რუსეთმა გამოაქვეყნა ევროპაში „პოტენციური სამიზნეების" სია

უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთმა, რომელსაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დიდ პრობლემებს უქმნიან, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საპორტო ტერმინალებზე დარტყმებით, „ევროპული საზოგადოება“ გააფრთხილა, რომ უკრაინული დრონების წარმოების ხელშეწყობა „სახიფათოა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს გამოაქვეყნა დრონების მწარმოებელი უკრაინული კომპანიების ევროპული ფილიალების და ამ დრონებისთვის საჭირო კომპონენტების მწარმოებელი უცხოური კომპანიების ჩამონათვალი და მათი მისამართები.

  • რუსეთის სიაშია 11 უკრაინული საწარმოს ფილიალები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ლატვიაში, გერმანიაში, ნიდერლანდში, ლიეტუვაში, ჩეხეთსა და პოლონეთში საქმიანობენ და 10 კომპანია, რომლებიც მოსკოვის მტკიცებით, უკრაინული დრონებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებენ ჩეხეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ისრაელსა და თურქეთში.

ასევე ნახეთ

კიევში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, მსხვერპლია ოდესაშიც

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობამ“ გადაწყვიტა, გაზარდოს „უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება და მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის“, რასაც განიხილავენ „მიზანმიმართულ ნაბიჯად ევროპის მთელ კონტინენტზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მკვეთრი ესკალაციისკენ“.

განცხადებაში ისიც წერია, რომ „ევროპის სახელმწიფოთა უსაფრთხოების განმტკიცების ნაცვლად ევროპელი მმართველების ქმედებები ამ ქვეყნებს სულ უფრო სწრაფად ითრევს რუსეთთან ომში“, ამიტომ „ევროპულ საზოგადოებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს“ არა მხოლოდ ის „რეალური მიზეზები“, რაც მის „უსაფრთხოებას ემუქრება“, არამედ უნდა იცოდეს დრონების გამომშვები „უკრაინული და ერთობლივი საწარმოების მისამართები და ადგილმდებარეობაც“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიას „პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალი“ უწოდა სოციალურ ქსელ X-ში, თავის გვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„როდის იქცევა დარტყმები რეალობად დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება შემდეგ. მშვიდად იძინეთ ევროპელო პარტნიორებო“, - დაწერა მედვედევმა.

ასევე ნახეთ

ნადირობა რუსულ დრონებზე - მომავლის ომი უკრაინაში

15 აპრილს, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ევროპელები „გააფრთხილა“, ბერლინში გაიმართა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფი, რომლის საქმიანობაც „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი, 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

მორიგი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებიც დრონებით უკრაინის არმიის მომარაგებასაც ეხება. მათ შორის:

  • წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს.
  • ნორვეგია დრონებისთვის 500 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს;
  • ნიდერლანდი - 200 მილიონ ევროზე მეტს.

ერთი დღით ადრე, 14 აპრილს გერმანიაში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას მან და კანცლერმა მერცმა გააფორმეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტი.

ახალი პაკეტი, რომელსაც გერმანია 4 მილიარდი ევროთი დააფინანსებს, მოიცავს დრონების ერთობლივ წარმოებასაც.