პარასკევს პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ამცირებს თავის სამხედრო ძალებს გერმანიაში, ევროპის მასშტაბით მის უდიდეს ბაზაზე - იმ ფონზე, როცა ირანის ომთან დაკავშირებული უთანხმოება და ტარიფების საკითხი ისედაც დაძაბულობას იწვევს აშშ-სა და ევროპას შორის.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებაზე ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს ლაპარაკობდა და ევროპას მოუწოდებდა თავად ეკისრა პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე. თუმცა ეს მუქარა გაძლიერდა მიმდინარე კვირაში, მას მერე, რაც მას უთანხმოება მოუვიდა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან - რომელმაც კითხვები დაუსვა ახლო აღმოსავლეთიდან ვაშინგტონის გასვლის სტრატეგიას.
პისტორიუსის თქმით, სამხედროების ნაწილობრივი გაყვანა გავლენას იქონიებს გერმანიაში განთავსებულ, 40 000-მდე ამერიკელ სამხედროზე.
სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის დეკემბერში გერმანიაში აღირიცხებოდა სამხედრო სამსახურის 36 436 აქტიური წევრი.
"ჩვენ, ევროპელებმა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე", - განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, "გერმანია სწორ გზაზე დგას", რადგან ის ზრდის შეიარაღებულ ძალებს, უფრო სწრაფად ახორციელებს სამხედრო შესყიდვებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პენტაგონის განცხადებით, ჯარის გაყვანის პროცესი ექვსიდან 12 თვემდე გაგრძელდება.
ნატოს პრესმდივნის თქმით, ალიანსი აშშ-სთან მუშაობს ამ გადაწყვეტილების დეტალების დასადგენად.
პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა ამ პროცესების გარშემო.
"ტრანსატლანტიკური თემისთვის მთავარი საფრთხე მოდის არა გარე მტრებისგან, არამედ ჩვენი ალიანსის მიმდინარე დეზინტეგრაციისგან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კატასტროფული მოძრაობის შესაბრუნებლად", - თქვა ტუსკმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 25 პროცენტამდე გაუზრდის გადასახადებს ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტს, და ევროკავშირს ბრალი დასდო სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობაში. Reuters-ის შეფასებით, ამ ზომის გამო გერმანიის ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდები დაკარგოს.