Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, მსხვერპლია ოდესაშიც

16 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს კიევზე
16 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს კიევზე

უკრაინაში დიდი მსხვერპლია რუსული რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასირებული შეტევის შედეგად. დარტყმის ქვეშ მოექცნენ დედაქალაქი კიევი და დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის და სხვა ოლქები. დაიღუპა 15-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით დაშავდა.

კიევი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 16 აპრილს დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კიევში დაიღუპა 4 და დაშავდა 48 ადამიანი. გამთენიისას ცნობილი იყო, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად კიევში დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოთხ რაიონში დანგრეული და დაზიანებულია ათზე მეტი სახლი, ორი სასტუმრო, მაღაზია და საწყობები.

დაშავებულთა შორისაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ოთხი თანამშრომელი და ორი პოლიციელი, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ოდესა

დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა ქალაქ ოდესაში.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნდა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე. ოდესაში დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

განახლება: ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ დილის 11 საათისთვის განაცხადა, რომ დაიღუპა 9 და დაშავდა 23 ადამიანი.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი დარტყმები იყო ოდესის რაიონის პორტებზე, სადაც დაზიანებული და დამწვარია საწარმოო ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 16 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა ოდესაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 16 აპრილს სოციალური ქსელებით გაავრცელა ოდესაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგების ამსახველი ფოტოები

დნეპროპეტროვსკის ოლქი

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტებით, დრონებით და არტილერიით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულია ქალაქ დნიპროში და ერთი - ნიკოპოლში.

ადმინისტრაციის ცნობითვე, დანგრეული და დაზიანებულია სახლები, საოფისე და ადმინისტრაციული შენობები და საწარმო.

რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლი დნიპროში. 2026 წლის 16 აპრილი
რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად განადგურებული სახლი დნიპროში. 2026 წლის 16 აპრილი

ხარკოვის ოლქი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დარტყმის ქვეშ იყო ქალაქი ხარკოვი და კიდევ 14 დასახლებული პუნქტი. დაჭრილია ოთხი ადამიანი.

დაზიანებულია ოცამდე სახლი, ორი სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, საწყობები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კომბინირებული შეტევის ორი ტალღა

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ სოციალური ქსელებით ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათში, 15 აპრილის დილის შვიდიდან 16 აპრილის დილის შვიდ საათამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე ორ ტალღად განახორციელეს კომბინირებული შეტევა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო 25 ფრთოსანი და 19 ბალისტიკური რაკეტა და 659 უპილოტო საფრენი აპარატი.

საჰაერო ძალების სარდლობას 16 აპრილის 07:30 საათისთვის დადასტურებული ჰქონდა 23 ფრთოსანი და 8 ბალისტიკური რაკეტის და 636 დრონის მოგერიება და 12 რაკეტით და 20 დრონით პირდაპირი დარტყმა 26 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG