ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე.
როგორც აღნიშნავენ, ასეთი ქსელებით უცხოეთის მოქალაქეთა გადაბირება მოტყუებით ხდება - ამ პირებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებიან, ხოლო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ან ფრონტის ხაზზე გზავნიან, ან თავდაცვის მრეწველობის ქარხნებში ამუშავებენ.
კერძოდ, სანქციები შეეხო ექვს პირს და ერთ ფირმას, რომლებიც, უწყების მონაცემებით, უცხოელების გადაბირებაში მონაწილეობენ, პროგრამა "ალაბუგა სტარტის" ფარგლებში. ესენი არიან ანასტასია ბარიშევა, კონსტანტინ ტრიფონოვი, ჩულპან ისლამოვა, სავსან იუსუპოვა, ელმირ საიფულინი და მიშელ გი ფრანს ავანა ატება, ასევე Enangue Holding-ი (საფრანგეთი). საქმე ეხება უცხოელების ჩართვას უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.
"უცხოეთის მოქალაქეებით ვაჭრობასთან" კავშირის გამო სანქციები შეეხო ხუთ კომპანიას და ცხრა პირს მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ტაილანდიდან და ჩინეთიდან. უკრაინასა და ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრაციის გამოყენებისთვის სანქციები დაუწესდა სერგეი მერზლიაკოვსა და პოლონა აზარნიხს.
"ბიბისიმ" მანამდე გაარკვია, რომ აზარნიხი ყოფილი მასწავლებელია. იგი ტელეგრამის არხის მეშვეობით აწარმოებდა ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან 490-ზე მეტი მოსაწვევი გაუგზავნა კაცებს იემენიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან, მაროკოდან, ერაყიდან, კოტ-დ'ივუარიდან და ნიგერიიდან.
სანქციების ნუსხაში ასევე მოხვდნენ რუსეთის და უცხოეთის ის კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ დრონების, დრონების კომპონენტების ან ორმაგი გამოყენების საქონლის რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის მიწოდებასთან. მათ შორის არიან პაველ და ეგორ ნიკიტინები, სერგეი კაშჩენკო, მიხაილ ვოლოვიკი, SNK TRADE, Eltech component-ი, M9 Logistics-ი, Sea2sky და Tanaq-ი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პაველ ნიკიტინი ფლობს კომპანიას, რომელიც ამუშავებს ВТ-40-ის ტიპის, FPV-დრონებს. ამ აპარატებს რუსეთი ფართოდ იყენებს უკრაინაზე დარტყმებში.
ევროპის საქმეებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა, სტივენ დაუტიმ, "ბარბაროსული" უწოდა რუსეთის პრაქტიკას, ომის მხარდაჭერისთვის ექსპლუატაცია გაუწიოს სუსტ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.