შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, წერილს სწერს

ფოტო არქივიდან: მარცხნიდან პაველ ჰერჩინსკი და შალვა პაპუაშვილი

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი წერილს სწერს საქართველოში ევროკავშირის ელჩს.

პაველ ჰერჩინსკისადმი ვრცელ მიმართვაში შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მოუწოდებს, ევროპა დაუბრუნდეს იმ საწყის იდეალებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა - მშვიდობას, ერთიანობას, თანამშრომლობასა და ეროვნული იდენტობების პატივისცემას.

პაპუაშვილი ევროპის დღეს უკავშირებს რობერ შუმანის იდეებს და წერს, რომ ევროკავშირის თავდაპირველი მიზანი იყო მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან აცილება.

"ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება", - წერს შალვა პაპუაშვილი.

„ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება“, - განაცხადა რობერ შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაშიო, ამბობს შალვა პაპუაშვილი და ჰერჩინსკის სწერს:

"ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც. ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან".

ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს საქართველოსთვის იდეოლოგიური ან პოლიტიკური პირობების თავსმოხვევას.

"სწორედ ევროკავშირის ამ დამფუძნებელ სულისკვეთებასთან შეუთავსებლობას ავლენენ ისინი, ვინც მეტისმეტად ერთობიან დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. „რეჟიმის ცვლილების“ გეგმებით, აწესებენ ადამიანის ბუნებასთან შეუთავსებელ იდეოლოგიებს და ტრადიციებში არსებული განსხვავებების უგულებელყოფით, ცდილობენ ერთგვაროვანი ცხოვრების წესის დანერგვას".

პაპუაშვილის სიტყვებით, ევროკავშირმა გადაუხვია ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან და "საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე".

შალვა პაპუაშვილი კვლავინდებურად იმეორებს მანამდეც გაჟღერებულ ბრალდებებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვასთან დაკავშირებით და ამას საქართველოსთვის საფრთხედ მიიჩნევს.

წერილში ხაზგასმულია ქართველი ხალხის დიდი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში და აღნიშნულია, რომ ევროპის დღე არ უნდა გაემიჯნოს გამარჯვების დღეს, 9 მაისს.

"ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“, - წერს პაპუაშვილი.

მთავრობის განკარგულებით, წელს ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.

პაპუაშვილი ასევე იხსენებს ელჩის განცხადებას, რის გამოც ის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო დაბარებული და ჰერჩინსკის სწერს, რომ "შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ".

წერილის დასკვნით ნაწილში შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს, შეცვალოს რიტორიკა, შეწყვიტოს ზეწოლა და დაიწყოს თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან.

"საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება.

თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა - მშვიდობას, თანამშრომლობას და ერთიანობას, დაფუძნებულს ერების და მათი იდენტობის პატივისცემაზე", - წერს პაპუაშვილი.

ჰერჩინსკის და ევროკავშირის კრიტიკა

აპრილის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო ჰერჩინსკი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული თავისი განცხადების გამო - ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 23 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას და „წარსულში არ დაბრუნდება“. ახსენა სამოქალაქო ომიც.

ასევე ნახეთ

მომავალ თვეებში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპულ ქვეყნებს თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება - ევროკავშირის ელჩი

მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, "ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის".

ასევე ნახეთ

"განცხადებები ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს", - რა უთხრა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩს

მოგვიანებით, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩო საქართველოში და განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად".

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს".

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოკლედ

  • მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
  • ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
  • გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
  • 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
  • სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
  • პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
  • ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია;
  • განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

ასევე ნახეთ

"ევროკავშირის წინააღმდეგ მიზანმიმართული რიტორიკა ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას" - ევროკავშირის საელჩო