდით სკოლაში და საღამოს 5 საათზე ვამთავრებდი. ასე რომ, ფაქტობრივად, სკოლაში ვცხოვრობდით. მაგრამ ძალიან კარგი იყო“.

კატიამ იურისპრუდენცია აირჩია თავის მომავალ სფეროდ და რაც უფრო აქტუალური იყო, - ადამიანების თუ ამა თუ იმ ჯგუფის გაერთიანება, მათი ორგანიზება. მასზე წერენ, რომ სკოლაში ე.წ. პარლამენტს თავმჯდომარეობდა. სკოლაში პარლამენტობანას თამაში სხვაა, ჩეხეთის რესპუბლიკის, ნატოსა და ევროკავშირის წევრის, დეპუტატთა პალატის წევრობა კიდევ - სხვა. ჩეხურად კატიას - დეპუტატს, კანონმდებელს, პარლამენტის წევრს - „პოსლანკინე“ ჰქვია. მეტი ახალგაზრდა და მეტი ქალი პარლამენტში, ასეთი იყო შარშანდელი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება. ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატაში, პარლამენტის ქვედა პალატაში, 108 ხმა ეკუთვნის მმართველ კოალიციას, 92 ოპოზიციისაა.

„აქ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბოლო ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ ევოლუცია: სულ უფრო მეტ ადამიანს სურს პარლამენტში ახალგაზრდების ხილვა. ასევე, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მეტი ქალი დეპუტატი უნდა გვყავდეს. ამიტომ, ეს არჩევნები დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ ბევრ ადამიანს, ისევე როგორც მე, სურს, რომ დეპუტატთა პალატა და ზოგადად პოლიტიკური სპექტრი ასახავდეს საზოგადოების შეხედულებებს ამ ჯგუფებში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენი ახალგაზრდა მოხვდა დეპუტატთა პალატაში. გვყავს 200 დეპუტატი და 12 მათგანი 30 წლამდე ასაკისაა, რაც ისტორიული რეკორდია. აბსოლუტურად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფები, ძირითადად უფრო ლიბერალური პარტიების წარმომადგენლები, უპირატესობას ანიჭებენ ახალგაზრდა ადამიანებს და ასევე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქალის მოზიდვას, რაც ასევე წარმატებით დასრულდა. ახლა 200 დეპუტატიდან მგონი 67 ქალია, რაც ასევე რეკორდია.

ასევე ნახეთ

რამ გამოიწვია პრაღაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი?

მე ვფიქრობ, რომ აქ იყო დეფიციტი. არ იყო საკმარისი ახალგაზრდა. თუ შევხედავთ საზოგადოებას, ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დიდი იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი. ამიტომ, უბრალოდ, პარლამენტში მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებაში ვითარებას“.

მე პროვოკაციული აზრი მაქვს და ვუზიარებ კატიას. რის გამო უნდა ვენდო ახალგაზრდა დეპუტატს? რითაა ის უკეთესი გამოცდილ კანონმდებელზე? ახალგაზრდა იმისაა, რომ აზრი იცვალოს, როცა რამე არ მოეწონება, ამბოხდეს. არაა ახალგაზრდის ბუნებაში, რომ ერთ ხაზს გაჰყვეს - თვით პარტიის ერთ ხაზს. კატის პასუხი ამაზე ასეთია: „ცვლილებები აუცილებელი იყო. ბევრი ახალგაზრდა გრძნობს, რომ არ ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი. ცხადია, როდესაც აქ პარლამენტის წევრის საშუალო ასაკი 52 წელია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ შეძლებს იმ პრობლემების გააზრებას, რომელთა წინაშეც დღეს ახალგაზრდები დგანან, კერძოდ, მაგალითად, საცხოვრებელთან დაკავშირებით. მათ ეს პრობლემა უკვე გადაჭრილი აქვთ. და, სავარაუდოდ, მათ შვილებსაც. ამიტომ, მათ არ შეუძლიათ ამის გაგება. ამიტომ, ისინი ვერ იგრძნობენ ამ საკითხების გადაჭრის საჭიროებას. დიახ, ბევრი ხანდაზმული ადამიანისთვის არ არის ნათელი, თუ რამდენად შემაშფოთებლად გამოიყურება ახალგაზრდებისთვის მომავალი. ამიტომ მგონია, რომ ასეთი ძლიერი იყო ტალღა“.

