- გამოცემის თანახმად, მას დოკუმენტი გადასცა ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს მთავრობის ოფიციალურმა პირმა, რომელსაც კავშირი აქვს ანგარიშის ავტორ სპეციალურ სამსახურთან.
- დოკუმენტში ასახული ზოგიერთ ინფორმაცია გამოცემამ დამოუკიდებლადაც დაადასტურა.
რა წერია „ვაჟნიე ისტორიის“ საიტზე 4 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში
2026 წლის მარტის დასაწყისიდან კრემლი და ვლადიმირ პუტინი შეშფოთებული არიან მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვით და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების, ან გადატრიალების მცდელობის რისკით. პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ.
ამის გამო დაცვის ფედერალურმა სამსახურმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები:
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემსვლელი პირები 2-დონიან შემოწმებას გადიან და შემცირდა რაოდენობა იმ ადგილების, სადაც პუტინი რეგულარულად იმყოფებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი აღარ მიდის მოსკოვის მახლობლად და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინი ხშირადაა კრასნოდარის მხარეში მდებარე მოდერნიზებულ ბუნკერებში, სადაც კვირაობით რჩება, რუსეთის სახელმწიფო მედია კი წინასწარ მომზადებულ ვიდეომასალებს იყენებს.
წელს ორგანიზებული არ ყოფილა პუტინის არცერთი სტუმრობა სამხედრო ობიექტებზე, განსხვავებით 2025 წლის ხშირი ვიზიტებისგან.
მოსკოვის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად ითიშება საკომუნიკაციო ქსელები.
თანამშრომლებს, რომლებიც პუტინთან მუშაობენ, მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალეს და ვალდებული არიან ისარგებლონ მოწყობილობებით, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც აუკრძალეს და მხოლოდ დაცვის ფედერალური სამსახურის ავტოტრანსპორტით გადაადგილდებიან.
მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომელთა სახლებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა დაამონტაჟეს
შოიგუს ფაქტორი
ანგარიშის თანახმად, „დესტაბილიზაციის პოტენციურ ფაქტორად“ განიხილება თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო მეთაურებში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის რისკთან ასოცირდება.
სერგეი შოიგუს ყოფილი პირველი მოადგილის, რუსლან ცალიკოვის დაპატიმრება განიხილება ელიტისთვის უსაფრთხოების არაფორმალური გარანტიების დარღვევად, შოიგუს პოზიციებს ასუსტებს და ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თავადაც გახდება სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი.
ასევე ნახეთ
დაკავებულია შოიგუს კიდევ ერთი მოადგილე — შემდეგი თვითონ შოიგუა?ძალოვან სტრუქტურებს შორის დაძაბულობის ზრდა
რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების ფიზიკური უსაფრთხოების თემამ დაძაბულობა გაზარდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის.
2025 წლის დეკემბერში, მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტ ფანილ სარვაროვის მკვლელობის შემდეგ გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს შესთავაზა სხდომის მოწვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მონაწილეობით, თუმცა პუტინმა არჩია თათბირის უფრო ვიწრო წრეში ჩატარება და ეს შეხვედრა გაიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარვაროვის მკვლელობიდან ორ დღეში, მკვლელობის ადგილის მახლობლად თავდასხმა იყო პოლიციელებზე.
ამ თათბირზე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებდნენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემების ხარვეზებზე უკრაინის სპეცსამსახურების შეტევების ფონზე.
პუტინის მიერ გამართული ამ თათბირის შემდეგ გააძლიერეს ათი რუსი გენერლის დაცვა.
რას ადასტურებენ თავად „ვაჟნიე ისტორიის” დამოუკიდებელი წყაროები
ის, რომ მოსკოვში ინტერნეტის შეზღუდვის უკან დაცვის ფედერალური სამსახური დგას და არა უშიშროების ფედერალური სამსახური, როგორც ამას არაერთი მედიასაშუალება წერდა, „ვაჟნიე ისტორიის” ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უთხრა უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა. თუმცა გამოცემამ ეს არ დაწერა, რადგან მეორე წყაროთი დადასტურება ვერ შეძლო. ახლა ამაზე საუბარია ევროპული დაზვერვის ანგარიშშიც.
შეთქმულების, ან გადატრიალების მცდელობის გამო პუტინის გაზრდილი შიში გამოცემას დაუდასტურა რამდენიმე საკუთარმა წყარომ.
პუტინის შიშის ერთ-ერთ ირიბ დასტურად გამოცემა ასახელებს იმ ფაქტსაც, რომ წელს წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმზე არ მიუწვევიათ რუსეთის დუმის არცერთი დეპუტატი.