Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი: ისწავლეს თუ არა რუსეთის ჯარებმა ომის უკეთესად წარმოება?

რუსეთის ქვეითმა ჯარებმა თვეების განმავლობაში მიმდინარე სისხლიან შეტაკებებში დაქანცეს უკრაინის ძალები, მაგრამ ასტრონომიული რაოდენობის მსხვერპლის საფასურად.
რუსეთის ქვეითმა ჯარებმა თვეების განმავლობაში მიმდინარე სისხლიან შეტაკებებში დაქანცეს უკრაინის ძალები, მაგრამ ასტრონომიული რაოდენობის მსხვერპლის საფასურად.

უკრაინამდე ბოლო სუვერენული ქვეყანა, რომელშიც რუსეთი შეიჭრა, იყო საქართველო. მოსკოვმა გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის 16-დღიანი კონფლიქტში, მაგრამ ეს ქაოსურად მოხდა და აჩვენა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი განახლება სჭირდებოდა.

ოთხი წლის წინ ნახევრად რეფორმირებული რუსული სამხედრო ძალები კვლავ გამოცდის წინაშე დადგა, როდესაც ასიათასობით ჯარისკაცი შეიჭრა უკრაინაში. თუკი სავალალო დანაკარგებით ვიმსჯელებთ, - მოკლული და დაჭრილია 1,2 მილიონზე მეტი და მათი რიცხვი იზრდება, - ვითარება კიდევ უფრო ქაოსურია. და მოსკოვს ჯერ კიდევ არ გაუმარჯვია.

მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სწავლობენ. საკითხავია, რამდენი ისწავლეს მათ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.

„ისინი ეგუებიან ბრძოლის ველს, მაგრამ სტრატეგიისა და ოპერაციების თვალსაზრისით ჯარში უფრო მუდმივი ცვლილებები მოგვიანებით მოხდება“, უთხრა რადიო თავისუფლებას კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსმა მკვლევარმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ხნის სპეციალისტმა დარა მასიკომ.

„იმ ცვლილებას, რომელიც განიცადეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ადაპტაციას უფრო ვუწოდებდი, ვიდრე რეფორმას, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, ეს დიდწილად საკმაოდ მყისიერი ზეწოლით არის განპირობებული“, განაცხადა ნიკ რეინოლდსმა, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, Royal United Services Institute-ის სახმელეთო ომის მკვლევარმა.

„ის არ ქმნის იდეალურ ძალას, რომელიც მომავალში იქნება საბრძოლველად ეფექტიანი. ის წყვეტს ოპერატიულ პრობლემებს და ცდილობს საკუთარი სტანდარტებით საკმარისად კარგი ძალის შექმნას, რათა გადაჭრას მის წინაშე არსებული პრობლემები“, დასძინა მან.

„არ ყოფილა „რეფორმა“ ამ სიტყვის რუსული გაგებით. ომის ლოგიკა ამას შეუძლებელს ხდის“, თქვა ფინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რუსეთის კვლევითი ჯგუფის პროფესორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იუჰა კუკოლამ.

რუსეთის სამხედრო ძალები „შეცდომებზე სწავლობენ... ერთდროულად კარგავენ გამოცდილ ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას და ამავე დროს ომის შემდეგ ეტაპზე გადარჩენას სწავლობენ“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

მიღებული გაკვეთილები „გამოსადეგია ამ ომის საჭიროებებისთვის, მაგრამ შესაძლოა მათი გამოყენება არ მოხერხდეს შემდეგ ომში“, თქვა მან.

რუსეთის ჯარისკაცები რაკეტებს ისვრიან BM-21 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადით" როსტოვის ოლქში სამხედრო წვრთნის დროს. 14 ნოემბერი, 2019.
რუსეთის ჯარისკაცები რაკეტებს ისვრიან BM-21 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადით" როსტოვის ოლქში სამხედრო წვრთნის დროს. 14 ნოემბერი, 2019.

საქართველოსა და უკრაინას შორის

საქართველოში ქაოსური გამარჯვების შემდეგ მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვს დაევალა სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების კურირება, მათ შორის იყო დიდი ხნის წინანდელი საბჭოთა აზროვნებაზე უარის თქმა.

მან სცადა ჯარების საერთო რაოდენობის შემცირება; მან მოახდინა სამხედრო განათლების რეორგანიზაცია; მან პრიორიტეტი მიანიჭა უმცროს ოფიცრებს, როგორებიც არიან სერჟანტები; მან სცადა არმიის რესტრუქტურიზაცია, დიდ მოუქნელ დივიზიებზე უარის თქმა უფრო მცირე, უფრო მოქნილი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების სასარგებლოდ.

