ევროკავშირის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით, შეხვედრაზე "შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ" და რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად".
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.
ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს წინსვლის სურვილი და სჯერათ, რომ "ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს".
ელჩის დაბარება საგარეო უწყებაში
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 27 აპრილს, უკომენტაროდ დატოვა. ელჩი უწყებაში დაბარებული იყო მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული თავისი განცხადების გამო. მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, "ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის".
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები მიმართულია საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დაზიანებისკენ.
რა თქვა პაველ ჰერჩინსკიმ?
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ხუთშაბათს, 23 აპრილს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას და „წარსულში არ დაბრუნდება“. ახსენა სამოქალაქო ომიც:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ელჩმა.
„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: „ნუ დაკარგავთ იმედს". ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, - განაცხადა მან.
ამ განცხადებიდან მალევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, თბილისის მერით დამთავრებული, განაცხადეს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო უწყებამ უნდა დაიბაროს.
- მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
- ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
- გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
- 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
- სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
- პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
- ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია.
- განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
ფორუმი