Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიერ გამოცხადებულ „სიჩუმის რეჟიმს“ რუსეთის მორიგი შეტევა მოჰყვა

უკრაინის მიერ გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 მაისს საღამოს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კრამატორსკზე
უკრაინის მიერ გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 მაისს საღამოს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კრამატორსკზე

უკრაინის მიერ ფრონტზე 6 მაისიდან გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ ამოქმედებიდან მალევე, შუაღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა დაიწყეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით და მართვადი ავიაბომბებით შეტევა დაიწყო ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქების მიმართულებებით.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით 6 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვზე, სადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. დაზიანებულია სამი სახლი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა სამოქალაქო ავტომანქანაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ამ რეგიონის კრივოი-როგის, ნიკოპოლის და სინელნიკოვის რაიონებში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა და სასტუმრო.

  • უკრაინამ 6 მაისიდან ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმის“ გამოცხადებით უპასუხა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ 8-9 მაისს „დროებითი ზავი" იქნება „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების“ აღსანიშნავად.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მაისს განაცხადა, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუდარებლად დიდი ფასეულობაა, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმობა“, ამიტომ 5-დან 6 მაისის ღამით, 00:00 საათიდან „სიჩუმის რეჟიმს“ აცხადებენ და ამ მომენტიდან „სარკისებურად იმოქმედებენ“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა 5 მაისს საღამოს განაცხადა, რომ თუ კიევის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი იქნება, ის გაგრძელდება. რუსეთს უკრაინის ინიციატივისთვის ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

6 მაისს დილით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მოსკოვის მიერ ისევ „იგნორირებულია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ რეალისტური და სამართლიანი მოწოდება, რომელსაც მხარი დაუჭირეს სხვა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა”.

სიბიჰას თანახმად, ეს აჩვენებს, რომ „რუსეთი მშვიდობას უარყოფს, მის ყალბ მოწოდებებს 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტისკენ კი დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინს აღელვებს მხოლოდ სამხედრო აღლუმები და არა ადამიანების სიცოცხლე და მსგავს დამოკიდებულებას სჭირდება რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერება ახალი სანქციებით, იზოლაციით და დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებით და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ყველა სფეროში.

უკრაინის მიერ გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის“ ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, 5 მაისს საღამოს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებით და მართვადი ავიაბომბებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ზაპოროჟიეში, 6 - კრამატორსკში და 4 - დნიპროში. დაშავდა რამდენიმე ათეული. დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

5 მაისს რუსეთის ამ მასირებულ შეტევას წინ უძღოდა რაკეტებით და დრონებით უკრაინის შეტევა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, სადაც სამიზნეებს შორის იყო სამხედრო დანიშნულების და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელისუფალთა ინფორმაციით, ქალაქ ჩებოქსარიზე უკრაინის ძალების შეტევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 32 ადამიანი, დაზიანებულია 28 მრავალბინიანი სახლი. ჩუვაშეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

5 მაისს ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე. მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის ცნობით, ქალაქ ჯანკოიში 5 ადამიანი დაიღუპა. აქსიონოვს არ უთქვამს, რა იყო დარტყმის სამიზნე. ჯანკოიში რუსეთის სამხედრო საავიაციო ბაზა მდებარეობს.

პროუკრაინული ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო საკის სამხედრო აეროდრომზე და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზე ქალაქ არმიანსკში. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 6 მაისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 მაისის საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით და 108 უპილოტო საფრენი აპარატით. 6 მაისის დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 89 რუსული დრონის მოგერიება და სამივე რაკეტით და 9 დრონით პირდაპირი დარტყმა 8 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, 5 მაისის საღამოს ცხრა საათიდან 6 მაისის დილის შვიდ საათამდე ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, მოსკოვის რეგიონში, ყირიმში და შავი ზღვის თავზე 53 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG