სლოვაკეთი ისევ დაბლოკავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტს, თუ „დრუჟბით“ ნავთობს არ მიიღებს

ევროკომისიის მიერ მომზადებული, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი ევროკავშირის ლიდერებს 2026 წლის 23 თებერვალს უნდა მიეღოთ, თუმცა სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს

სლოვაკეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
  • ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავის წინ, 2026 წლის 23 თებერვალს გეგმავდა, თუმცა ვერ შეძლო უნგრეთის და სლოვაკეთის უარის გამო. სანქციების ამოქმედებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება.
  • სლოვაკეთმა და უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკეს „დრუჟბით“ უკრაინიდან რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.
  • კიევის თანახმად, იანვრის ბოლოდან ნავთობის ტრანზიტი შეწყდა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მილსადენის მონაკვეთზე რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა ორბანმა და ფიცომ უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

ასევე ნახეთ

ზელენსკის თქმით, ნავთობსადენი “დრუჟბა” აპრილის ბოლომდე ამოქმედდება

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა 16 აპრილს, ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ „დრუჟბის“ მუშაობა არ განახლდება და დღის წესრიგში დადგება სანქციების მე-20 პაკეტზე კენჭისყრა, სლოვაკეთი ხმას ისევ წინააღმდეგ მისცემს.

ამასთან, ბლანარის თანახმად, სლოვაკეთი წინააღმდეგობას არ გაუწევს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას. ეს კრედიტი თებერვალში დაბლოკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ორბანის პარტია „ფიდესი“ 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ".

  • უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 მარტს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს მილსადენის მუშაობის განახლებაზე 1-1,5 თვის, ანუ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიციის გამარჯვების იმედი აქვს. ფიცომ უკრაინისთვის კრედიტის დაბლოკვას უწოდა „ლეგიტიმური ინსტრუმენტი" ნავთობის ტრანზიტის განახლების მისაღწევად და არ გამორიცხა უნგრეთისგან „ესტაფეტის მიღება".

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის კრედიტის გაცემას წინააღმდეგობას არ გაუწევს.

ასევე ნახეთ

„გადატვირთვის“ მოლოდინში - რას ნიშნავს მადიარის გამარჯვება ევროკავშირისთვის

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ფიდესის" დამარცხების შემდეგ ევროკომისიაში იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის პირველ ტრანშის გადარიცხვას 2026 წლის მეორე კვარტალში შეძლებენ.

უკრაინას ევროკავშირის კრედიტი სჭირდება როგორც სოციალური და სხვა საბიუჯეტო ხარჯების, ისე არმიის საჭიროებებისთვის.