ასეთი აზრიც მქონდა ამ პოდკასტზე მუშაობისას, რომ კატია დემეტრაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი თავისუფლებაზე, როცა პარლამენტის წევრობა ისურვა. ასეა ეს? მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლია მითხრას, ახლა უბრალოდ ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარო. იმიტომ, რომ ძალაუფლება აქვს. შეგიძლია გააკეთო ეს, ეს და ეს. მაგრამ არის ეს თავისუფლება?

კატიამაც უნდა იფიქროს ამაზე და იგრძნოს თავისუფლება. ყველაფერი წინ აქვს. მიყვება იმ პირველი განცდების შესახებ, რაც ჰქონდა კენჭისყრის დღეებში.

„შაბათს ამირჩიეს. საბოლოო შედეგები დაახლოებით საღამოს 10 საათზე გახდა ცნობილი. მანამდე სტრესი მქონდა. ზეიმზე არ წავსულვარ, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი. კამპანია ძალიან დამღლელი იყო. ამიტომ სულ ერთი იყო, ვიზეიმებდი თუ არა.

ვერც კი ვიაზრებდი, რომ ამირჩიეს. კვირას რომ გამეღვიძა, საწოლზე შოკირებული ვიჯექი და ვფიქრობდი, ახლა რა ვქნა? რადგან კამპანიის დროსაც ვერ ვფიქრობდი იმაზე, რომ გავიმარჯვებდი, რომ ამირჩევდნენ, რომ წარმატებას მივაღწევდი. რადგან ვგრძნობდი, რომ მაშინაც კი, თუ ამას ვიფიქრებდი, ეს რომ არ მომხდარიყო, მერე გული დამწყდებოდა. ამიტომ, უბრალოდ, ვცხოვრობდი იმ რეალობაში, რომ ეს არ მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ წარმატებისთვის, მაგრამ მოველი, რომ ეს არ მოხდება. ამიტომ, პრაქტიკულად არც კი მოვმზადებულვარ იმ ვარიანტისთვის, რაც მოხდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა ფაკულტეტზე, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი სწავლა; ჯერ კიდევ კარლის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვირიცხები, მესამე კურსზე ვარ, სწავლა ხუთწლიანია. როგორ უნდა მემოძრავა სწავლასა და სამსახურს შორის? როგორ უნდა მესწავლა, როგორ უნდა დამეწყო მუშაობა? ეს ყველაფერი ძალიან ახალი და ბევრი იყო, რადგან ამისთვის არ მოვმზადებულვარ“.

ასევე ნახეთ

ლიზა კვინიკაძე: ევროპაში გავიზარდე თავისუფალ ადამიანად

კატია თავიდან, უშუალოდ არჩევნების და საკუთარი შედეგების გამოცხადების მერე, გაოცებული იყო იმ ინტერესის გამო, რომელიც საქართველოს მედიამ გამოიჩინა მის მიმართ.

დრო გავიდა და მედიას არ ვიცი, მაგრამ იქაურ ნათესავებს ხომ ახსოვთ, რომ მათი წარმომადგენელი ჩეხეთის პარლამენტში ზის. თბილისშიც იყო მიწვეული მართლმადიდებლობის საპარლამენტშორისო ასამბლეის მიერ, თუმცა არ წავიდა. საინტერესოა ჩემთვის, რას ფიქრობენ საყვარელი ბებია, დეიდები თუ სხვები, რას აკეთებს კატია, სტუდენტი, თან კანონმდებელი?

„ჩემმა ნათესავებმა იციან. მაგრამ როდესაც თებერვალში ერთი კვირით ვიყავი საქართველოში, ვერავინ მიცნო ვერც ინტერვიუს შემდეგ, არცერთ მედიას არ უსაუბრია ამაზე. მადლობა ღმერთს, რომ ვერავინ მიცნო, რადგან სტრესი მექნებოდა, რადგან საქართველოს პარლამენტის მიმართ ჩემი პოზიცია ძალიან არაკომფორტულია ამჟამინდელ სიტუაციაში. აპრილის ბოლოს, რამდენიმე დღით უნდა ჩავსულიყავი თბილისში ერთ ორგანიზაციასთან ერთად, რომლის მიზანია მართლმადიდებლობასთან დაახლოებული დეპუტატების გაერთიანება. დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ორგანიზაციამ რუსული ნაწილი გარიცხა. მაგრამ, პროგრამა რომ მივიღე, მოგზაურობის გაუქმება მომიწია, რადგან, მის მიხედვით, რამდენიმე შეხვედრა იყო საქართველოს პარლამენტთან და ეს ჩემთვის უბრალოდ მიუღებელი იყო. სამწუხაროდ, ამჯერად არ ჩავდივარ იქ, მაგრამ ზაფხულში ვგეგმავ ჩემი ოჯახის მონახულებას“.

ვფიქრობ, ჩასვლა და ამ ორგანიზაციის შეხვედრებში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იქნებოდა ახალგაზრდა ჩეხი კანონმდებლისთვის. მაგრამ კატია დემეტრაშვილი მიხსნის, რომ ეს მისთვის, მისი უსაფრთხოებისთვისაც კი შეიძლება საშიში ყოფილიყო რუსეთთან კავშირების გამო, მისთვის შეიძლება ესმინათ და ამასთან, არ სურდა ამ პარლამენტის წევრებისთვის ხელის ჩამორთმევა, ლაპარაკია მმართველი პარტიის წევრებზე.

ეს ახალგაზრდა ქალი ჩეხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრია და მასთან ამ ბაასისას ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის თემაზე ჩამოვაგდე საუბარი. საქართველოს მაგალითზე ვლაპარაკობთ: რა სტრატეგიაა ეს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ოპოზიციის მიერ:

„საინტერესო სტრატეგიაა. თავიდან მესმოდა, რომ მათ არ სურთ ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება მასში მონაწილეობით. თუმცა, დიდი დრო გავიდა. ბევრი ფიქრობს იმაზე, ღირს თუ არა ეს, კარგი სტრატეგიაა თუ არა, რადგან თქვენ შორდებით სივრცეს, სადაც შეგიძლიათ პროტესტი. ნამდვილად არ მინდა ვურჩიო საქართველოს ოპოზიციას, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიზამდი მე, მაგრამ იქნებ დროა, გადახედონ ამას“.

კატიასთან საუბარში მივადექით თემას, რომელსაც „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი ჰქვია და რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას აფერხებს. ჩეხეთის პარლამენტში ოპოზიციას ნამდვილად მოუწევს თავისი არგუმენტები გამოთქვას ამ კანონის თაობაზე. კატია ემზადება და ახსენებს საქართველოში მიღებულ მსგავს კანონს:

„რა თქმა უნდა, ახლა ვხედავ პარალელს რადგან აქ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მთავრობამ დაიწყო ლაპარაკი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის შექმნაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მიღებულია. ამიტომ, ახლა ამ თემის განხილვაში მომიწევს ჩართვა. გარკვეული ხანია, ვაკვირდები სიტუაციას. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მმართველი პარტია ამაზე საარჩევნო კამპანიის დროსაც კი საუბრობდა. მაგალითი უნდა ავიღოთ სლოვაკეთისგან, რადგან იქ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის საფრთხე არსებობდა, მაგრამ მათი კონსტიტუციის წყალობით შეძლეს ზიანის შემცირება. და, რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ არსებობს უცხოეთიდან დაფინანსებაზე მტკიცებულებები, მაგრამ შესაბამისი პირების და ჯგუფების დევნის საშუალება არ არის. მაგრამ მაინც, მტკიცებულება უკვე არ არის კარგი, რადგან ეს სხვა მუქარის გამოყენების საშუალებას იძლევა. ასე რომ, ახლა იქნება ბრძოლა, რომელიც ჩვენ აქ, ჩეხეთის პარლამენტში მოგვიწევს“.

ჩეხეთის საზოგადოებამ იცის, რომ პარლამენტში ბრძოლა მიდის, მაგრამ თვითონაც ხელს არ აკლებს და სულ ახლახან, მარტის ბოლოსკენ, გაიმართა დემონსტრაცია, რომელშიც, ორგანიზატორების თანახმად, 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია მიმართული იყო კორუფციის, ავტორიტარიზმის, ასევე პუტინის მოსკოვთან მთავრობის ახლო კავშირების, ასევე უკრაინისთვის დახმარებაზე უარის წინააღმდეგ. პრაღის ლეტნას პარკში მივიდნენ ზოგადად დემოკრატიიდან უკუსვლით უკმაყოფილო ჩეხეთის მოქალაქეები.

ასევე ნახეთ

„ბაბიშსა და ივანიშვილს შორის ინტერესთა თანხვედრა არ არსებობს“ - პაველ ჰავლიჩეკი


ჩეხეთის ბოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ანო“ ახლანდელი პრემიერის, მეწარმე ანდრეი ბაბიშის მიერაა დაარსებული. პარტია ითვლება მემარჯვენე-პოპულისტურად, ეკონომიკური ლიბერალური პოლიტიკის მომხრედ. „ანო“ ქართულად „დიახს“ ნიშნავს და ამავე დროს შემოკლებაა ჩეხური ფრაზისა Akce nespokojených občanů (უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია). მაგრამ ახლა მისი და თანაკოალიციელების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები მათ მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.

კატია ამბობს, რომ „ანო“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ახლა აკვირვებს მისი დამოკიდებულება „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიმართ. არც მესმის ამ მხრივ მათი სტრატეგია, შეიძლება ისიც კი იყოს მიზეზი, რომ დაძაბულობა შექმნას და მერე, როცა კანონი ვერ გავა, თავისი ვითომ კეთილგანწყობილი ბუნების ჩვენება სურდესო.

„მაგრამ ორი სხვა სამთავრობო პარტია, ვფიქრობ, დემოკრატიისთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ერთ-ერთი მათგანი, SPD (თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია) რუსეთიდან დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. და ისინი ყოველთვის ძალიან ბრაზდებიან, როცა ამაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ეს დამტკიცდა, ცნობილი ფაქტია, რომ მათი ბევრი წევრი პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან დაფინანსებასთან. მეორე პარტია კი ჩინეთიდან იღებს დაფინანსებას. ასე რომ, ახლა აქ სიტუაცია საკმაოდ ქაოსურია. დიახ, ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი“.

კატია ორი საპარლამენტო კომიტეტის წევრია. იურიდიულის და საგარეო ურთიერთობებისა.

სამართალი მისი სფეროა, როგორც მომავალი იურისტისა, საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ყოფნა კი ბუნებრივიცაა: გაიხსენეთ, ტეხასში დაიბადა თბილისელი რუსისა და ქართველის ოჯახში, რომელიც ჩეხეთში გადმოსახლდა. მერე აქ დაიწყო პოლიტიკური კარიერა როგორც ჩეხმა პოლიტიკოსმა. მოკლედ, ამერიკაში დაბადებული ქართველი ჩეხეთის პარლამენტში, ალბათ რაღაც ბუნებრივ გამოცდილებასთან გვაქვს საქმე.

