პესკოვი: „სააღდგომო ზავის“ შემდეგ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას

დმიტრი პესკოვი. მოსკოვი, 23 ივნისი, 2025.

რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს, მას შემდეგ, რაც დასრულდება „სააღდგომო ზავი“, რომელიც მოსკოვმა 11 აპრილს, 16:00 საათიდან 12 აპრილის ბოლომდე 36 საათის ვადით გამოაცხადა.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება.

პესკოვის თქმით, რუსეთს „მყარი მშვიდობა“ სჭირდება, მაგრამ ის „მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც ჩვენ ჩვენს ინტერესებს დავიცავთ და მივაღწევთ თავიდანვე დასახულ მიზნებს“. კრემლის პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია ამას ხელს უშლის.

ადრე პესკოვმა აღნიშნა, რომ „მოსკოვსა და კიევს შორის ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება რამდენიმე კილომეტრით შემოიფარგლება“ და განმარტა, რომ ის გულისხმობს დონეცკის ოლქის 17-18%-ს (რუსეთის მტკიცებით), რომელიც უკრაინის ხელში იმყოფება. რუსეთი დიდი ხანია მოითხოვს ამ ტერიტორიებიდან უკრაინის ჯარების გაყვანას. ეს დონბასის მთელი ტერიტორიის, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამაგრებული ტერიტორიების, მოსკოვის იურისდიქციაში გადაცემას ნიშნავს.

უკრაინა უარს ამბობს ასეთ დათმობებზე და საერთაშორისო გარანტიების მოპოვებას ცდილობს თავისი უსაფრთხოებისთვის რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში.

ზელენსკიმ ადრე მხარი დაუჭირა „სააღდგომო ზავს“ და მისი გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდა. „ჩვენ ეს წინადადება რუსეთს შევთავაზეთ და თუ რუსეთი კვლავ ომს აირჩევს მშვიდობის ნაცვლად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, კერძოდ კი შეერთებულ შტატებს, თუ ვის რა სურს სინამდვილეში“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: "ერთნაირად გვწამს როგორც ღვთის წყალობის, ისე ჩვენი სიმამაცის"