ომში გაჭედილები - უპირატესობა უკრაინის მხარეს გადადის?

კოლაჟი: მიხაილ ზვინჩუკი, Telegram-არხ „რიბარის“ ავტორი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ომის ჩიხზე: სამხედრო ბლოგერები შეტევის პოტენციალის ამოწურვას აღიარებენ, ექსპერტები კი ამბობენ, რომ უკრაინა ინიციატივის გადაბარებას უახლოვდება. რას ცვლის დრონების ომი, „რუხი ზონის“ გაფართოება და დადგა თუ არა გარდატეხის მომენტი ფრონტზე?

რუსი სამხედრო ბლოგერები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის არმიას შეტევის გაგრძელება აღარ შეუძლია. უკრაინის შეიარაღებული ძალების უპირატესობა ე.წ. მცირე ცაში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თითქმის ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებას. უკრაინული დრონები უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთს ზურგში ურტყამენ. ტუაფსესა და უსტ-ლუგას, სადაც პორტები და ნავთობის ინფრასტრუქტურაა განთავსებული, დაემატა იერიშები ანექსირებულ სევასტოპოლსა და თვით უშორეს ეკატერინბურგზეც.

„რუხი ზონა“ (ტერიტორია, რომელსაც მკაფიოდ არცერთი მხარე არ აკონტროლებს) სულ უფრო ფართოვდება; სამხედროების ნაწილი ფრონტამდეც კი ვერ აღწევს, ისე იღუპება. რუსი სამხედრო მიმომხილველი მიხაილ „რიბარი“ ზვინჩუკი ამბობს, რომ რუსეთი ომში ჩაიფლო, საბრძოლო მოქმედებები კი ნანგრევებისა და „ბებოების სოფლებისთვის“ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავენ. თუმცა თვით რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი აღიარებენ, რომ წარმატებისთვის იმაზე ხუთჯერ მეტი ადამიანური რესურსია საჭირო, ვიდრე ახლა ჰყავთ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა იური ბალუევსკიმ, რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში გამოსვლისას, გააკრიტიკა ომის მიმდინარეობა და რუსეთის სამხედრო სტრატეგია. დისკუსიისას მან თქვა: „სულ ველოდი, როდის დავიწყებდით მთელი ძალით მოქმედებას!“ ბალუევსკიმ განსაკუთრებით დაიჩივლა იმაზე, რომ რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინული დრონების გახშირებული იერიშების ეფექტიან მოგერიებას. მოგვიანებით ბალუევსკის გამოსვლის ტექსტი წაშალეს საზოგადოებრივი პალატის საიტიდან. იმაზე, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შედის, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რუსი სატელევიზიო პროპაგანდისტებიც და პროსამხედრო ბლოგერებიც.

„ჯერ ვნახეთ უსტ-ლუგა, შემდეგ - ტუაფსე, ახლა თვალს ვადევნებთ ეკატერინბურგს... კიდევ გამოჩნდება რამე... საერთოდ, ვის აბარია საჰაერო თავდაცვა? მე არ ვიცი! უბრალოდ არ ვიცი! არ ვაპირებ ვინმეს დადანაშაულებას სამხედრო სტრუქტურაში. საქმე ამაში როდია“, - განაცხადა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა.

ასევე ნახეთ

პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა ბელგოროდელებს მიმართა, „ხმა გაიკმინდონ"

სხვა ე.წ. Z-ბლოგერებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ვერ უმკლავდებიან უკრაინული დრონების გაძლიერებულ და გახშირებულ იერიშებს და რომ საჭიროა რადიკალური ცვლილებების გატარება.

„ან მწყობრიდან უნდა გამოვიყვანოთ დრონების საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც ევროპაში მდებარეობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში წლის ბოლოსათვის ძალიან დიდი პრობლემები გვექმნება“, - დაწერა Z-ბლოგერმა „ვოენნი ოსვედომიტელმა“.

