20-მდე დაშავებული, ნგრევა, ხანძრები - ოდესაზე ისევ მასირებული შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს 29 აპრილსაც

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები. შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 30 აპრილს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა 16 ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ლისაკის თანახმად, ოდესის პრიმორსკის რაიონში დაზიანებული და ნაწილობრივ დამწვარია ორი მრავალბინიანი სახლი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაზიანდა კერძო სახლები. ნაწილობრივ დანგრეულია საბავშვო ბაღის შენობა, დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობები. განადგურებულია ათეულობით ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ოდესის ხაჯიბეის რაიონში დაზიანებულია საწყობები.

განახლება: ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე დილის 11 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ

ტრამპი სავარაუდოდ, ირანს გულისხმობდა უკრაინის მარცხსა და 159 გემის ჩაძირვაზე საუბრისას
  • რუსეთის ჯარები ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. სამიზნეებს შორისაა საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები.