ტროტუარზე პროტესტის საქმეზე ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბუკა პეტრიაშვილი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე (ბუკა) პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ. მას ედავებოდნენ 2025 წლის 17 დეკემბერს ტროტუარზე პროტესტის დროს „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“.

„არცერთ შემთხვევაში მე თავს სამართალდამრღვევად არ მივიჩნევ, ამ სრულიად უგუნური, არალეგიტიმური კანონის გათვალისწინებითაც კი. სისტემას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს ადამიანი, ვისაც აქვს პროტესტის გამოხატვის სურვილი. არ მინდა ამის თქმა, რომ „გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში“, ბევრი მაქვს მეც გაკეთებული, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ გადაწყვეტილებას ჩემი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ“, - თქვა ბუკა პეტრიაშვილმა, წერს „ნეტგაზეთი“.

პეტრიაშვილის უფლებას იცავდა ადვოკატი ირაკლი აბესაძე. მისი თქმით, ახალი კანონი, მისი რეპრესიულობის, „არაკონსტიტუციურობის გათვალისწინებითაც კი“, პეტრიაშვილს არ დაურღვევია.

ასევე ნახეთ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბუკა პეტრიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია:

„ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ციხეში გაუშვეს ტროტუარზე დგომისთვის. ამაზე სისულელე არ დამიწერია ჯერ. უბრალოდ, მართლა ეგრე მოხდა“.

ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლიდან არაერთი კანონი მიიღო, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუარესეს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო გარემო.

შეზღუდვები შეეხო გამოხატვის თავისუფლებასაც. მათ შორის, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი. აქციის გამართვამდე აუცილებელი გახდა შსს-ს ინფორმირება, გზის გადაკეტვისთვის ან ტროტუარზე პროტესტისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა. იმავე წესის დარღვევისთვის კი შსს-ს შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

გამკაცრებული კანონით ათობით ადამიანს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.