„ფასების კომისიის“ მუშაობა ფინალისკენ მიდის - 30 აპრილს კომისია მეთერთმეტედ შეიკრიბა და ამჯერად ნავთობკომპანიებისგან მიიღო პასუხები, რა აძვირებს საწვავს და არსებობს თუ არა მისი გაიაფების რაიმე რესურსი.
სხდომა, ტრადიციულად, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გახსნა შესავლით, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საერთაშორისო ფაქტორებით, კერძოდ კი ჰორმუზის სრუტეში შექმნილი დაძაბულობით არის გამოწვეულიო:
„გვესმის, რომ 100%-თ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ იქნებ გვითხრათ, მომხმარებლისთვის საბოლოო ფასი როგორ დგინდება“, - ამ კითხვით მიმართა ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს.
კომისიას ესწრებოდნენ „ვისოლის“, „გალფის“, „რომპეტროლის“, „სოკარ ჯორჯიას“, „ლუკოილის“ და „ქონექთის“ წარმომადგენლები. ასევე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
„ფორმულა ერთია - გაძვირდება ნავთობპროდუქტები საყიდლად? გაძვირდება გასაყიდად“, - თქვა ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა.
დღეს თითქმის ყველამ საწვავის გაძვირების მთავარ მიზეზად, ირანის ომის გამო, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პრობლემები და საწვავის მიწოდების შეფერხება დაასახელა, რამაც ნავთობის საერთაშორისო ფასებზეც იმოქმედა.
კომპანია „ვისოლმა“ საწვავზე ფასები 10 მარტიდან გააძვირა. მათ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასმა მოიმატა 15%-ით. დიზელის ფასმა - 33%-ით.
„თუმცა, თუ საერთაშორისო ბაზარზე ზრდის ტენდენციას შევხედავთ, რეალურად, ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო 29%-ით, ხოლო დიზელი 42%-მდე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ვასილ ხორავამ.
მისი ინფორმაციით, ომის დაწყების მერე ნედლი ნავთობი გაძვირდა 60%-ით. ბენზინის ფასმა 54%-ით, ხოლო დიზელმა - 64%-ით მოიმატა.
მისივე განმარტებით, საწვავის ფასების წარმოქმნაში ორი ფაქტორი მონაწილეობს - ვალუტის გაცვლითი კურსი და საერთაშორისო "პლაცის" ნიშნული - ეს უკანასკნელიც, მისი თქმით, საგრძნობლად გაზრდილია.
"პლაცი", ნავთობპროდუქების იმპორტიორთა განმარტებით, საფონდო ბირჟის მსგავსი პლატფორმაა, საიდანაც ამ ინდუსტრიაში მყოფი ადამიანები იღებენ ფასიან ინფორმაციას, ნავთობპროდუქტებზე მიმდინარე საერთაშორისო ფასების შესახებ.
შოთა ბერეკაშვილი: აღგვიწერეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი - როგორ შემოგაქვთ და როგორ ადებთ საბოლოო ფასს პროდუქტს?
ვასილ ხორავა: ორი გზაა. ერთი - შავი ზღვით და მეორე, აღმოსავლეთიდან, რკინიგზით, გარდაბნის სასაზღვრო პუნქტის გამოვლით. იმპორტის ფასს, როგორც ვთქვით, "პლაცი" ადგენს. საზღვარზე, სადაც უკვე განბაჟება უნდა მოხდეს, ფასს გადასახადები ემატება. მათ შორის, ბენზინის შემთხვევაში, 500-ლარიანი აქციზი, ხოლო დიზელის შემთხვევაში - 400-ლარიანი აქციზი. ერთ ლიტრ საწვავზე აქციზის გადასახადი არის 37 თეთრი. შემდეგ ამას ემატება დღგ 18%. სხვა ლოგისტიკური ხარჯები, დაზღვევა, დისტრიბუცია, ტერმინალის ხარჯი და ა.შ.
შოთა ბერეკაშვილი: ანუ ფასის განმსაზღვრელი მაინც იმპორტის ფასია, ხომ? და 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი რა გამოდის?
