ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს 29 აპრილს უპასუხა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ტრამპმა და პუტინმა უკრაინის გარდა ირანზეც ილაპარაკეს.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელი ომი დასრულდება უფრო ადრე. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, „მსგავსი გრაფიკით“ და დასძინა, რომ „უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია“ და ფლოტი, 159 გემი „წყლის ქვეშაა“.
- აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ირანს, რადგან დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ 159 ირანული გემი ჩაძირეს.
- ტრამპს ბოლო ხანს არაერთხელ უთქვამს, რომ ირანის სამხედრო ძალების პოტენციალი გაანადგურეს და ეს 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, სანამ უკრაინასა და ირანში ომის დასრულების ვადების შესახებ შეკითხვას დაუსვამდნენ.
„ტრამპს უკრაინა და ირანი აერია, როცა 159 ჩაძირულ გემზე და ომში დამარცხებაზე საუბრობდა. მნიშვნელოვანია ამის დაზუსტება“, - დაწერა ტელეგრამ-არხზე უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიცერმა ანდრი კოვალენკომ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებულ, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრს ხელმძღვანელობს.
29 აპრილს თეთრ სახლს პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვების გამო განმარტება არ გაუკეთებია.
29 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას ისიც უთხრა, რომ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა უკრაინაში ხანმოკლე ზავი და ფიქრობს, რომ პუტინი ამას გააკეთებს.
კრემლის თანახმად, დროებითი ზავი პუტინის ინიციატივა იყო.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა 29 აპრილს განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ამასწინანდელი „სააღდგომო ზავი“, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია გამარჯვების დღის(9 მაისი) აღნიშვნის პერიოდში ზავის გამოცხადებისთვის მზადყოფნის შესახებ, ტრამპმა კი „ამ ინიციატივას მხარი აქტიურად დაუჭირა“.
უშაკოვის ცნობითვე, რუსული მხარის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრისას პუტინმა სწორი უწოდა ტრამპის გადაწყვეტილებას ირანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების შესახებ.
ფორუმი