სერგეი დუდჩენკოს 10 წლით მიესაჯა პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ნიკოლაი მურნევს - შვიდი წლით. ორივე მათგანს უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ - წერს გამოცემა "კავკაზ რეალიი".
გამოძიების ვერსიით, 2022 წლის სექტემბერში დუდჩენკო გამოვიდა წინადადებით ხანძრები გაეჩინა სამხედრო კომისარიატებში პიატიგორსკში, ლერმონტოვში, ესენტუკიში და კისლოვოდსკში, რაზეც კიდევ ორი პირი იყო თანახმა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ გააკეთეს აალებადი ნივთიერება და მას ინახავდნენ, თუმცა არ გამოუყენებიათ. იმავე წლის 12 ოქტომბერს სამივე პირი დააკავეს.
დუდჩენკოსა და მურნევის გარდა, დააკავეს კირილ ბუზმაკოვი. ისინი ტელეგრამით მონაწილეობდნენ ბაიკერთა დახურულ ჩეტში, სახელად "1%", სადაც აკრიტიკებდნენ უკრაინაში ომს და რუსეთის ხელისუფლებას. ბუზმაკოვი შემდგომში გარდაიცვალა და მისი სიკვდილის მიზეზად "მემორიალი" მის წამებას ასახელებს.
ძალოვანი სტრუქტურების თვალსაწიერში ბაიკერები მოხვდნენ მას მერე, რაც დუდჩენკომ მოტოციკლით ერთკაციანი მსვლელობა მოაწყო, უკრაინის დროშით. ის დააკავეს და ჩხრეკის შემდეგ ბრალად დასდეს ნარკოტიკული ნივთიერებების, იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა. ბუზმაკოვს ბრალად წაუყენეს საბრძოლო მასალების შენახვა, მურნევს - ნარკოტიკების ყიდვა. მაშინ დუდჩენკოს 7,5 წლით მიესაჯა პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში, ბუზმაკოვს 3 წლით, გამოსასწორებელ კოლონიაში, მურნევს - სამი წლით, პირობითი პატიმრობა.
თუმცა მოგვიანებით აღიძრა ახალი საქმე, ტერორისტული აქტის მომზადებაზე. სამივე დაკავებული ბაიკერი აცხადებდა, რომ მათ აწამებდნენ - ერთ-ერთს, ბუზმაკოვს ისე სცემეს, რომ ენის და ყბის მოკვეთა გახდა საჭირო, მას აღარ შეეძლო ლაპარაკი და ჭამა, საკვებს მას ზონდით აწვდიდნენ. 2024 წლის მარტში ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. იმავე წლის ივნისში ბუზმაკოვი გარდაიცვალა.
მურნევი აცხადებდა, რომ მას იძულებით, წამების შედეგად მოაწერინეს ხელი "ტერაქტის მომზადების" აღიარებას. "დაიწყეს ძალიან ძლიერი ცემა, მირტყამდნენ თავზე, მემუქრებოდნენ, რომ მომკლავდნენ, თუ არ ვაღიარებდი. რა უნდა ვაღიარო, როცა არაფერი ჩამიდენია? 'თქვენ გინდოდათ ტერაქტის ჩადენა, შეიარაღებული თავდასხმა'. რომელი ტერაქტი? ოთხი შვილი მყავს - რა ტერაქტები? ამან ისინი არ დააკმაყოფილა - ელექტროშოკი ჩართეს და დიდხანს, ძლიერად მცემდნენ".
სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის გაჩენის დაგეგმვის საქმეში მეოთხე ბრალდებული იყო როსგვარდიის ყოფილი იარაღის ინსპექტორი, ვლადიმირ ბურმაი. მან "კავკაზ რეალიის" უთხრა, რომ დაპატიმრების პირველი ტალღის პერიოდში რუსეთიდან გამგზავრება მოასწრო და აშშ-ში იმყოფებოდა. 2023 წლის 9 მარტიდან მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.