28 აპრილს გამთენისას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „უპილოტოების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. დაშავებულები არ არიან”.
შტაბის თანახმად, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 122 ადამიანი და 39 ერთეული ტექნიკა.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული გამოცემა ASTRA წერს, რომ 28 აპრილს დრონებით შეტევა იყო ქარხნის რეზერვუარების პარკზე.
განახლება: 28 აპრილს, დღის 12 საათისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მორიგი შეტევა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. გენშტაბის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო არმიის უზრუნველყოფაში ჩართულ ქარხანაზე დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
16 აპრილიდან მესამე დარტყმა
თითქმის ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე დარტყმაა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საზღვაო ტერმინალზე.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ობიექტს დრონებით შეუტიეს 16 და 20 აპრილსაც. 20 აპრილის შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი 24 აპრილს ჩააქრეს. ტუაფსეში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები შეიქმნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 27 აპრილს საღამოს გამოაქვეყნა „დაზუსტებული მონაცემები", რომელთა თანახმად, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 20 აპრილს განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურებულია 24 და დაზიანებულია 4 რეზერვუარი.
სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტუაფსეს ქარხანამ ნავთობის გადამუშავება ჯერ კიდევ 16 აპრილის შეტევის შემდეგ შეაჩერა.
- ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთიანი საწარმოო კომპლექსია თავისი საზღვაო ტერმინალით და საჯარო წყაროების მიხედვით, წელიწადში 12 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- ქარხანა რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაშია.
- ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა.
ასევე ნახეთ
„ნავთობის წვიმა“ ტუაფსეში - რუსეთის ომის ეკოლოგიური შედეგები- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.