ვასილ ხორავა: 3.50 – 3.65 ლარია ბენზინის ფასი და 4.12 – 4.20 დიზელის.
მანვე თქვა, რომ ბოლო ორ თვეში საწვავზე ფასები თანდათან და არა მყისიერად იმიტომ გაიზარდა, რომ ამ დრომდე კომპანიებს ჰქონდათ მარაგი.
„თუმცა ჩვენს ინდუსტრიას მაინც ადანაშაულებენ ფასების მყისიერ ზრდაში. ევროპაში ზუსტად ასე მოხდა“.
შოთა ბერეკაშვილი: მეც მაქვს ეგ მონაცემები. აი, მაგალითად, რუმინეთში დღეს საწვავზე 27%-ით მაღალია ფასი, ვიდრე ჩვენთან. ესტონეთში 34%-ით, ლატვიაში 32%-თ. დასავლეთ ევროპა არ მომყავს მაგალითად, რადგან იქ ფასები უფრო მაღალია.
„ვისოლის“ წარმომადგენელმა ისიც თქვა, ჩვენც რომ შოკურად გაგვეზარდა ფასი, ლიტრ საწვავზე დღეს 40-50 თეთრით ძვირი უნდა გადაგეხადათ, სინამდვილეში, ბოლო ორ თვეში, მომხმარებელმა საკმაოდ ბევრი დაზოგა:
„და ეს დანაზოგი, მარტო ჩვენი კომპანიის ხარჯზეა 37 მილიონამდე“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
საუბარში კომისიის წევრი ნინო წილოსანი ჩაერთო:
„ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოში უკეთესი კონკურენტული გარემოა? უფრო მეტი მარაგები გაქვთ და ამით შეინარჩუნეთ ფასი? სხვა რამე ხომ არ არის მიზეზი? ჩემთვის კი ძალიან კარგია, ასე რომ ახასიათებთ გარემოს, მაგრამ...
ვასილ ხორავა: გიდასტურებთ. ბოლო 25 წელია ვაკვირდები სფეროს და კონკურენცია დღეს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ხოლო სახელმწიფოს ინსტრუმენტების ჩარევა ბიზნესში - ყველაზე ნაკლები დოზითაა დღეს.
ამ პასუხის შემდეგ ნინო წილოსანი დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან შემოაქვთ საწვავი, რა ხარისხისაა ის და თუ კონტროლდება ხარისხი, რაზეც „ვისოლისგან“ პასუხად მიიღო, რომ ნავთობპროდუქტებით საქართველოს ამარაგებს ძირითადად 15-20 ქვეყანა.
მათ შორის, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ბელგია. აზერბაიჯანი.
„ჩვენი ძირითადი მომმარაგებელი რუმინეთია. მაგრამ ვინ აწარმოებს პროდუქტს, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფასი ყველგან "პლაცზე" დაყრდნობით დგინდება. თუმცა, ცხადია, რაც უფრო შორი ქვეყნიდან ხდება იმპორტი, მეტია ლოგისტიკური ხარკებიც. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენც მუდმივად ვამოწმებთ და სახელმწიფოც, მოულოდნელი წესით ამოწმებს საწვავის ხარისხს".
გიორგი შარაშიძე, „გახარია საქართველოსთვის“: რამდენდღიანი მარაგები გაქვთ და რეალურად, რა დროის განმავლობაში შეგიძლიათ ხოლმე, ამ რეზერვების ხარჯზე ძველი ფასის შენარჩუნება?
ვასილ ხორავა: 20-30 დღის მარაგი გვაქვს ხოლმე, როგორც წესი.
