კარაპეტიანის ძმისშვილს რუსეთის მოქალაქეობის „დამალვაში“ სდებენ ბრალს

სომხეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნარეკ კარაპეტიანს ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსი-სომეხი მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის ძმისშვილს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს, ნარეკ კარაპეტიანს, სომხეთის ხელისუფლება „უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამალვას“ ედავება.

20 მაისს სომხეთის „საგამოძიებო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, ნარეკ კარაპეტიანმა, - რომელიც პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია, - „მიზანმიმართულად დამალა ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ“.

რომელი ქვეყნის მოქალაქეობაზეა საუბარი, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციაზე.

ბიძამისი, სამველ კარაპეტიანი, არის სომხეთის, რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქე. სამველ კარაპეტიანის თქმით, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობის პროცედურები უკვე დაწყებული აქვს.

ასევე ნახეთ

სომხეთში მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს

3 წლამდე პატიმრობა

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 449-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსის მიღებაში ხელისშემშლელი ინფორმაციის დამალვას.

ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, სომხეთში პოლიტიკური თანამდებობის დაკავება მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია.

ნარეკ კარაპეტიანი ბრალდებას უარყოფს და ხელისუფლებას „ყალბი ამბების გავრცელებაში“ სდებს ბრალს. 20 მაისს მან ფეისბუკზე დაწერა:

„ყალბი ამბები“

„ფაშინიანმა, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა სიმშვიდე და ორიოდე დღის წინ ქუჩაში ქალებს ხელით შეეხო, გააცნობიერა, რომ ხალხმა მისი ნამდვილი სახე დაინახა. მისმა გუნდმა, რომელმაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩვენზე ადრე იცოდა, ყალბი ამბების გავრცელება დაიწყო“.

ასევე ნახეთ

„გავანადგურებ რობს, კალუგელ კაცს, სერჟს და გაგოს“ - ფაშინიანი ოპოზიციონერებზე მოქალაქესთან დაპირისპირებისას

მისი თქმით, ბრალდების მიზანია ფაშინიანისადმი აგორებული კრიტიკისგან საზოგადოების ყურადღების გადატანა.

  • 18-19 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ერევანში, არაბკირის რაიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა, რასაც პრემიერის გაცხარება მოჰყვა.
  • ფაშინიანი თვეებია ქუჩებში დადის; ბოლო პერიოდში, არჩევნების მოახლოების პარალელურად, მსგავსი ინციდენტები იმატებს.

ასევე ნახეთ

ერევნის ერთ-ერთ ტაძარში ფაშინიანთან დაპირისპირების გამო სამ პირს ბრალი წაუყენეს

19 მაისს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა დოკუმენტი ერთ-ერთი კომპანიის შესახებ, რომელშიც ნარეკ კარაპეტიანი ფლობს წილს.

ამ დოკუმენტში ნარეკ კარაპეტიანის გასწვრივ, მოქალაქეობის გრაფაში წერია „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე“.

სიმონიანმა საჯაროდ იკითხა: „არის თუ არა ნარეკ კარაპეტიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე?“

დოკუმენტის წარმომავლობა გაურკვეველია და ასევე გაურკვეველია, თუ როგორ აღმოჩნდა ის სიმონიანის ხელში.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა კარაპეტიანს „უტვინო აგენტი“ უწოდა, კარაპეტიანმა კი თქვა: „ერთად დავასრულებთ ბოროტებას“