12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაიანის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს უკრაინელ ხალხს.
კიევის სოფიის ტაძარში ჩაწერილი მიმართვის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკი ციტირებს ფრაგმენტს ძველი აღთქმიდან (ფსალმუნი 45:5-6):
“ღმერთი ქალაქის შუაგულშია და ის არ შეიძვრის - ეს სიტყვები ამოტვიფრულია აქ, ჩვენი ორანტის თავზე, ჩვენს დიდ სოფიაში და ამ სიტყვებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ უკვე ათას ხუთას დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში, სადაც შეურყეველია ჩვენი უკრაინა, ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ხალხი და ჩვენი რწმენა. <…> ეს ბრძოლა ყველასთვის რთულია. განსაკუთრებით ასეთ მღელვარე დროში, როცა გეჩვენება, რომ მსოფლიო უფსკრულისკენ მიექანება და არავინ იცის, როგორი იქნება ხვალ. ასეთ მომენტებში სწორედ აღდგომა და მისი მნიშვნელობები გვიკარნახებს, როგორ არ ჩამოვუშვათ ხელები, სად ვიპოვოთ სინათლე, რომ გზა არ აგვებნეს”.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკვე მეხუთე წელია, რაც უკრაინა იბრძვის მედგრად ტკივილის, ყველა განსაცდელისა და ბოროტების მიუხედავად:
“ვიბრძვით და ვამტკიცებთ: უკრაინელები ყოველთვის უკრაინელებად რჩებიან. და ამას ვერ წაშლის ვერანაირი ომი. ამიტომ აღდგომის ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის ოჯახთან, საკუთარი სახლის სითბოსთან და მასში ბავშვების სიცილთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ ეს სიცილი ისმოდეს, ათასობით უკრაინელი ფრონტზე იცავს უკრაინას და საკუთარ ოჯახებს.
რაც უნდა მუქი ღრუბლები გადაეფაროს ცას, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობასა და ოჯახურ ტრადიციებს. ყოველწლიურად ვემზადებით, ვაგროვებთ სააღდგომო კალათას, ვხატავთ „პისანკებს”, ვაცხობთ კულიჩებს, ვრთავთ სახლს, ვრგავთ ხეებსა და ყვავილებს. და ეს ყველაფერი საერთოდ არ არის მხოლოდ საჭმელსა თუ დეკორზე — ეს არის ხალხზე, რომელიც ისწრაფვის, რომ ირგვლივ სიცოცხლე ყვაოდეს.
და სწორედ ეს არის ის შინაარსი, რომლითაც ჩვენთვის შევსებულია აღდგომა. ასე იყო ყველა საუკუნეში, რომელთა განმავლობაშიც დგას ჩვენი სოფია. ასეა დღესაც, როცა უკრაინა მყარად, ჯიუტად, შეურყევლად დგას, იცის, ვის და რის გამო: იმისთვის, რომ ომის პირობებში მეხუთე აღდგომას მოჰყვეს პირველი მშვიდობიანი აღდგომა — მთელ ჩვენს მიწაზე, ჩვენი ყველა ადამიანისთვის. როცა აღდგომის ზარს აღარ გადაფარავს განგაშის სირენა”.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღდგომა გაზაფხულის ზამთარზე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა.
“როცა ზამთარი და ბოროტება უკან დაიხევს ჩვენს მიწიდან. და ყველა დაელოდება თავისიანებს - ფრონტიდან, ტყვეობიდან, ოკუპაციიდან. როცა საყვარელი ადამიანები გვერდით იქნებიან, შვილიშვილები კი ჩვენი მშობლების ხელებში, და ჩვენ კვლავ ერთ მაგიდასთან შევიკრიბებით. ამისთვის ღირს ბრძოლა. და ჩვენ ამას უკვე 1509 დღეა ვაკეთებთ. და აღდგომაზე, როგორც არასდროს, ძლიერია ჩვენი რწმენა — რწმენა იმისა, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს ომზე. ოთხი წლის წინ ყველანი ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. ვლოცულობდით და ვიბრძოდით ამისთვის. ოთხი წლის შემდეგ კი ყველანი ვლოცულობთ და ვიბრძვით, რომ უკრაინამ მშვიდობაში იცხოვროს. ჩვენ ვეყრდნობით არა მხოლოდ ზეციურ ძალებს, არამედ ჩვენს უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებსაც; ერთნაირად გვწამს როგორც ღვთის წყალობის, ისე ჩვენი სიმამაცის; იმედი გვაქვს ჩვენი ორანტის მფარველობისა და ჩვენი შორს მსროლი იარაღის სიზუსტისა. დღეს უკრაინელები მხოლოდ სასწაულს კი არ ელიან, არამედ თავად ქმნიან სასწაულებს — ყოველდღე, საკუთარი ხელით, საკუთარი საქციელით, შრომით, სიმამაცით, თავგანწირვითა და სულის ძალით”, - თქვა თავის სააღდგომო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც სიტყვა მილოცვით დაასრულა:
“გილოცავთ აღდგომას, ძვირფასო უკრაინელებო!
დაე იყოს მშვიდობა და დაე იყოს უკრაინა.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!"
ფორუმი