შალვა კერესელიძე, „გახარია საქართველოსთვის“: ამ კომისიაზე ვისაც კი მოვუსმინეთ, ყველამ თქვა, რომ ფასებს ვერ დააკლებენ. თქვენც იმავეს ამბობთ - როგორც უნდა გაძვირებულიყო, იმაზე იაფად ვყიდითო, ლამის სოციალურ ფასამდე გვაქვს დაყვანილიო... აქ ამისთვის ვართ და მაინტერესებს, ანუ ფასის შემცირების რამე შესაძლებლობა გაქვთ? მე მაინტერესებს, თქვენ გაქვთ ფასის შემცირების შესაძლებლობა? ან მართლა გჯერათ, რომ საქართველოში ჯანსაღი კონკურენციაა და კარტელური გარიგებები არ არსებობს? არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენს ადგილზე ასე არ ვისაუბრებდი, რადგან ეგ არ არის სიმართლე.
ვასილ ხორავა: წესიერება და პასუხისმგებლობა ჩვენი ამოსავალი წერტილია. ეს ინდუსტრია ძალიან გამჭვირვალეა და რომ შეაფასოთ, რა ფასად შემოგვაქვს საწვავი და რა ფასად ვყიდით, იტყვით, ალტრუისტები ხართო. და დიახ, ჩვენ ვყიდით გაცილებით იაფად, ვიდრე დღეს საერთაშორისო ფასია. ეს არის სიმართლე.
შალვა კერესელიძე: სიმართლე ისიც არის, რომ თქვენს კომპანიას ყველაზე მაღალი ფასი აქვს საწვავზე საქართველოს ბაზარზე.
„მეც ძალიან მაინტერესებს, როგორია ჩვენი საწვავის ხარისხი და როგორ განისაზღვრება ის, ან რით განსხვავდება ევროპული საწვავისგან?“ - იკითხა შოთა ბერეკაშვილმა.
„არაფრით“, - იყო „ვისოლის“ წარმომადგენლის პასუხი, - "ის ქარხანა, სადაც ჩვენ ვყიდულობთ ნავთობპროდუქტებს, გერმანიაშიც ყიდის პროდუქციას და სხვაგანაც. ეს არის „ევრო 5“ სტანდარტი და აბსოლუტურად თავსებადია ევროპულ ხარისხთან. ვინც საპირისპიროს ამბობს, მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში".
შემდეგი კომპანია, რომელმაც კომისიის კითხვებს უპასუხა, „გალფი“ და მისი ხელმძღვანელი, ქრეგ კრამერი იყო. „გალფი“ აცხადებს, რომ მას საწვავი ბელგიიდან შემოაქვს.
ქრეგ კრამერის თქმით, „გალფმაც“, ბაზარზე წნეხის შესარბილებლად, რეზერვები გამოიყენა და საწვავზე ფასები ეტაპობრივად გაზარდა.
„კონფლიქტი რომც დასრულდეს, ძველი ფასების დაბრუნებას მაინც დრო დასჭირდება“, - თქვა კრამერმა.
შოთა ბერეკაშვილი: როგორც მივხვდი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების პოლიტიკა არსებობდეს. შეიძლება ამ სარეზერვო ვადის გაზრდა? 20 დღიანი კი არა, მაგალითად, ორთვიანი რომ იყოს?
ქრეგ კრამერი: მნიშვნელოვანია, მაგრამ მაგ მარაგებს აქვს თავისი შენახვის ხარჯებიც. გაჩერებული თანხები, მაგალითად.
კითხვაზე, ბოლოს როდის გაიაფდა „გალფის“ ქსელში საწვავი, კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ 2025 წელს, 2024 წლის ფასებთან შედარებით საწვავზე ფასი 15-%-თ დაბალი იყო.
დაჯი კოვზირიძე, „გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანი არის გვქონდეს პასუხი - დაიკლებს თუ არა ფასები. და ამაზე ლაპარაკი დაიწყო დეკემბერში. დეკემბრის მერე ფასებმა აიწია 10-15 %-თ...
შოთა ბერეკაშვილი: საიდან მოგაქვთ ეს რიცხვები, რის საფუძველზე ამბობთ ამას? არ არის ეგრე.