ანატოლი სერდიუკოვი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2012 წელს გაათავისუფლა კორუფციული სკანდალის ფონზე.
ანატოლი სერდიუკოვი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2012 წელს გაათავისუფლა კორუფციული სკანდალის ფონზე.

დიდი ინვესტიციები განხორციელდა ახალ ტანკებში, ახალ ჯავშანტრანსპორტიორებში, ახალ რაკეტებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ კომუნიკაციებზე, რომლებმაც საქართველოში მარცხი განიცადა.

თუმცა 2012 წელს ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაათავისუფლა და მისი საქმიანობა სკანდალის ჩრდილში მოექცა. მისმა შემცვლელმა, პუტინის დიდი ხნის ნდობით აღჭურვილმა სერგეი შოიგუმ, ყური არ ათხოვა ვეტერან ოფიცრებს, რომლებიც რეფორმების კურსიდან სრულმასშტაბიან შემობრუნებას ითხოვდნენ, მაგრამ ცოტა რამ გააკეტა შემდგომი მოდერნიზაციისთვის.

„სერდიუკოვის რეფორმები სინამდვილეში ეხებოდა რუსეთის მიერ ლოკალური ომის წარმოების გაუმჯობესებას“, თქვა კატრი პინონიემიმ, ჰელსინკის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ფინური ცენტრის პროფესორმა. „შემდეგ, დაახლოებით 2012 წლისთვის, ვითარება შეიცვალა. აქცენტი გაკეთდა უფრო მასშტაბური ომისთვის მზადებაზე... სინამდვილეში არაფერი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის რეჟიმის მხრიდან საფრთხის აღქმა შეიცვალა. ამან რეფორმები შეაჩერა“.

მომდევნო წლებში კრემლმა წამოიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია: საექსპედიციო ოპერაცია სირიაში. ექსპერტების თქმით, იქ მან ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა კოორდინირებული საჰაერო დარტყმები: როდესაც ხმელეთზე მყოფი ჯარისკაცები პირდაპირ კოორდინაციას უწევენ ჰაერში მყოფ პილოტებს კონკრეტულ სამიზნეებზე დასარტყმელად.

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გარეშე დამკვირვებლები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის უფრო დიდი, უკეთ შეიარაღებული არმია რამდენიმე დღეში შევიდოდა კიევში. ეს არ მოხდა, ნაწილობრივ უკრაინელთა გამბედაობის, მაგრამ ასევე რუსების ცუდი ოპერაციების გამო.

ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ორი კონტრშეტევითი ოპერაცია განახორციელეს და რუსეთის ჯარებს უკან დაახევინეს: ხერსონის ოლქის სამხრეთში და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ამასობაში კრემლი ცვლიდა სარდლებს და ცდილობდა იმპულსის აღდგენას. გენერალი სერგეი სუროვიკინი, სანამ ის 2023 წლის ივნისში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მეომართა მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილ ხანმოკლე ამბოხებაში არ აღმოჩნდებოდა ჩათრეული, ახერხებდა რუსული პოზიციების სტაბილიზაციას, ნაწილობრივ მასშტაბური, მრავალსაფეხურიანი თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობით, რომლებიც „სუროვიკინის ხაზის“ სახელით არის ცნობილი.

რუსეთის სარდლები ასევე დაუბრუნდნენ მოძველებულ, დრომოჭმულ საბჭოთა ტაქტიკას: უკრაინის თავდაცვის დასათრგუნად ბრძოლაში ქვეითთა ტალღების გაგზავნას. ესენი ძირითადად იყვნენ ცუდად გაწვრთნილი და მსუბუქად შეიარაღებული მეომრები, ზოგჯერ პატიმრები და დიდი დანაკარგების გამო ამან „ხორცსაკეპის“ სახელი შეიძინა.

უკანასკნელ ხანებში ოფიცრებმა დაიწყეს მსუბუქად შეიარაღებული მეომრების გამოყენება, რომლებიც უკრაინელთა თავდაცვის გარღვევას ცდილობენ მოტოციკლებითა და მაღალი გამავლობის მანქანების გამოყენებით, რათა სწრაფად გადაადგილდნენ და დრონებისთვის თავის არიდება შეძლონ.

შედეგი? რუსეთს უფრო დიდი დანაკარგი აქვს მოკლულთა და დაჭრილთა სახით, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ომში, რომლებსაც ის აწარმოებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„ჯავშანტექნიკის უდიდესი ნაწილი დაკარგეს და მას მოწინავე ხაზზე უკვე აღარ გამოიყენებენ ისე აქტიურად და იმ რაოდენობით, როგორც ადრე,“ უთხრა რეინოლდსმა რადიო თავისუფლებას. „ფოკუსირებული არიან ქვეითთა იერიშებზე პოზიციების ხელში ჩაგდების მიზნით. შეგუებული არიან ძალზე დიდ დანაკარგებს. მათი სახმელეთო ჯარები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა, არ არიან ძალიან ბრძოლისუნარიანი“.

მასიკოს თქმით, მოწინავე ხაზები ასევე განიცდიან „დისციპლინასთან დაკავშირებულ საყოველთაო და უმძიმეს პრობლემებს“.

„სწორედ ამიტომაც ჩემთვის რთული იყო სიტყვა „რეფორმის“ გამოყენება რუსეთის არმიის მიმართ, ვინაიდან რეფორმისთვის საჭიროა პრობლემების აღიარება და იმის სურვილი, რომ რაღაც მოუხერხო მათ,“ თქვა მან. „და ვფიქრობ, ამჟამად მოწინავე ხაზზე არ არის ამ პრობლემების აღიარების სურვილი“.

რადიოელექტრონულ ფრონტზე

ექსპერტები საუბრობენ გაუმჯობესებებზეც: შთამბეჭდავია რუსეთის არტილერიის ტაქტიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების გამოყენება მოახლოებული დრონების ან თვითმფრინავების რადარების წინააღმდეგ.

დაბოლოს, დრონები.

ექსპერტების თქმით, რუსეთისთვის და უკრაინისთვის მთელი ომი შეცვალა დრონებმა: კამიკაძე დრონებმა „შაჰედებმა“, მომარაგების მძიმე სატრანსპორტო დრონებმა, პირველი პირის ხედვის დრონებმა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის დრონებმა. თავდაპირველად რუსეთი ჩამორჩებოდა დრონების განვითარებაში, მაგრამ შემდეგ ირანისგან შეიძინა ათასობით ერთეული და ტექნოლოგიები, რის მერეც საკუთარი წარმოებაც ააწყო.

რუსეთის ქვედანაყოფმა „რუბიკონმა“ უკრაინის ჯარებს გამანადგურებელი ზარალი მიაყენა. ჰიბრიდული ქვედანაყოფი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს და ყიდულობს, ამავე დროს ახალ ტაქტიკას ცდის და რეგულარულ ქვედანაყოფებთან ერთად იბრძვის. „რუბიკონის“ მოწინავე უპილოტო ტექნოლოგიების ცენტრი განიხილება როგორც ყველაზე წარმატებული ახალი ინიციატივა, რომელიც რუსეთმა 2022 წლიდან განახორციელა.

„როგორც მოდელი, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ეს ძალიან მოსწონს“, - თქვა მასიკოტმა. „სახელმწიფო რესურსების შესაბამისი დონით ის კვლევითი ორგანიზაციიდან გადაიქცა ოპერატიულ ორგანიზაციად და ახლა ის უფრო მეტად ასრულებს სასწავლო როლს. ეს არის ის, რისი გამეორებაც სურთ მათ სხვა სფეროებში“.

კუკოლას თქმით, რუსეთისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ის უბრალოდ უფრო დიდია:

„ამ ტიპის ომში არ არის აუცილებელი მოწინააღმდეგეზე „უკეთესი“ იყო. თუ სხვა არაფერი მოგეპოვება, მაგრამ უბრალოდ გაქვს მეტი რესურსი, ადამიანური და მატერიალური, და დრო, ეს სტრატეგიულად ცვლის სიტუაციას“, თქვა მან.

მაგრამ რუსეთს არა აქვს საკმარისი რესურსები, რომ უკრაინაში მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით დაიწყოს მომავალი ძალების განვითარება, დასძინა კუკოლამ, რადგან ის ძალიან ბევრ ადამიანს კარგავს.

„სამხედრო ძალები, რომლებიც ომს გამოივლიან, ზოგჯერ მისგან უფრო ძლიერები გამოდიან, ზოგჯერ კი სრულ მარცხს განიცდიან შემდეგი გამოცდისას“, თქვა მან.

ასევე ნახეთ:
XS
SM
MD
LG