უნგრეთის პოლიტიკური პარტია "ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა ოფიციალურად დადო ფიცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში.
ცერემონიიდან რამდენიმე წუთში მადიარმა განაცხადა, რომ უნგრელებმა მის პარტიას მისცეს მანდატი ქვეყანაში "ახალი თავის" დაწყებისთვის. "მანდატი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სისტემის შეცვლისთვისაც. ყველაფრის თავიდან დასაწყებად" - თქვა უნგრეთის ახალმა პრემიერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში უნგრეთი გადაიქცა ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ წევრ სახელმწიფოდ. მადიარმა თანამდებობებზე ორბანის ეპოქაში დანიშნულ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა გადადგომისკენ და მიმართა თხოვნით ეს ნაბიჯი თვის ბოლომდე გადადგან.
პარტია "ტისამ" დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება უნგრეთში 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ამ პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პარტიას ერგო 141 მანდატი 199 ადგილიან პარლამენტში - რითიც მან საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.