დაჯი კოვზირიძე: საქსტატის მონაცემებია. მაცალეთ. იგივე კითხვა მაქვს, რაც სხვებთან, გვაძლევთ პირობას, რომ ფასებს დააკლებთ? ახლა უკვე 10%-თ კი არა, 20 %-თ, რადგან დეკემბრის მერე გაზრდილია ფასები.
დაჯი კოვზირიძის ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ისედაც ნათელი იყო, რომ პასუხი "არაა".
„რომპეტროლს“ საწვავის 100% სრულად რუმინეთიდან შემოაქვს.
კომპანიის წარმომადგენელმა მედეა წერეთელმა კომისიაზე განაცხადა, რომ მათ ქსელში, ბოლო ორ თვეში, ბენზინის ფასი გაიზარდა 13%-ით, ხოლო დიზელის - 31%-თ. მათთან - 1 ლიტრი ბენზინი (პრემიუმი) 38 თეთრით გაძვირდა.
„ესეც იმის ხარჯზე, რომ მარაგი გვქონდა. ფასების გაზრდა კი მხოლოდ 11 მარტიდან დავიწყეთ“.
ფასები აწია „სოკარმაც“, რომელსაც ფასწარმოქმნის იგივე სტრუქტურა აქვს, რაც სხვა კომპანიებს და როგორც მისი წარმომადგენელი, ნოდარ ყანჩაველი აღნიშნავს, მათ ქსელში ფასების ზრდა დაიწყო 1 მარტიდან.
„ჩვენთან ბენზინის ფასი გაიზარდა 15%-თ, როცა საერთაშორისო პლაცით გაიზარდა 54 %-თ. დიზელმა ჩვენთან მოიმატა 30%-ი%, როცა საერთაშორისო ბაზარზე ის 64 %-თ გაძვირდა. ჩვენ არ ვართ საწვავის მიმწოდებელი ქვეყანა და აქ ეს პროდუქტი იამზე იაფი ვერაფრით იქნება, ვიდრე იქ, სადაც ის მოიპოვება.
30-დან 50 თეთრამდე გააძვირა საწვავზე ფასები კომპანია „ქონექთმაც“.
კიდევ ერი კომპანია, რომელიც 30 აპრილის სხდომას ესწრებოდა, იყო „ლუკოილ ჯორჯია“, რომელიც, დღეს აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება და ამიტომ ის საწვავის იმპორტს ვეღარ ახერხებს. ამიტომ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 57 ბენზინგასამართ სადგურში ისინი ადგილზე, სხვა კომპანიებისგან ნაყიდ საწვავს ყიდიან.
"ჩვენ ვერც ფასს ვეღარ ვადგენთ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ახვლედიანმა.
სხდომის ბოლოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა თქვა, ფასები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ერთი, რისი თქმაც გადაჭრით შეიძლება ის არის, რომ საქართველოში, მისი გეოგრაფიდან გამომდინარე, "საწვავის დეფიციტი არასდროს გვექნებაო".
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე რესურსი, რამაც შესაძლოა, შეამციროს საწვავის ფასი? „ვისოლის“ წარმომადგენელმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე თვითმომსახურების ობიექტების გაზრდა, რაც საწვავის ფასს საშუალოდ, 8-10 თეთრით გააიაფებს (დღესაც, სადგურებზე, სადაც ეს ასეთი მომსახურებაა და ოპერატორი არ დგას, საწვავი რამდენიმე თეთრით იაფია).
თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ოპერატორები სხვა უკეთეს პოზიციებზე უნდა დასაქმდნენ და 1000 და 1500 ლარიან ხელფასზე აღარ იყვნენ თანახმა.
როგორც სხდომის ბოლოს შოთა ბერეკაშვილმა თქვა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მის წევრებს საბოლოო დასკვნას მალე გაუზიარებს, შემდეგ კი მას აღმასრულებელ ორგანოს გადაუგზავნის.
საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული ცდილობს დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება და ხომ არ მოქმედებს კარტელური გარიგებები. ეს კომისია მას მერე შეიქმნა, რაც გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რისი მიზეზიც მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.