სულ არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა რეალური კონკურენტი ორია: ვიქტორ ორბანის „ფიდესი“, რომელიც ქვეყანას უკვე 16 წელია მართავს, და პეტერ მადიარას „ტისა“.
დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს.
საარჩევნო უბნების გახსნიდან უკვე ერთ საათში კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა 17%-ს მიუახლოვდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის უახლეს ისტორიაში. წინა არჩევნებში შესაბამისი დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 10%-ზე ოდნავ მეტ ამომრჩეველს.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს (ერთმანდატიან ოლქში), ასევე პარტიულ სიას. 199 მანდატიდან 106 ნაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში ხმათა უბრალო უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი - პროპორციულად.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი მეტოქეები არიან “ფიდესი” ვიქტორ ორბანისა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს, და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს შეიქმნა (თავად მადიარმა 2024 წელს დატოვა მმართველი პარტია და ოპოზიციაში გადავიდა).
“ფიდესისა” და “ტისას” გარდა არჩევნებში მონაწილეობენ: მემარცხენე „დემოკრატიული კოალიცია“, პაროდიული „ორკუდიანი ძაღლის პარტია“ და უკიდურესად მემარჯვენე „ჩვენი სამშობლო“ (Mi Hazánk). გამოკითხვების მიხედვით, ამ სამიდან მხოლოდ “ჩვენ სამშობლოს” აქვს შანსი, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი.
დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები „ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული ცენტრები ვარაუდობენ, რომ ორბანის პარტია შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას.
უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმების დათვლა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს შაბათის, 18 აპრილისა. თუმცა პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან (ადგილობრივი დროით 19.00 სთ) რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
არჩევნებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია აკვირდება.
ფორუმი