Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყდა

გადაწყვეტილება 21 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.
გადაწყვეტილება 21 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმისწარმოება ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის „გზის გადაკეტვის“ საქმეზე.

გადაწყვეტილება სამშაბათს, 2026 წლის 21 აპრილს, მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ნინია კაკაბაძემ, - რომელიც „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტია, - 2025 წლის 3 ნოემბრის ღამეს, როცა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციას აშუქებდა, შეკრებისა და მანიფესტაციების წესი დაარღვია.

  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის ბოლო ცვლილებებით, „დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“;
  • ამისთვის 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი - 1 წლამდე პატიმრობა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 27 მარტს განიხილა საქმე და გადაწყვეტილების გამოტანა 21 აპრილისთვის დააანონსა, დღეს, 21 აპრილს კი, საქმისწარმოება შეწყვიტა.

27 მარტის სასამართლო სხდომაზე მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ ნინია კაკაბაძე 2025 წლის 3 ნოემბერს გზას კეტავდა.

მას მოსამართლემ ჰკითხა, შენიშნა თუ არა, რომ ნინია კაკაბაძე იღებდა კადრებს ან იდენტიფიცირდებოდა თუ არა, რომ ჟურნალისტი იყო.

პოლიციელმა უპასუხა, რომ გზაზე გადასვლის დროს დაინახა, რომ ნინია კაკაბაძეს ხელში ეჭირა ტელეფონი და იღებდა და ასევე იყო მომენტი, როცა ამას არ აკეთებდა.

კაკაბაძის ადვოკატი ილონა დიასამიძე წერს, რომ „ოქმის შედგენიდან საქმის სასამართლოში განხილვის ბოლო წუთამდე შსს-მ იცოდა, რომ ედავებოდა ჟურნალისტს, რომელიც ამ სულელურ კანონსაც კი ვერ დაარღვევს, მაგრამ საქმე მაინც არ გაიხმო“.


  • მანამდე მოსამართლე დავით მაკარიძემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება.
  • კიდევ ერთმა ​მოსამართლემ, თორნიკე კაპანაძემ, 2 აპრილს შეწყვიტა ონლაინგამოცემა "ტაბულის" ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოებაც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG