Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დრონების სამიზნე იყო სავარაუდოდ, კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზი“ (საარქივო ფოტო)
ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზი“ (საარქივო ფოტო)

29 აპრილს დილით აფეთქებები იყო რუსეთის პერმის და ორენბურგის ოლქების ქალაქებში, პერმსა და ორსკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით თავდასხმების შესახებ განაცხადა.

პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონით შეტევა იყო ქალაქ პერმის „ერთ-ერთ სამრეწველო მოედანზე“, სადაც ხანძარი გაჩნდა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

  • პერმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს კომპანია „ლუკოილს". ქალაქში სამხედრო დანიშნულების ქარხნებიცაა.

რაც შეეხება ორსკს, ქალაქის მერმა არტიომ ვორობიოვმა დრონებით შეტევის გამო არსებული საფრთხის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა დილის შვიდი საათისთვის გააფრთხილა სოციალური ქსელებით.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზზე“.

ეს ქარხანა მილიარდერი ოლიგარქის, მიხაილ გუცერიევის სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარის“ სტრუქტურაშია და წელიწადში დაახლოებით ექვსი მილიონა ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

  • „ორსკნეფტეორგსინთეზზე“ უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის შემოდგომაზეც.

28 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ორ კვირაში მესამედ დაარტყეს რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მასშტაბური ხანძრის გამო ტუაფსეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

29 აპრილს დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ხანძარი „ლოკალიზებულია".

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.







ფორუმი

XS
SM
MD
LG