ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩაშალა

6 მაისს რუსული დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ხარკოვი იყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა „სიჩუმის რეჟიმსა“ და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

ზელენსკის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევის მიერ 6 მაისს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დაიცვა, უკრაინა შემდგომ მოქმედებას განსაზღვრავს სამხედროებისა და დაზვერვის ანგარიშების საფუძველზე. რუსეთს დროებითი ზავი სურს 9 მაისისთვის, როცა მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმი უნდა ჩაატაროს.

  • 6 მაისიდან „სიჩუმის რეჟიმის“ გამოცხადება უკრაინის ინიციატივა იყო, რითაც მან უპასუხა რუსეთის განცხადებას, რომ 8-9 მაისს „დროებითი ზავი" იქნება „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების“ აღსანიშნავად.
  • მოსკოვს კიევის ინიციატივისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.
  • უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დარტყმები განაგრძეს 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან უკრაინის მიერ „სიჩუმის რეჟიმის“ გამოცხადების შემდეგაც.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 6 მაისის დილის ათი საათის მდგომარეობით რუსეთის არმიამ „სიჩუმის რეჟიმი“ 1820-ჯერ დაარღვია დრონებით, საავიაციო დარტყმებით და შტურმების მცდელობებით.

ასევე ნახეთ

უკრაინის მიერ გამოცხადებულ „სიჩუმის რეჟიმს“ რუსეთის მორიგი შეტევა მოჰყვა

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მკაფიოდ თქვა, რომ „სარკისებურად იმოქმედებს”, მედიით და სოციალური ქსელებით რუსეთის დაჟინებული მიმართვებისა და თხოვნის გათვალისწინებით, რომ მოსკოვში აღლუმის დროს სიჩუმე იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ყველა ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობა საჯარო ზეიმისთვის ცუდი დროა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეის მდგომარეობით რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩაშალა, უკრაინა კი შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს საღამოს, სამხედროებისა და დაზვერვის მოხსენებების შედეგად.

ასევე ნახეთ

კრემლმა „ტერორისტული საფრთხით“ ახსნა სამხედრო ტექნიკის გარეშე 9 მაისის აღლუმის ჩატარება

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 6 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 მაისის საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით და 108 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 89 რუსული დრონის მოგერიება და სამივე რაკეტით და 9 დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, 5 მაისის საღამოს ცხრა საათიდან 6 მაისის დილის შვიდ საათამდე 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ასევე ნახეთ

დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთში სიმძლავრით მეორე ქარხანამ - Reuters