„საინტერესო აზრია. შესაძლოა, ეს საკითხების წამოწევაში დამეხმაროს, რადგან, მაგალითად, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის თაობაზე ნამდვილად ვიცი, როგორ არის საქმე საქართველოში. მე ამერიკის პოლიტიკას ვადევნებდი თვალყურს, ასე გავიზარდე. ასევე რუსეთისას, რადგან რუსული პროპაგანდის ყურებით გავიზარდე დაახლოებით 12 წლამდე. და ეს გამოცდილება, ვფიქრობ, სასარგებლოა. და ეს ახალ შუქს ჰფენს იმ საკითხებს, რომლებიც ძალიან ხშირად განიხილება როგორც პლენარულ სხდომაზე, დეპუტატთა პალატაში, საჯარო სივრცეში, მედიაში, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტში“.

ასე პირდაპირ კატიას პარტიაზე, Česká pirátská sptrana-ზე, „მეკობრეების“ პარტიაზე, საუბარი არაა ჩემი მიზანი, მხოლოდ სულ მოკლედ გეტყვით, რომ მას არაფერი არა აქვს საერთო მეკობრეობასთან, როგორც ასეთთან. ეს არის პარტია, რომელმაც „მწვანეების“ მხარდაჭერით 2025 წლის არჩევნებში 200-დან 18 ადგილი მოიპოვა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, სწორედ იმ არჩევნებში, რომელშიც კატიაც გახდა კანონმდებელი ამ პარტიის ხაზით. მეკობრეების პარტიის გამოცხადებული მიზანია, ხელი შეუწყოს „მიღებული ინფორმაციის მართვაში ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების მკაცრ დაცვას. როცა სხვა უფრო ცნობილ პარტიებზე, მაგალითად, სოციალ-დემოკრატებზე, ან რესპუბლიკელებზე ვლაპარაკობთ, ბევრს აქვს სტერეოტიპული აზრი მათზე. მაგრამ “მეკობრეები” ვინ არიან, როცა მისი წევრი შენი შვილია, უნდა იცოდე? კატიამ ახსენა, 12 წლამდე რუსული პროპაგანდა მკვებავდა დედის გამო, რადგან ის ამ მედიას უსმენდაო.

„მე გავიზარდე და ვცხოვრობდი დედასთან. ვიცოდი, რომ ის ყოველთვის წამყვანი რუსული პარტიისა და ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატის მომხრე იყო. ამიტომ, როდესაც ჩეხეთში, “მეკობრეთა” პარტიაში შევედი, მას საერთოდ არ ესმოდა, რატომ ვაკეთებდი ამას. ვერ ხვდებოდა, რატომ ვუთმობდი ჩემი თავისუფალი დროის ნაწილს იმ ადამიანებთან შეხვედრებს, რომლებიც ჩემი თანამოაზრეები არიან. ის ამას საერთოდ ვერ ხვდებოდა. რატომ უთმობ თავისუფალ დროს და რატომ მუშაობ, თუ ისინი არ გიხდიან? ეს კითხვა ხშირად მესმოდა. შოკირებული იყო, რომ ამ ყველაფრიდან რაღაც მაინც გამოვიდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი ჰობი არ იყო. არა მგონია, ოდესმე სერიოზულად ეფიქრა ამაზე, რომ მე პოლიტიკით ვიყავი დაინტერესებული.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, მისთვის უდიდესი შოკი იყო იმის მოსმენა, რასაც ხმამაღლა ვამბობდი. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ. ეს გარკვეულწილად გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან მან იცოდა, რას ვფიქრობდი, ამაზე ომის დასაწყისიდან ვსაუბრობდით. მაგრამ მე ვერასდროს შევძელი მისი დარწმუნება და მანაც ვერასდროს შეძლო ჩემს განსხვავებულ აზრთან შეგუება. ამიტომ, უბრალოდ შევთანხმდით, რომ ამაზე აღარ ვისაუბრებდით. მაგრამ მისთვის ძალიან რთული იყო მედიაში ჩემი ხმამაღლა ნათქვამის მოსმენა, რადგან ეს ისეთი რამაა, რასაც ის უბრალოდ არ ეთანხმება. მაგრამ რატომღაც მივედით დასკვნამდე, რომ ის უბრალოდ უგულებელყოფს ამას. ის საერთოდ უგულებელყოფს შეხედულებებს, ვუფრთხილდებით ჩემს და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ მის დარწმუნებას და მას არ შეუძლია, აზრი შემაცვლევინოს. ასე რომ, ჩვენ აქ ჩიხში ვართ“.