რამ შეიძლება შეცვალოს ომის მსვლელობა ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ? უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო პრიტულა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს:

“მადლობა მინდა გადავუხადო პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვს, რომელმაც მთელ რუსეთს გააგებინა, რომ უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს უსტ-ლუგასა და ტუაფსეს. ინტერნეტისა და Telegram-ის ბლოკირების გამო ეს ამბავი ყველა რუსმა არ იცოდა, ახლა კი იციან. დროა რუსეთი მოემზადოს დევალვაციისთვის, იმისთვის, რომ ფული გაუფასურდება. ომის მსვლელობის შესაცვლელად, „დაფის ამოსატრიალებლად“, საჭირო იქნება უფრო მკაცრი ზომების მიღება, ვიდრე მობილიზაციაა. საუბარი უკვე აღარ არის ომსა და უკრაინის დაპყრობაზე — ახლა საუბარია პუტინის ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამისთვის მას უფრო მკაცრი ზომების მიღება დასჭირდება”.

სამხედრო ექსპერტის თქმით, მობილიზაცია ამ ზომებიდან მხოლოდ ერთ-ერთია, რომლის გადადგმაც აუცილებლად მოუწევს პუტინს.

მიხაილო პრიტულა

„მას რაც შეიძლება მეტი ადამიანის „იარაღის ქვეშ დაყენება“ დასჭირდება, - ამბობს მიხაილო პრიტულა, - ანუ მოუწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხალხს არ მოსწონს. მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს აუცილებელია და მისი გარემოცვა სწორედ ამაზე იმუშავებს. შესაძლოა, ეს პუტინს დაეხმაროს ძალაუფლების რამდენიმე წლით შენარჩუნებაში. რუსებს კი ქამრების შემოჭერა და იმის გახსენება მოუწევთ, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი. ვფიქრობ, რუსეთი სწორედ ამ ზღვარს უახლოვდება. ეს ძალიან მძიმე და სახიფათო ზღვარია, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია”.

სამხედრო ანალიტიკოსის, დავიდ შარპის თქმით, პუტინი აქამდე იმედოვნებდა, რომ მინიმალურ ამოცანებს არსებული ძალებით შეასრულებდა:

“ის ელოდება და იმედოვნებს, რომ სადღაც უკრაინული ფრონტი ჩამოიშლება, უკრაინელები გამოიფიტებიან და მაშინ უფრო მეტის მიღწევას შეძლებს. პუტინის მინიმალური ამოცანაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, ასევე დამატებითი ტერიტორიების — მაგალითად, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ნაწილის — დაკავება. დონეცკის ოლქის დაკავების გარეშე ის საკუთარ ელექტორატსა და Z-ბლოგერებს ვერ ეტყვის, რომ ომის რომელიმე მიზანი შესრულდა. რადგან ე.წ. დნრ-ისა და ლნრ-ის „გათავისუფლება“ იყო მიზანი, რომელსაც მკაფიო გეოგრაფიული კონტური ჰქონდა. თავდაპირველად უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს ბუნდოვნად ჟღერდა. ხოლო „დნრ-ისა" და „ლნრ-ის" გათავისუფლება საკმარისად მკაფიოდ იყო ფორმულირებული. ამიტომ ვფიქრობ, დონეცკის ოლქის დაკავების გარეშე პუტინს გაჩერება არ შეუძლია”.

ასევე ნახეთ

გენერალი მარკ კიმიტი: „დიდი ალბათობით, ომის მეხუთე წლისთავსაც ვიხილავთ“

დავიდ შარპის თქმით, რუსეთი იმედოვნებდა და იმედოვნებს, რომ ასე თუ ისე, დიდი დანაკარგების ფასად, დარჩენილ კვადრატულ კილომეტრებსაც დაიპყრობს.

“ან ასევე იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინა მოლაპარაკებების შედეგად ამ ტერიტორიებს დათმობდა და ესეც გამარჯვების დამატებითი ფაქტორი გახდებოდა. ვვარაუდობ, მათ ამ ტერიტორიის დაკავება 2026 წლის ბოლომდე სურთ, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურად გამოიყურება. შესაბამისად, პუტინს მუდმივად მოუწევს არჩევანის გაკეთება — იფიქროს, რომ შეუძლია „მოაწვეს“, რომ ჯერ დრო აქვს, ან წავიდეს რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის მობილიზაციის გამოცხადებაზე და ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გასამხედროებაზე. შანსების გასაზრდელად და წინსვლის დასაჩქარებლად პუტინი მართლაც შეიძლება წავიდეს მობილიზაციაზე და ეკონომიკა კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გადაიყვანოს სამხედრო რელსებზე. ამას ძალიან მაღალი ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური ფასი აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ პუტინი აქამდე ამ ნაბიჯზე არ წასულა. თუმცა, თუ პოლიტიკას შევეშვებით, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, მობილიზაცია მას დიდი ხნის წინ უნდა გამოეცხადებინა”, - ამბობს დავიდ შარპი, რომლის თანახმადაც, მობილიზაციის გამოცხადებისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რადგან მასშტაბური მობილიზაციის შემთხვევაში საჭირო იქნება ახალი დანაყოფების შექმნა, გაწვეულთა მომზადება და მათთვის დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენა.

