Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, გაუმკაცროს 90-მილიარდიანი კრედიტის მიღების პირობები - Bloomberg

უკრაინის და ევროკავშირის დროშები კიევის ევროპის მოედანზე
უკრაინის და ევროკავშირის დროშები კიევის ევროპის მოედანზე

ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინას გაუმკაცროს მოთხოვნები, რომლებიც 90 მილიარდი ევროს კრედიტის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს. ეს თანხა კიევმა 2026-2027 წლებში უნდა მიიღოს.

პირობების გამკაცრების შესაძლებლობაზე სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, შესაბამის გეგმას ევროკომისია განიხილავს. მათ შორის საუბარია უკრაინის საგადასახადო კოდექსში არაპოპულარულ ცვლილებებზე, რომლებიც ბიზნესს უნდა შეეხოს.

  • ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის საბოლოო გადაწყვეტილება 23 აპრილს მიიღეს.
  • მანამდე კრედიტი დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც თანხმობის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას და რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას. ტრანზიტი 23 აპრილიდან განახლდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიან კრედიტს გამოიყენებს არმიის გასაძლიერებლად და უკრაინის მოქალაქეებისადმი არსებული სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად. ზელენსკის თანახმად, თანხას მიმართავენ იარაღის წარმოებისა და პარტნიორებისგან იარაღის შესაძენად და მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მოსამზადებლად.

უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდის" ცნობით, 29 აპრილს ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა 90-მილიარდიანი კრედიტის პირველ ტრანშს, საიდანაც 6 მილიარდი დრონებისთვისაა განკუთვნილი, 2026 წლის მეორე კვარტალში მიიღებს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კიევს დაუმტკიცა 90 მილიარდი ევროს კრედიტი, ვარაუდობდნენ, რომ უკრაინას ფინანსების პრობლემა 2028 წლამდე არ შეექმნებოდა, თუმცა 24 აპრილს გამოცემა WSJ-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკვე 2027 წელს უკრაინას საბიუჯეტო საჭიროებებისთვის დამატებით 19 მილიარდი ევრო დასჭირდება.



ფორუმი

XS
SM
MD
LG