უკრაინის ხელისუფლება აქტიურად მოითხოვს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას, რაც ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი მსჯელობს კიევისთვის მხარდაჭერის საკითხზე. ამ თემაზე სტატიას წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი (FT) აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, უკრაინისთვის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე უარი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, ზრდის ფრუსტრაციას კიევში და მზარდად ევროსკეპტიკური რიტორიკა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან, ძირს უთხრის კომპრომისის გამონახვის ძალისხმევას.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრები გამოიყენეს ბლოკის გაფართოებასთან ევროპული კომისიის მიდგომის კრიტიკისთვის და უფრო სწრაფი ინტეგრაციის მოთხოვნისთვის - წერს გამოცემა. კიევი ამტკიცებს, რომ ბრიუსელს უკრაინა ბლოკში ისევე ესაჭიროება, როგორც კიევს სურს გაწევრიანება - უთხრა ამ შეხვედრების დამსწრე რამდენიმე წყარომ FT-ს.
ევროპელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ასეთი რიტორიკა ართულებს მოლაპარაკებებს და უგულებელყოფს არსებულ პროცედურებს. "წევრობა საჩუქარი არ არის... შესაძლოა ეს იწვევს გაუგებრობას კიევში", - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას, ანონიმურობის დაცვის პირობით.
უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭა - ოთხ თვეში მას მერე, რაც უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა რუსეთი. ზელენსკი ითხოვდა, 2027 ყოფილიყო გაწევრიანების წელი, მაგრამ ევროკავშირის დედაქალაქებში ამაზე თანხმობა არ გაიცა. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე უარყვეს კომისიის "შებრუნებული გაწევრიანების" წინადადება, რომლითაც კიევს მხოლოდ სახელით მიენიჭებოდა წევრის სტატუსი და თანდათან გატარებული რეფორმების პარალელურად მოიპოვებდა ბლოკის წევრი ქვეყნის ყველა სარგებელს.
მიმდინარე თვეში ევროკავშირის ლიდერებმა მწვანე შუქი აუნთეს კიევისთვის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხს, რომელიც უკრაინამ უნდა მოახმაროს ფინანსური სექტორის სტაბილიზაციას და რუსეთისგან თავდაცვისთვის საჭირო იარაღის შესყიდვას.