უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მის მიერ 8-10 მაისს ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, განაგრძობს უკრაინული პოზიციების დაბომბვას.
მისი თქმით, 8 მაისს, დილის 07:00 საათის მონაცემებით, ფრონტზე არსებულ პოზიციებზე 140-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 შეტევითი ოპერაცია ჩაატარა, უმეტესად სლავიანსკის მიმართულებით, ასევე 850-ზე მეტი დარტყმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებით.
თავის მხრივ, უკრაინის საჰაერო ძალებმა 8 მაისის ღამეს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის მიმართულებით 67 დრონის გაშვების შესახებ განაცხადეს. ეს ჩვეულებრივზე ნაკლებია; თუმცა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტისას დარტყმები საერთოდ არ დაფიქსირებულა.
"ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ რუსეთს ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის იმიტაციის მცდელობაც არ ჰქონია. გასული დღე-ღამისა და დღევანდელი დღის მსგავსად, უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს“, - წერს ზელენსკი.
მანამდე, რუსეთმა ცალმხრივად გამოაცხადა 8 და 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღლუმის ჩაშლის შემთხვევაში, უკრაინას კიევის ცენტრზე მასირებული დარტყმით, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, „ადეკვატური რეაგირებით“ დაემუქრა.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩაშალაზელენსკი "სიჩუმის რეჟიმს" 6 მაისიდან სთავაზობდა, თუმცა რუსეთმა ის არ დაიცვა. კიევში აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან რეჟიმს ემხობიან და ეწინააღმდეგებიან ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხოლოდ იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინს საშუალება მიეცეს 9 მაისს მოსკოვში აღლუმი ჩაატაროს.
ასევე ნახეთ
უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს ისევ დრონებით დაარტყეს8 მაისის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ 300-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მონიტორინგის არხებისა და თვითმხილველების ცნობით, დარტყმები განხორციელდა, მათ შორის იაროსლავლში Славнефть‑ЯНОС-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ანექსირებულ ყირიმში - Красноперекопск- ის ელექტროქვესადგურზე, პერმში - Лукойл-Пермнефтеоргсинтез-ის საწარმოზე, როსტოვში - Эмпилс-ის ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, Радар-ის ფილიალია, ასევე - როსტოვის საჰაერო ნავიგაციის შენობაზე (შედეგად, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში 13 აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა).
თავდასხმა იყო გროზნოზეც. მოსკოვის ხელისუფლებამ კი რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებული დრონების ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის სულ 1365 შემთხვევა დაფიქსირდა.