შეერთებულმა შტატებმა შეამცირა ევროპაში ამერიკული საბრძოლო ბრიგადების რიცხვი

პენტაგონის შენობა ვაშინგტონში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხიდან სამამდე შეამცირა ევროპაში თავისი საბრძოლო ბრიგადების რიცხვი. პენტაგონის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპაში ამერიკული ბრიგადების რიცხოვნობა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა.

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, შონ პარნელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შედეგია მრავალმხრივი და მრავალდონიანი პროცესის, რომელიც მიმართულია ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრისკენ და ამის გამო დროებით შეფერხდა პოლონეთში ამერიკული სამხედრო ძალების განთავსება.

  • შეერთებული შტატების მიერ პოლონეთში საბრძოლო ბრიგადის განთავსების შეჩერებაზე დასავლეთის მედია ერთი კვირის წინ წერდა.

შონ პარნელის თანახმად, ევროპაში ამ და სხვა ამერიკული სამხედრო ძალების დისლოცირების საკითხი საბოლოოდ გადაწყდება შეერთებული შტატების სტრატეგიული და ოპერატიული საჭიროებების შემდგომი ანალიზის საფუძველზე და ევროპის თავდაცვაში წვლილის შესატანად მოკავშირეთა შესაძლებლობების მიხედვით.

აშშ აცხადებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ნატოელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ.

პენტაგონის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთი 19 მაისს ესაუბრა პოლონეთის ვიცე-პრემიერ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს და ანალიზის პროცესშიც პოლონეთთან მჭიდრო კონტაქტი იქნება, მათ შორის ამ ქვეყანაში აშშ-ის ძლიერი სამხედრო ყოფნის შესანარჩუნებლად.

ასევე ნახეთ

გერმანია გამოდის ევროპის თავდაცვის გაძლიერების მოწოდებით, აშშ-ის მიერ კონტინგენტის შემცირების ფონზე

გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 13 მაისს დაწერა, რომ პენტაგონმა მოულოდნელად შეაჩერა პოლონეთში ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსების პროცესი.

მაისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა 5000-ით შეამციროს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნატოელი მოკავშირეების, მათ შორის გერმანიისადმი პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაეხმარნენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში.

მანამდე დონალდ ტრამპი ევროპას აკრიტიკებდა თავდაცვის მიზნებისთვის არასაკმარისი ხარჯების გამო და არაერთხელ თქვა, რომ შესაძლოა, განიხილოს ნატოდან აშშ-ის გასვლის საკითხი.

ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა, ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა გრინკევიჩმა 19 მაისს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანა ალიანსის თავდაცვისუნარიანობას არ დააზიანებს. ამჟამად ევროპაში დაახლოებით 80 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

ამერიკელი გენერლის თქმით, ნატოს ევროპული ღერძის განმტკიცებასთან ერთად აშშ-ს ექნება შესაძლებლობა, ევროპაში თავისი სამხედრო კონტინგენტი შეამციროს და შემოიფარგლოს მხოლოდ იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსებით, რომლებსაც მოკავშირეები ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფენ და ეს პროცესი რამდენიმე წელს გასტანს.

ევროპის თავდაცვამ და უსაფრთხოებამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები აცხადებენ, რომ გაითვალისწინეს ტრამპის მოწოდებები თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და კონტინენტის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღების შესახებ, თუმცა შიშობენ, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა გაზრდის ევროპაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მსგავს განზრახვას უარყოფს.