დავიდ შარპი

„ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ პროცესს რესურსები სჭირდება, მათ შორის გამზადებული აღჭურვილობა, ტექნიკა და საბრძოლო მასალა — და ამ მხრივაც პრობლემებია. ამიტომ, თუ სწრაფ მობილიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას წმინდა სამხედრო თვალსაზრისითაც სერიოზული მინუსი აქვს”, — დარწმუნებულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავიდ შარპი.

გამოცემა „მედუზა“ იხსენებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის არმია, როგორც წესი, მაისში არღვევდა ხოლმე ფრონტის ხაზს და დონბასში მნიშვნელოვან ტერიტორიებს იკავებდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, 2026 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთ არიან მომზადებული.

“ვფიქრობ, ამ ზაფხულს უკრაინა ინიციატივას წაართმევს რუსეთის არმიას, - ამბობს მიხაილო პრიტულა, - ამიტომ რუსებმა უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში, შესაძლოა მობილიზაცია გამოაცხადონ. ზაფხულის ფორმაზე გადასვლას დაელოდებიან, რადგან ყველას ზამთრის ფორმით აღჭურვას აზრი არ აქვს. ამიტომ დაელოდებიან მაისს, როცა „მწვანე საფარი“ გაჩნდება, ბევრი ფოთოლი იქნება და, დიდი ალბათობით, რუსეთი მობილიზაციას დაიწყებს”.

ექსპერტის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით, მობილიზაცია ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პუტინს თავისი პოლიტიკური გათვლები ჰქონდა, ახლა კი უკვე გვიანია.

„მიუხედავად ამისა, სხვა გამოსავალი რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს და სწორედ ასე იმოქმედებენ. ვფიქრობ, მობილიზაციას დაახლოებით 9 მაისისთვის ან ცოტა მოგვიანებით დაიწყებენ”, — მიიჩნევს მიხაილო პრიტულა.

სამხედრო ექსპერტი დავიდ შარპი კი არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინა სწორედ წელს შეძლებს რუსეთისთვის ინიციატივის წართმევას:

ასევე ნახეთ

უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი: ისწავლეს თუ არა რუსეთის ჯარებმა ომის უკეთესად წარმოება?

“იმისთვის, რომ ინიციატივა გადაიბარონ და თავად გადავიდნენ შეტევაზე, ძალიან სერიოზული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები უნდა მოხდეს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ადამიანური და მატერიალური რესურსი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, ხოლო უკრაინაში, რომელსაც პირადი შემადგენლობის მხრივ სერიოზული სირთულეები აქვს, ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. უკრაინასაც სჭირდება მობილიზაცია, შევსების ღონისძიებები და დასავლელი პარტნიორების დახმარების გაზრდა”.

თუმცა დავიდ შარპი იმასაც ამბობს, რომ ბოლო თვეებში ის ინიციატივა, რომელიც რუსეთის არმიას 2023 წლის შემოდგომიდან ჰქონდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნაწილობრივ ჩაახშეს.

“რუსეთის შეტევა გეგმის მიხედვით არ მიდის — აშკარად უფრო დიდი შედეგის იმედი ჰქონდათ. მეტიც, ისინი არ ელოდნენ უკრაინული ძალების წარმატებულ კონტრშეტევებს ფრონტის სამხრეთ ნაწილში. ინიციატივა კვლავ რუსეთის მხარესაა, მაგრამ ის თანდათან მცირდება და მალე შეიძლება საერთოდ ნიველირდეს. ამგვარი ტენდენციის გაგრძელება ფრონტზე შექმნილ ვითარებას სრულ ჩიხში შეიყვანს. შეძლებენ თუ არა უკრაინელები ამ ტენდენციის გაგრძელებას — ამაში დარწმუნებული არ ვარ”, — ამბობს დავიდ შარპი.