Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს ისევ დრონებით დაარტყეს

7 მაისს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ დნიპროს
7 მაისს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ დნიპროს

გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიმდინარეობდა როგორც უკრაინაზე, ისე რუსეთზე. 7 მაისის დილიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, უფრო მასშტაბური შეტევა რუსეთზე იყო.

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ინფორმაცია ამ შედეგების შესახებ სოციალური ქსელებით გაავრცელა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 6 მაისს ღამით დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 6 მაისის საღამოს შვიდი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 102 უპილოტო საფრენი აპარატით. 7 მაისის დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 92 რუსული დრონის მოგერიება და რვით პირდაპირი დარტყმა ექვს ადგილზე.

განახლება: უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევა გაგრძელდა 7 მაისს, დილის რვა საათის შემდეგაც. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქის ნოვობავარის რაიონში დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაზიანებულია 38 კერძო სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიჭრა ხერსონის ოლქში.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე მორიგი დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ხარკოვის ოლქების ნაწილს.

გასულ ღამით დრონებით შეტევის საფრთხის რეჟიმი იყო გამოცხადებული რუსეთის 20-ზე მეტ რეგიონში.

7 მაისს გამთენიისას ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა სოციალური ქსლებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ბრიანსკში დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ორ მრავალსართულიან კორპუსში დაზიანებულია 20-ზე მეტი ბინა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, შჩებეკინოს რაიონში ერთ-ერთი საწარმოს მიკროავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა

ტვერის ოლქის გუბერნატორ ვიტალი კოროლიოვის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ რჟევში დაზიანებულია 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც 350 ადამიანია ევაკუირებული.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევის საფრთხის გარდა, რამდენიმე საათის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის რეჟიმიც იყო გამოცხადებული ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის თათრეთის და ჩუვაშეთის რესპუბლიკებში და სამარის, სარატოვის და პენზის ოლქებში.

განახლება: ტვერის ოლქის ქალაქ რჟევში დრონებით შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ობიექტები იყო. დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დრონებით შეტევისას დაზიანებული სახლი დაახლოებით ერთ კილომეტრშია ქარხანა „ელექტრომექანიკიდან”, რომელიც პროდუქციას აწარმოებს საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური და ენერგეტიკის დარგებისთვის და დაახლოებით ორ კილომეტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 55-ე არსენალიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 6 მაისის საღამოს ცხრიდან 7 მაისის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 347 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ჩამონათვალში იყო რუსეთის 20 რეგიონი, მათ შორის მოსკოვი და ანექსირებული ყირიმი და შავი, აზოვის და კასპიის ზღვების აკვატორიები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინისგან განსხვავებით, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ტელეგრამ არხზე ღამის სამიდან დილის შვიდ საათამდე გამოქვეყნებული ცნობებით, განადგურებული იყო დედაქალაქისკენ მიმავალი ათამდე უკრაინული დრონი. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ ნარო-ფომინსკში. ამ ქალაქში მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საწარმოო-ლოგისტიკური ცენტრი.

სობიანინის ტელეგრამ-არხზე 7 მაისის დილის შვიდი საათიდან დღის თორმეტ საათამდე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, განადგურებული იყო მოსკოვისკენ მიმავალი კიდევ 20-ზე მეტი დრონი.

6 მაისს უკრაინამ მის მიერ გამოცხადებული „სიჩუმის რეჟიმის" დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთი, რომელიც თავის მხრივ, დროებითი ზავის გამოცხადებას 8-9 მაისს აპირებს „დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 81-ე წლისთავისა და მოსკოვის წითელ მოედანზე დაგეგმილი აღლუმისთვის.

რუსეთი კიევის ცენტრზე დარტყმით იმუქრება, თუ უკრაინა 9 მაისის აღლუმის ჩაშლას შეეცდება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მაისს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ვითარება იქნება ღამით და სამართლიან პასუხებს განსაზღვრავს.






ფორუმი

XS
SM
MD
LG