უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების გახსნიდან უკვე შვიდი საათის შემდეგ კენჭისყრაში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ეროვნული საარჩევნო ბიურო (NVI) იტყობინება.
NVI-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის (თბილისის დროით 17:00) კი კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 60,01%-ს, ანუ ხმის უფლების მქონე თითქმის 5 მილიონ მოქალაქეს.
როგორც უნგრული მედია იტყობინება, ამომრჩეველთა ასეთი აქტიურობა „აბსოლუტურად სარეკორდოა“. შედარებისთვის - წინა არჩევნებზე, 2022 წელს, 13:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩეველთა 40,01%-ს, 15:00 საათისთვის კი - 52,75%-ს.
„მრავალი ადამიანი მონაწილეობს კენჭისყრაში. ეს ნიშნავს ერთს - თუკი გვსურს უნგრეთის უსაფრთხოების დაცვა, არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში! მხოლოდ „ფიდესი“! წინ, გამარჯვებისკენ!“ - დაწერა ფეისბუკში თავის გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ნაციონალ-კონსერვატიულ პარტია „ფიდესს“ უდგას სათავეში.
გამარჯვებაში დარწმუნებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი. „მთელი „ტისა“ და მილიონობით უნგრელი, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს, წყნარად, მტკიცედ და მშვიდობიანად მოელიან საღამოს საარჩევნო ურნების დალუქვას: დღის განმავლობაში ამომრჩევლის აქტიურობა ადასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით. დღეს იმართება ზეიმი რეჟიმის შესაცვლელი რეფერენდუმის თაობაზე, რომელიც უნგრეთის ისტორიაში შევა,“ თქვა მან.
62 წლის ორბანი 2010 წლიდან მოყოლებული არის ხელისუფლების სათავეში. წლევანდელ არჩევნებში 45 წლის მადიარის სახით პირველად გამოჩნდა ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელსაც შესწევს უნარი, გაიმარჯვოს.
კენჭისყრა დაიწყო 12 აპრილს, ბუდაპეშტის დროით დილის 6 საათზე. საარჩევნო უბნები 19:00 საათისთვის დაიხურება.
ასევე ნახეთ
უნგრეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნებისულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარის „ტისა“.
დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს (ერთმანდატიან ოლქში), ასევე პარტიულ სიას. 199 მანდატიდან 106 ნაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი - პროპორციულად.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.