27 აპრილს რუსეთში ჩავიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გამთენიისას სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ არაყჩის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში დაეშვა. სააგენტომ შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
არაყჩისა და პუტინის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
რუსეთში ჩასვლამდე, გასული კვირის ბოლოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსულტაციები გამართა პაკისტანსა და ომანში. არაყჩი შეხვედრებს მართავს იმ დროს, როცა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია.
- აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.
- აშშ და ირანი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ პაკისტანის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკების გაგრძელებას.
ასევე ნახეთ
ტრამპი: გაუქმდა ისლამაბადში უიტკოფის და კუშნერის ვიზიტი- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო. თეირანის მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ზომა იყო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
- 7 აპრილს, პაკისტანის შუამავლობით, შეერთებული შტატები და ირანი დასთანხმდნენ მოლაპარაკებას, მანამდე კი საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. თუმცა ირანმა სრუტე არ გახსნა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ორკვირიანი ზავის მიუხედავად ისრაელმა ლიბანში არ შეწყვიტა პროირანული ჰეზბოლას საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია.
- 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველი მოლაპარაკება აშშ-სა და ირანს შორის. ვაშინგტონმა ვერ მიაღწია მთავარი მოთხოვნის შესრულებას, თეირანის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
- ისლამაბადში უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადის ბრძანება გასცა.
- 16 აპრილს, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღწეულია ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება. თავის მხრივ, ირანმა გამოაცხადა, რომ ზავის მოქმედების პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა სავაჭრო გემისთვის ღია იქნება.
- 18 აპრილს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ისევ დაბლოკა ამერიკული საზღვაო ბლოკადის გამო.
- პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 20-26 აპრილის კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ არ შედგა.