მოსამართლემ შეწყვიტა ფოტოგრაფ მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ დაწყებული "გზის გადაკეტვის“ საქმე

მარიამ ძიძარია. ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" ფოტორეპორტიორი

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ შეწყვიტა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ფოტოგრაფის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმის განხილვა.

  • შსს „ნეტგაზეთის“ ფოტოკორესპონდენტს, მარიამ ძიძარიას, 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“ მუშაობის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა. ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის ადმინისტრაციული დევნის გამო.


შეწყვეტამდე მოსამართლემ რამდენჯერმე გადადო საქმის განხილვა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის ბოლო ცვლილებებით, „დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. ამისთვის 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა შსს მედიის წარმომადგენლების სამართალდამრღვევად ცნობას მოითხოვდა, თუმცა ამ დრომდე ცნობილ ყველა შემთხვევაში მოსამართლემ საქმისწარმოება შეწყვიტა:

  • 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმისწარმოება ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის „გზის გადაკეტვის“ საქმეზე.

ასევე ნახეთ

ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყდა
  • მანამდე მოსამართლე დავით მაკარიძემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება.
  • კიდევ ერთმა ​მოსამართლემ, თორნიკე კაპანაძემ, 2 აპრილს შეწყვიტა ონლაინგამოცემა "ტაბულის" ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.

კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).