სულ მოკლედ ჩეხეთის მთავრობაში ნაციონალიზმის თემას შევეხოთ ამ პოდკასტში, რომელიც ძალიან ინტერნაციონალ ახალგაზრდა ქალს ეხება. ჩეხეთი არ არის ემიგრანტებისთვის ღია ქვეყანა სირიის და ავღანეთის ემიგრანტებზე თუ ვისაუბრებთ. რაც მართალია, უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები კარგად მიიღეს. მაგრამ ახალ მთავრობაში, გამარჯვებულთაგან, პრემიერი სლოვაკია, ანტიმიგრანტული პარტიის მეთაური, იაპონურ-კორეულ-ჩეხური წარმოშობის ნაციონალისტია და კატია მიამბობს, კიდევ ერთი მინისტრი გვყავს, ასევე სლოვაკი, წესიერად ჩეხურიც არ იცის და ითხოვს, რომ ყველა ტაქსის მძღოლმა ჩეხურში გამოცდა უნდა გაიაროს.

„და მას ჰყოფნის თავხედობა, რომ ამ ტიპის ცვლილებები, კანონები შემოიტანოს. ხალხი ამას ვერ ხედავს. ხალხი ამას აბსურდულად არ მიიჩნევს. ყოველ შემთხვევაში, მათ ამომრჩევლებს ეს არ ესმით. დიახ, აქ ვერაფერს იტყვი, რომ იაპონელია პარტიის ლიდერი, რომელიც ძირითადად მიგრანტების წინააღმდეგია. გარკვეულ მომენტში უბრალოდ იუმორის გრძნობა უნდა გქონდეს, სხვა არაფერი გიშველის, გულწრფელად რომ გითხრათ“.

ასევე ნახეთ

როგორ დატროლეს ჩეხებმა რუსეთის საელჩო - შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა

დედაზე, მის ნოსტალგიაზე და პოლიტიკურ საკითხებში ქალიშვილთან უთანხმოებაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ბევრი არაფერი გვითქვამს კატიას მამაზე, რომელიც უკრაინაში იბრძვის. იცის მამამ, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატია?

„არ ვიცი. არა მგონია. დედასთან გავიზარდე, ამიტომ მამაჩემთან ჩემი კონტაქტი ყოველთვის ძალიან ფორმალური იყო, თუ საერთოდ მქონდა. ომის დაწყებიდან საერთოდ არ მისაუბრია. უბრალოდ ვიცი, რომ ის უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. ეს ყველაფერია, რაც ვიცი. მან მთელ ოჯახთან გაწყვიტა კონტაქტი. მაგრამ მე მაინც ძალიან ხშირად ვესაუბრები ახლო ნათესავებს. ხშირად ვსტუმრობ მათ. რა თქმა უნდა, მიყვარს ისინი. მამაჩემის მხრიდან ჩემი ბებია ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. მე მას ვაღმერთებ.

ის რომში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და ფულს უგზავნიდა ოჯახს თბილისში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გავრცელებულია, ქართველები მსოფლიოში ბევრგან მუშაობენ ასე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გამო.

ბებია სამუდამოდ დაბრუნდა იტალიიდან. ამიტომ ის ყოველთვის თბილისში მეყოლება ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. მყავს ოჯახი დედის მხრიდან, ასევე ჩემი ორი დეიდა და ბევრი ნათესავი მამის მხრიდან“.

