განაკვეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წლის 22 მაისის შემდეგ დღემდე, 8%-ს შეადგენდა. ახალი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
განაკვეთის 8%-მდე შემცირებას 2024 წელს ეროვნული ბანკი დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ხსნიდა, ახლა კი ზრდას ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.
„გეოპოლიტიკური ვითარება“
ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების გამოცხადებისას მიუთითებს გლობალური ინფლაციის შოკზე:
„ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.
დასაბუთება ასეთია:
- „საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა.
- ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს.
- ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს“.
ასევე ნახეთ
საწვავი ჯერ არ გაიაფდება - რას ამბობენ კომპანიები და რას კითხულობს "ფასების კომისია"ინფლაციაც გაიზარდა
სები აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზე უკვე აისახა საწვავის ფასებში.
„აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა“, - წერს ეროვნული ბანკი.
ასევე ნახეთ
აპრილში ხორცი 10%-ით გაძვირდა, წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა - საქსტატი„ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა“, - მიიჩნევენ სებში.
„თუმცა, დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა“, - მიიჩნევს ცენტრალური ბანკი.
„ომი მეორე კვარტალში დასრულდება“?
სები 6 მაისსვე გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ მის მიერ განახლებული „ცენტრალური სცენარი მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მეორე კვარტალში დასრულებას“, - ესე იგი, 2026 წლის ივნისისათვის.
„თუმცა აღნიშნული დაშვება პირობითია და მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება“, - წერს ცენტრალური ბანკი.
„ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეოპოლიტიკური ვითარების დეესკალაცია აღნიშნულ პერიოდში მართლაც განხორციელდა, გლობალური მიწოდების სიმძლავრეების აღდგენის ხანგრძლივობა დამატებით გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.
რა მოხდება მომავალში?
ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით:
- თუ მაღალი ინფლაციის რისკი შენარჩუნდა, მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გამკაცრდება - ანუ რეფინანსირების განაკვეთი ზრდას გააგრძელებს;
- თუმცა, თუკი ინფლაცია მეტად არ გაიზრდება, „უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობა“ გამოჩნდება.
რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა
რეფინანსირების განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს.
შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი ძვირდება.
თუმცა განაკვეთის ზრდის/კლების ეკონომიკაზე ასახვას დაახლოებით 1-1.5 წელი სჭირდება.
როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება, - ეს კი, საბოლოოდ, სესხებზე მოთხოვნას ამცირებს.
სესხებზე შედარებით დაბალი მოთხოვნა, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს.
საქართველოში მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმთან უნდა იყოს თანხვედრაში, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის ხოლმე.
2018 წლიდან ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ისე წარმართავს, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს იყოს.
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა და ერთი წლის განმავლობაში ამ დონეზე შეინარჩუნა.
- განაკვეთის ეს მაჩვენებელი ისტორიულად მაღალი იყო.
- 2023 წლის მაისიდან ცენტრალურმა ბანკმა მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო, - ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ 0.25-ით და 2024 წლის მაისში 8%-მდე ჩამოვიდა.