ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა. ელჩი უწყებაში დაბარებული იყო მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული თავისი განცხადების გამო. მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, "ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის".
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის გააცნეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები მიმართულია საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დაზიანებისკენ.
„ეს არის ჩვენი პოზიცია. შეუძლებელია, არ გავაცნოთ ელჩს, რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში. როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომლებსაც დგამენ. ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც მიუღებელია. ასეთ ნაბიჯებს ვერ აღვიქვამთ მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად. ურთიერთობებში თუ რამე არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში, უნდა გამოსწორდეს დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან სრულყოფილ დიალოგზე“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
მედიის შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა პაველ ჰერჩინსკის განმარტება, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. დღეს სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის მიუღებელი. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებაში, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს - კეთილსინდისიერ ურთიერთობაში".
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ევროკავშირის ელჩის დაბარების შესახებ დღეს, 27 აპრილს, განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.
მასშიც ნათქვამია, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პაველ ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე [ფოტოგამოფენა - "საქართველო ფოკუსში"] მის კრიტიკულ გამოსვლას.
რა თქვა პაველ ჰერჩინსკიმ?
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ხუთშაბათს, 23 აპრილს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „სწორ ტრაექტორიაზე“ არ იმყოფება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას და „წარსულში არ დაბრუნდება“. ახსენა სამოქალაქო ომიც:
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“, - განაცხადა ელჩმა.
„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ასეთია: „ნუ დაკარგავთ იმედს". ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, - განაცხადა მან.
ამ განცხადებიდან მალევე „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებმა, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, თბილისის მერით დამთავრებული, განაცხადეს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში საგარეო უწყებამ უნდა დაიბაროს.
- მმართველმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიიღო წყება კანონებისა, რომლებიც, მათ შორის, ბრიუსელის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას;
- ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება;
- გამკაცრდა წესები პროტესტის უფლებაზე, მათ შორის შეიზღუდა ტროტუარებზე დემონსტრაციები;
- 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „2028 წლამდე“ აღარ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში;
- სწორედ ამას მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები, შემდეგ მათი ძალის გამოყენებით ჩახშობა და მოგვიანებით საკანონმდებლო ცვლილებები;
- პასუხად ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი თბილისთან და შეუჩერა ფინანსური მხარდაჭერა;
- ევროკავშირმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად ფორმალურია.
- განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერებაც, ასევე პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
ფორუმი