ერევანი უარყოფს ცნობებს „საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების“ შესახებ

„როგორც ადრე უარვყავით, ჩვენ ახლაც უარვყოფთ და მომავალშიც უარვყოფთ ასეთი შინაარსის ნებისმიერ პუბლიკაციას“ - ფაშინიანის პრესმდივანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი ნაზელი ბაღდასარიანი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა სომხეთის მიერ საქართველოსთვის „სოფლის გადაცემის“ ან ასეთი გეგმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი ცნობები გავრცელდა 27 აპრილს ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთის სასაზღვრო ძალების ღონისძიებაზე, სადაც ისაუბრა სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე და ამ გზაზე პროგრესზე.

მედიაში, - მათ შორის ქართულ მედიაში, - გავრცელებული ცნობის თანახმად, დემარკაციის პროცესის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, სომხეთი საქართველოს ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას გადასცემს.

რას ამბობს ფაშინიანის პრესმდივანი?

ნაზელი ბაღდასარიანის მიერ 28 აპრილს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჯილიზა არის სომხეთის ნაწილი:

„სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის თუ შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“, თავისი არსით, რეალობას ვერ შეესაბამებოდა“, - განაცხადა მან.

„ამიტომ, როგორც ადრე უარვყავით, ჩვენ ახლაც უარვყოფთ და მომავალშიც უარვყოფთ ასეთი შინაარსის ნებისმიერ პუბლიკაციას, მათი ფიქციური ხასიათის გამო“, - წერს იგი.

რა თქვა ფაშინიანმა?

27 აპრილს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე ისაუბრა, - აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

„უახლოეს მომავალში აზერბაიჯანთან სადემარკაციო სამუშაოებს გავაგრძელებთ, დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც“, - თქვა მან.

ფაშინიანის სიტყვის თარგმანი 27 მარტსვე ქართულად გამოაქვეყნა სომხეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესმა“ (გამოცემა ქართულენოვან ვერსიასაც ამუშავებს).

ასევე ნახეთ

ერევანი და ბაქო შეთანხმდა საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივ საქმიანობაზე

მან ისაუბრა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მუშაობის დაწყების შემდეგ მიღწეულ შეთანხმებაზე 12 კმ-ის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე, რაც დადებითად შეაფასა. იქვე განაცხადა:

„დღის წესრიგში გვაქვს ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის შეჯამების საკითხიც და ამის შესახებ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს. ამით, არსებითად, სომხეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება“.

სხვა რაიმე დეტალზე საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ არ უსაუბრია.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარა

რადიო თავისუფლება 28 აპრილს დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად, ასევე კითხვით, რა ეტაპზეა სომხეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი. პასუხი მიღების შემთხვევაში აქვე აისახება.

ცნობები მედიაში

ცნობები თითქოსდა „საქართველოსთვის სოფლის გადაცემის“ შესახებ გაავრცელეს სომხურ ოპოზიციასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმაც.

ამას მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები სოციალურ ქსელებში.

„ჯილიზას გადაცემის“ შესახებ ცნობები სომხურ მედიაში გავრცელდა 2024 წელსაც.

სომხეთში ახლა წინასაარჩევნო პერიოდია - საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი.

  • საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროკავშირმა სომხეთში გაგზავნა „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი“, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში;
  • გასულ კვირას ევროკავშირმა დაამტკიცა მეორე, უფრო ხანგრძლივი, 2-წლიანი სამოქალაქო მისია, მსგავსი მიზნით, - რაც, ოფიციალური მოსკოვის შეფასებით, სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.

პოლიტიკური ინიციატივის, „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი, - რომელიც იცნობს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის პოლიტიკას, - წერს, რომ ასეთი ცნობების გავრცელებას უარყოფითი გავლენა ექნება დემარკაციის პროცესზე.

„ეს ასევე არის საკმაოდ საშიში რამ, საუბარი ორ ქვეყანას შორის ათლეულებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე, არსებობს კომისია, მისი მუშაობა და დოკუმენტები საიდუმლოა“, - დაწერა მან.

ასევე ნახეთ

სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ

დეზინფორმაცია „ლგბტ მარშზე“

ეს არ არის სომხეთის შესახებ ქართულ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა.

2026 წლის წლის თებერვლის დასაწყისში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა ფაშინიანმა დაამტკიცა 7 აპრილს „ლგბტ აღლუმის“ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება.

ინფორმაციის პირველწყარო ჩინეთის საერთაშორისო სატელევიზიო ქსელის თურქულენოვანი პლატფორმა, CGTN Turk-ი, იყო.

ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს ასევე აზერბაიჯანულმა ვებსაიტმა haqqin.az-მა, ასევე ქართულმა პროსამთავრობო ტელეარხებმა „იმედმა“, „რუსთავი 2-მა", POSTV-მ (მოგვიანებით წაშალეს) და არაერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ.

„გავრცელებული მასალა უცხოური ინფორმაციული მანიპულირების ნიშნებს ატარებს და ჰიბრიდული გავლენის კამპანიის ნაწილია“, - განაცხადა მაშინ ფაშინიანის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

ასევე ნახეთ

ფაშინიანის პრესმდივანმა უარყო ერევანში "ლგბტ მარშის" შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები