უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის საექსპორტო პოტენციალის და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროების შესამცირებლად პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად, პერმის სადგურს დრონებით დაარტყეს სპეცოპერაციების ცენტრ „ალფას“ სპეციალისტებმა.
უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრის მანძილზე მდებარე სადგური, როგორც ამას უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რუსეთის მაგისტრალური ნავთობ-სატრანსპორტო სისტემის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰაბია და ამ სადგურის გავლით ნავთობს ანაწილებენ ოთხი მიმართულებით, მათ შორის პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად სადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და წინასწარი მონაცემებით, იწვის ნავთობის თითქმის ყველა რეზერვუარი.
ოპერაციის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ხმარამ მოახსენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მან სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ძლიერი კვამლი ჩანს.
29 აპრილს დილით რუსეთის პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონებით შეტევისას ქალაქ პერმის „ერთ-ერთ სამრეწველო მოედანზე“ ხანძარი გაჩნდა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
29 აპრილს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკზეც.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ შეტევა იყო ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“.
ეს ქარხანა მილიარდერი ოლიგარქის, მიხაილ გუცერიევის სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარის“ სტრუქტურაშია და წელიწადში დაახლოებით ექვსი მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
უკრაინას ორსკის ქარხანაზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.