აშშ-ირანის მოლაპარაკება შესაძლოა, ამ კვირაში განახლდეს

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ-ირანის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკება შესაძლოა, ამ კვირაში გაგრძელდეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-ს 14 აპრილს საღამოს განუცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი შესაძლოა, უახლოეს ორ დღეში ისევ პაკისტანში გაიმართოს.

იმავე დღეს ტრამპმა ტელეარხ FOX Business-ს განუცხადა, რომ ირანთან ომი დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.

  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ-ირანის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

სააგენტო AFP პაკისტანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისლამაბადი მუშაობს მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებაზე.

ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, ირანთან მოსალოდნელი მოლაპარაკების ახალ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას ისევ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში იქნებიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 14 აპრილს განაცხადა, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას გააგრძელებს.

ასევე ნახეთ

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადაზე
  • პაკისტანში მოლაპარაკების პირველი რაუნდის წინ, 7 აპრილს შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანს სრუტე პრაქტიკულად არ გაუხსნია, რაც იმით ახსნა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
  • თავის მხრივ, ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდებოდა.

ასევე ნახეთ

ისრაელის და ლიბანის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში მოილაპარაკეს

პაკისტანში ირანთან გამართული მოლაპარაკების პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 13 აპრილიდან ირანის პორტებისკენ და პორტებიდან ვერცერთი გემი ვერ იმოძრავებს. თეირანმა, რომელსაც თავადაც ჩაკეტილი აქვს საწვავისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, ამერიკულ ბლოკადას „მეკობრეობა" უწოდა.

14 აპრილს შეერთებული შტატების არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში ამერიკული ბლოკადა არცერთ სავაჭრო გემს არ გაურღვევია, ექვსი კი ამერიკელი სამხედროების ბრძანებას დაემორჩილა და ირანის პორტში დაბრუნდა

ნაოსნობის მონიტორინგის სერვისების თანახმად, ბლოკადის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტიდან გავიდა ირანთან კავშირის მქონე რამდენიმე გემი.

  • 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.

ასევე ნახეთ

გერმანია დროებით ზომას მიმართავს საწვავის გაძვირებით გამოწვეული ვითარების შესამსუბუქებლად