ჰეგსეთი: აშშ მზადაა განაახლოს ბრძოლა, თუ ირანი შეთანხმებას არ მიიღებს

პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები მზად არიან განაახლონ საბრძოლო ოპერაციები, თუ ირანი არ მიიღებს სამშვიდობო შეთანხმებას - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

"ირანო, შენ შეგიძლია აირჩიო კეთილდღეობის მომავალი, ოქროს ხიდი, და იმედი გვაქვს, ასეც მოიქცევი ირანელი ხალხისთვის", - თქვა ჰეგსეთმა.

"მაგრამ თუ ირანი არამართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ისინი მიიღებენ ბლოკადას და ბომბებს, რომლებიც ჩამოცვივდება ინფრასტრუქტურაზე, ენერგიაზე და ენერგეტიკაზე", - დასძენს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი.

იმისთვის, რომ თეირანი იძულებული გახდეს, დათანხმდეს შეთავაზებულ შეთანხმებას, აშშ-ის არმია განაგრძობს ირანში შემავალი ან იქიდან გამომავალი ყველა ხომალდის ბლოკირებას.

ასევე ნახეთ

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადაზე

ასევე ნახეთ

ჯოი ჰუდი: რა ისწავლეს აშშ-მ და ირანმა ხუთკვირიანი ომიდან?

"ჩვენ აქტიურად გავედევნებით ირანის დროშით მცურავ ნებისმიერ ხომალდს ან ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ირანისთვის მატერიალური დახმარების გაწევას ცდილობს", - თქვა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა. ხომალდებს, რომლებიც ბლოკადის გარღვევას შეეცდებიან, გადაიტაცებენ და გააფრთხილებენ, რომ ბლოკადის დაუცველობის შემთხვევაში ძალა იქნება გამოყენებული. ეს ზომები იმოქმედებს როგორც ირანის შიდა ტერიტორიულ წყლებზე, ისე საერთაშორისო წყლებში - დასძინა მან ბრიფინგზე.

ჰეგსეთის თქმით, ჰორმუზის სრუტეზე ირანში შემავალი ან იქიდან გამომავალი ხომალდების ბლოკირებას აშშ გააგრძელებს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ბლოკადა უკვე ოთხი დღეა მოქმედებს. ეს ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკანასკნელი მცდელობაა, აიძულოს ირანი, რომ დათმობებზე წავიდეს, მათ შორის იკისროს ვალდებულება, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე ან ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო საშუალებების მოპოვებაზე.

ამას წინ უძღოდა ავიადარტყმები, რომლებიც ერთ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, და დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი ეკონომიკური სანქციები. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანმა დიდწილად დახურა ჰორმუზის სრუტე, რამაც გლობალური ენერგეტიკის მიწოდებაში მასშტაბური წყვეტა გამოიწვია.

ასევე ნახეთ

„ტანკერების ომი.“ კრიზისი ჰორმუზის სრუტეში: გუშინ და დღეს