ამ პოდკასტს როცა ვამზადებთ, საქართველოდან არც თუ დაშორებულ რეგიონებში ომია. ომია უკრაინაში, სადაც კატიას მამა იბრძვის, უკრაინაში, რომელიც ლამის მიავიწყდათ სხვა ომის გამო, რომელიც ასევე საქართველოს მახლობლად მიმდინარეობს. დიდია მსხვერპლი. ამ დროს ლაპარაკია საერთაშორისო სამართალზე, გაეროს ქარტიაზე, რომელიც ირღვევაო, ფიქრობს არც თუ ცოტა პოლიტიკოსი. დავაა იმაზე, შეიძლება თუ არა ვინმესგან მომავალი შესაძლებელი თავდასხმა მიჩნეულ იქნეს თავდასხმად, რისგან თავდაცვაც არაა საერთაშორისო სამართლით აკრძალული. ამას გარდა საქმე ეხება ირანის ატომურ ობიექტებს, რომლებზეც თავდასხმა საერთაშორისო ნორმებით აკრძალულია. ამ დროს ჩეხეთის რესპუბლიკა, რომლის პარლამენტის დეპუტატია კატია დემეტრაშვილი, იცვლის ფრონტის მხარეს და უკრაინის მხარდაჭერა აღარ სურს. ირანის მომხრედ პრაღა არ ითვლება, მაგრამ დასავლეთის მიმართაც კრიტიკულია.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, მთელი იმ გეოპოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს, პოლიტიკური სპექტრი ძალიან დაშლილია. საპარლამენტო პარტიებშიც შეიძლება გქონდეთ ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები იმის შესახებ, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ არის მსხვერპლი, ვის აქვს დაცვის უფლება და ვის - არა…

ამჟამად მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების უმეტესობა უკავშირდება ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციასთან და მთელ ამ განვითარებას, რადგან ჩეხური პარტიების ფართო სპექტრი, რომლებიც ოდესმე ყოფილან პარლამენტში, მხარს უჭერდნენ ტრამპს მთელი მისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ბევრი მათგანი წითელი ქუდით დადიოდა მასავით და ახლა ხედავენ ქაოსს, აცნობიერებენ საფრთხეებს. პარტიებს შორის, ასევე ჩეხეთის მთავრობაში, განსხვავებული მოსაზრებების გამო ჩეხეთის რესპუბლიკის ქმედებები გარედან ძალიან ქაოსურად აღიქმება, რადგან არავინ, არცერთმა მოკავშირემ არ იცის, შეუძლია თუ არა ჩვენზე დაყრდნობა.

პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის გრძელვადიანი სტრატეგიაა, რაც შეიძლება მეტ მხარესთან იყოს. შემდეგ კი, როდესაც დგება მომენტი, როცა მას უბრალოდ არჩევანის გაკეთება უწევს, ის აირჩევს იმას, რაც მისთვის ყველაზე მოსახერხებელია… ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ უჭერს ტრამპს მხარს, ვერ აცნობიერებს, თუ როგორ მოქმედებს ეს ჩვენზე ევროპის შუაგულში, იმ აზრით, რომ ეს ხელს აძლევს რუსეთს. ნებისმიერს, ვისაც ძალა აქვს, შეუძლია საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ამას არანაირი შედეგები არ მოჰყვება, ანუ მაშინ ეს ნორმალური ხდება და ახლა, ჩეხეთის საგარეო პოლიტიკას ეს განსაზღვრავს და მაშინებს, როგორ დასრულდება ეს“.

კატიასგან მინდა მოვისმინო, რა პოზიციას წარმოადგენს პირადად ის - სამართლის სტუდენტი, პარლამენტის წევრი პარტიიდან, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას მოითხოვს.

ასევე ნახეთ

ფარასთუ ფორუჰარი - ადამიანი ამ სასტიკი უსამართლობის წინააღმდეგ

„მე მგონია, რომ ჩეხეთი საშუალო ზომის, პატარა ქვეყანაა ევროპის შუაგულში, რომელიც ძირითადად, იმით ხეირობს, რომ საერთაშორისო სამართალი მოქმედებს, რომ არსებობს საერთაშორისო წესრიგი, რომ არსებობს წესები, რომლებიც ჩვენნაირი პატარა ქვეყნების სუვერენიტეტს იცავს. ამიტომ, ჩვენთვის სასარგებლო არ არის ის, რასაც ტრამპი ახლა აკეთებს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ, უნდა შევეცადოთ თავდაცვის განვითარებას, მოკავშირეებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, სადაც შესაძლებელია. მაგრამ ბრმად გაყოლა შეერთებული შტატების ქმედებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეერთებული შტატებია დემოკრატიის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს, არა მგონია, სწორი იყოს. და ბევრი ადამიანისთვის ეს თავისთავად ცხადია. მაგრამ ეს არ ესმის აქაური პოლიტიკოსების უმეტესობას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მარიონეტები. ჩვენთვის ყველაზე სასარგებლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ვისწავლოთ ევროკავშირში მოქმედება, გავაცნობიეროთ, რომ ეს ჩვენი მომავალია და რომ ტრამპიც უფრო სერიოზულად მოგვეკიდება, თუ შევძლებთ გავერთიანდეთ, როგორც ევროპა. არა მხოლოდ ეკონომიკურ გავლენაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე სასარგებლოა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ევროპის გული ვართ“.

და ევროპის გულში ყოფნის გარდა, კატიამ და მე ვისაუბრეთ მათზე, ვისაც მტკიცე გული აქვს, მაგალითად მან ფინეთი და პოლონეთი მოიყვანა, ქვეყნები, რომლებმაც, მათი შედარებითი სიმცირის მიუხედავად, შეძლეს უფრო ძლიერებთან ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა.

მტერმა იცის, გრძნობს, როდის გეშინია შენ, გსწავლობს და თუ შეგატყო შიში, მოგერევა, თუ დაინახა, რომ არ გეშინია, შეიძლება თავიც კი დაგანებოს, რადგან არ უღირდეს მსხვერპლი ამად.

„ზუსტად. ეს დაშინების სტრატეგიაა. მათ იციან, რომ რუსეთი დაინახავს და ფინეთის შემთხვევაშიც ხედავს, რომ ომი გაცილებით, გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე ეს უღირს. გარეგნულად თავის ძლიერად წარმოჩენა ერთია, მაგრამ ჩეხური საზოგადოება პოლარიზებულია და გარეთ ის არ ჩანს როგორც ძლიერი“.

კატია დემეტრაშვილს, როგორც ქართველს გამოცდა მოვუწყვე და ჩააბარა: როგორ ჭამ ხინკალს მეთქი. ვგულისხმობდი ხელით თუ ჩანგლით. მან დაუფიქრებლად მიპასუხა, რა, სხვა მეთოდი არსებობს ხინკლის ჭამისა გარდა ხელითო?

ხინკლით ტკბობას ვერ ახერხებს პრაღაში, რადგან ეძვირება, ამიტომ უბრალოდ ველოდები, შემდეგ ჯერზე როდის ჩამოვალ თბილისში, რომ იქ ვიგემოო, ასე მიამბო. მაგრამ პრაღაში ცხოვრობს მისი ბიძა, დეიდის ქმარი, თბილისელი სომეხი, რომელიც ხანდახან უკეთებს ხოლმე კატიას ხინკალს. თვითონ მხოლოდ ხაჭაპური ეხერხება და ისიც ყოველთვის არ გამოსდის მთლად დამაკმაყოფილებელი; მე ვურჩიე, პრაღაში, წვნიანების ბისტროში მიდი, მანჩოსთან, ის მზარეულიც გადასარევია და პედაგოგიც მშვენიერია-მეთქი.

ვილაპარაკეთ ასევე ხინკლის წვენზე, მისი თეფშიდან დალევაზე, თუ დაგეღვარა და ამით ტკბობაზე, რასაც უცხოელები ვერ იგებენ.

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის, პარლამენტის ქვედა პალატის წევრი „მეკობრეების“ პარტიიდან ოპტიმისტია - დედამ მას შემთხვევით არ ასწავლა ეს ფრაზა ქართულად “ყველაფერი კარგად იქნება”

დედამ განუმარტა, ამ ფრაზაში კ-ს სამივე ვერსიააო.